მთავარი»Uncategorized»ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით: ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის

1
გაზიარებები
Pinterest Google+

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კომენტარი გააკეთა „დაიცავი ძველი ბათუმის“ წერილზე, რომლითაც ბათუმის მერს მოუწოდებენ, ისტორიული სახლების ნგრევა არ დაუშვას. რიჟვაძე ამბობს, რომ ძეგლებთან დაკავშირებით არცერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მისივე თქმით, ამ ტიპის შემოტევების შედეგად“ გადაწყვეტილებებს არ შეცვლიან.

„ყველა უწყება კომპეტენციების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებებს, მათ შორის, თვითმმართველობა, ზონალური საბჭო და ყველა ის უწყება, რომელიც ერთიან მმართველობაში შემოდის. ამავე დროს, მოვუწოდებ, რომ კონკრეტული ფაქტებით ვისაუბროთ – სად ხდება კორპუსების ჩადგმა, სად არის ძეგლებთან დაკავშირებით არათანმიმდევრული ან უკანონო გადაწყვეტილება მიღებული.

რაც მაქვს ძეგლებთან დაკავშირებით მოკვლეული, არც ერთი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, განსაკუთრებით კი, ძეგლების ნგრევასთან დაკავშირებით.

ყველანი ნახავთ, რომ წელს და მომდევნო წელსაც, მათ შორის კულტურული ისტორიული მემკვიდრეობის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გატარებული და კიდევ უფრო მეტი ძეგლის რესტავრაცია განხორციელდება.

ამავე დროს, ჩვენ ვმოქმედებთ ძალიან მარტივი პრინციპით – ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. არ ვაპირებთ ამ ტიპის შემოტევების შედეგად გადაწყვეტილებები შევცვალოთ.

ყველა გადაწყვეტილება იქნება კანონის შესაბამისი ამ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

„დაიცავი ძველი ბათუმის“ წევრები ბათუმის მერის, ლაშა კომახიძისადმი ღია წერილში აღნიშნავენ, რომ უკმაყოფილოები არიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან არსებული ე.წ. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებებით, რომლებსაც არა მხოლოდ დაუსაბუთებელად, არამედ ქალაქისთვის საზიანოდაც მიიჩნევენ.

საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, ე.წ. ზონალურმა საბჭომ 2019 წლის 8 თებერვალს, ერთ დღეში გადაწყვიტა, ისტორიული დაცვის ზონაში რამდენიმე სახლი დაანგრიოს. ღია წერილის ავტორები ბათუმის მერისგან ითხოვენ, ე.წ. ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებები მიიჩნიოს მხოლოდ რეკომენდაციად და უპირობოდ არ გაითვალისწინოს.

„მოგიწოდებთ, ბათუმის ისტორიული დაცვის ზონაში მშენებლობების ნებართვის გაცემაზე გამოაცხადოთ მორატორიუმი, სანამ ისტორიულ ზონას არ ექნება სპეციალური მარეგულირებელი დოკუმენტი“, – ნათქვამია „დაიცავი ძველი ბათუმის“ ღია წერილში.

reginfo.ge

წინა პოსტი

დაფეხმძიმდა ალუჩა, აბორტს ითხოვს ლეღვი, რა ქნა ამ დროს არჩილამ? - გამოძერწა ლექსი

შემდეგი პოსტი

მოგიწევთ ჩემი კუთვნილი სახელფასო კომპესაციის გადახდა, სასამართლოში შეგხვდებით