საზოგადოება

„სუ აქ მირტყეს, ქურთი და კონსერვატორიაო?!“ – რა მოხდა თბილისში 30 წლის წინ, კომენდანტის საათის დროს?

სოციალური ქსელის მომხმარებელი გია მეჩიტაშვილი (იმე დიანი) 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, თბილისში, კარანტინის საათის დროს მომხდარ ისტორიას იხსენებს:

 „კომენდანტის საათზე ერთი ისტორია გამახსენდა.
ერთი ქურთი მეგობარი მყავს თეკო. თეკო (თენგიზა) მუსკომედიის ორკესტრში უკრავდა საყვირზე. მამამისს დასუფთავების მანქანაზე უმუშავია. იმდროინდელ თბილისში ეს ე.წ. ნაგვის მანქანები საყვირით ან ზარით ატყობინებდნენ მოსახლეობას მათ ქუჩაზე შესვლას. ხალხსაც გამოჰქონდა ოჯახიდან ნაგავი და პირდაპირ მანქანის რეზერვუარში ყრიდა. ხოდა პატარა თეკოც იჯდა მამის გვერდზე კაბინაში და საყვირზე უკრავდა. ბავშვს ნიჭი და მესაყვირეს ტუჩი განუვითარდა. გაიზარდა თეკო და მისი ეს ნიჭი მავანმა შენიშნა და მას კონსერვატორიაში ჩააბარებინა. მოკლედ ჩამოყალიბდა თეკო პროფესიონალ მუსიკოსად.
1989 წლის 11 აპრილს ( 9 აპრილის შემდეგ) მაშინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოგვიცხადა. თეკო ამ დროს თავის ძმასთან იყო პლეხანოვზე და თვითონ ცხოვრობდა ვარანცოვზე. ხოდა მოუწია ღამით გამოსვლა, რომ სახლში წასულიყო. დაიჭირა პატრულმა და განყოფილებაში მიაბრძანა. მერე უკვე მისი მონაყოლი.
__მომიწყეს დაკითხვა ტოოო, თან მცემეს. (ბლატაობს).
_ ცემით რატო გცემეს? ვკითხეთ მუსკომედიის ბაღში მის გარშემო შეკრებილმა ძმაკაცებმა.
__ რა ვიცი, სუ აქ მირტყეს,- თქვა და ხელი კეფაზე დაიდო.
__ რატო ტოო?
__ ბიჭო ერთი მეკითხება, მეორე წერს რაღაცას.
__ მერე.
__ შენი სახელი გვარიო_ვუთხარი, სად ცხოვრობ_ვუთხარი. სად იყავი_ვუთხარი, სად მიდიოდი ვუთხარი.
__ მერე მაგიტო გცემეს?
_ არა ტოო, ერთი მეკითხება განათლება_ უმაღლესი. აქ გაბრაზდა, ქურთი და უმაღლესიო. რა დაამთავრეო, კონსერვატორია თქო ….აქ თქაფ და მომხვდა. ქურთი და კონსერვატორიაო?! თან იცინოდნენ.
__ ეხლა სად მუშაობო მკითხეს.
__მუსკომედიის თეატრის და საქართველოს რადიოს ორკესტრებში ვუკრავო-ვუთხარი. აი აქ უკვე სამი მირტყავდა, როგორ დაგვცინისო.
__ აბა თუ ეგრეა, მუსკომედიის ერთი სპექტაკლი მაინც გვითხარიო_მკითხა ერთმა. მეც ავდექი და ყველა ჩამოვთვალე. დანარჩენებმა ვინც მკითხა, იმას შეხედეს, რომ გაეგოთ მართალს ვამბობდი თუ არა.
__ ვა, მართალი ყოფილა ტოოო! ჩვენ კიდე ტყუილად ვცემეთ.
__ აუ ძმურად, სახლში მიმიყვანეთ და ხმას არავისთან ამოვიღებ, რომ მცემეთ-დავიჭირე მომენტი.
__ ხო კარგი, მანქანა მოვა რეიდიდან და გაგიყოლებთ. მითხრეს და ისევ სიცილი აუტყდათ.
თეკო ძალიან კარგი ადამიანია. ახლა არ ვიცი სად არის, რას აკეთებს. გულიანი ბიჭია. იმ საშინელი 9 აპრილის დღეებში საქართველოს დროშით ხელში ჩვენს გვერდით იდგა. ის კი არა და სოლიდარობის გამოსახატად, ქურთების ჯგუფი მოიყვანა და რაღაც მომენტში ქურთული ცეკვა-თამაშიც გამართეს. ეს 7 აპრილს იყო“ – წერს გია მეჩიტაშვილი. 
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close