Slider

„სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამადეც და მის შემდეგაც იყო და არის საქართველოს ტერიტორია“

 

ულტიმატუმის ვადა ამოწურულია – ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მოთხოვნა დღეს, დილის 6 საათამდე გაუქმებულიყო ქართული ბლოკპოსტი, უარყოფილია. სოფელ ჩორჩანაში დილიდან იმყოფებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა სახელწიფო უწყებების თანამშრომლები.

ამ წუთებში სოფელ ჩორჩანასთან ვითარება მშვიდი და სტაბილურია. ოკუპირებულ სოფელ წნელისთან დილიდან მხოლოდ რამდენიმე ე.წ. მესაზღვრე გამოჩნდა. ქართული პოლიციის საგუშაგოს მოწყობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დროისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია. მიმდებარე ტერიტორია დატოვა მძიმე სამშენებლო ტექნიკამ.

პროცესს ადგილზე აკვირდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. დილიდან სოფელ ჩორჩანასთან იმყოფებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. მათი შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის ბოლოდროინდელი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.

მოლოდინი გვაქვს, რომ აღნიშნული საკითხი დარეგულირდება ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, – ამის შესახებ საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახა ქემოკლიძემ სოფელ ჩორჩანასთან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ჩვეულებრივი ინციდენტი, რომელიც საჭიროებს ძალიან პრაგმატულ, მშვიდ, წყნარ მიდგომას და ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური ინსტრუმენტების გააქტიურებას, რათა მოხდეს აღნიშნული საკითხის მშვიდად და წყნარად დარეგულირება. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ვითარება ადგილზე არსებულ პროცესს ნამდვილად არ აჯანსაღებს. ნებისმიერი მოლაპარაკებების ფორმატში, როდესაც ულტიმატუმებით ხდება პოზიციების დაფიქსირება, ეს უკვე პრობლემაა. დიდი იმედი გვაქვს, რომ დღის ბოლომდე დე ფაქტო ხელისუფლება ერთის მხრივ პოზიციას შეარბილებს და მეორე მხრივ, გაითვალისწინებს იმ ფაქტობრივ მოცემულობას, რომელიც ადგილზეა და ეს ფაქტობრივი მოცემულობა არის ძალიან მარტივი – ხაშურის რაიონში მდებარე სოფელი ჩორჩანა 2008 წლის ომამადეც და მის შემდეგაც იყო და არის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია“,- განაცხადა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, ის, რომ თითქოს დღეს გამოჩნდნენ აქ ქართველი პოლიციელები, არის აბსოლუტურად არარეალური, რადგან ქართველი პოლიციელები აქ ყოველთვის მოძრაობდნენ, მაგრამ ამ ადგილზე არ იყო პოლიციის საგუშაგო.

ცხინვალის დეფაქტო რეჟიმმა საქართველოს ულტიმატუმი 29 აგვისტოს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე წაუყენა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ ბლოკპოსტის დაშლა და საქართველოსგან პროვოკაციების შეწყვეტა მოითხოვა. ულტიმატუმის გამხმოვანებელი ეგორ კოჩიევი იყო, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართული ბლოკპოსტი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა განთავსებული. დე ფაქტო რეჟიმი იმუქრებოდა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეასრულებს მათ მოთხოვნას, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ყველა კანონიერ ზომას მიიიღებს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის და საზღვრის დაცვისთვის“.

სოფელი ჩორჩანაში 29 აგვისტოს გვიან ღამით საოკუპაციო ძალების ჯავშანტექნიკა გამოჩნდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიზეზით ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში 95-ე სამუშაო შეხვედრა ჩაიშალა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close