სამართალი

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა, მათ შორის 4 მსხვილი ნარკორეალიზატორია. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ნარკორეალიზატორებისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

ბოლო პერიოდში სამართალდამცველებმა მსხვილი ნარკორეალიზატორები დააკავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

მიმდინარე წლის 30 ივლისს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სოფელ ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში, კომპლექსურად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ასაღებდნენ. დაკავებულები არიან: 1983 წელს დაბადებული ე.ი., 1993 წელს დაბადებული ე.ე., 1990 წელს დაბადებული ს.ჯ. და 1975 წელს დაბადებული რ.მ.. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა. ასევე, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ასევე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის ფონიჭალაში დაკავებულია წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი პირი. 1989 წელს დაბადებული ა. მ.-ს პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული ნივთიერება, ჰეროინი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრმლებთან ერთად, საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენონით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა.

მიმდინარე წლის 27 ივლისს, სამართალდამცველებმა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, 1978 წელს დაბადებული, სამხრეთ აფრიკის მოქალაქე ვ.ს. დააკავეს, რომელიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანას ცდილობდა. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას 20 კილოგრამი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღო. აღნიშნული დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვისა და განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 273-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 21 კილოგრამი “ჰეროინი”, 7000 აბი “სუბუტექსი” და “სუბოქსინი”, 3200 აბზე მეტი “ექსტაზი”, 8.8 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება, 1 კილო და 900 გრამი კოკაინი და 900 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close