მთავარი»სამართალი»„შსს ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს“ – რას ამბობს კალანდიას დაკავების შემდეგ მაია ნიკოლეიშვილი

„შსს ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს“ – რას ამბობს კალანდიას დაკავების შემდეგ მაია ნიკოლეიშვილი

9
გაზიარებები
Pinterest Google+

 

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომლის ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნამაც ხორავას საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გარდატეხა მოახდინა, „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ შსს ამ საქმის გამოძიებას ბოლომდე მიიყვანს. მაგრამ არ აკონკრეტებს, რა ინფორმაციის საფუძველზე აცხადებს ამას.
ექსპერტი არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს, რომლითაც წინა ინსტანციის მიერ განსაზღვრული სასჯელი ბრალდებულებს დაუმძიმდათ.
პირველ ინსტანციაში კი ნიკოლეიშვილის დაკითხვის შემდეგ განაჩენში დაიწერა, რომ სასამართლომ ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა არ გაიზიარა. თუმცა, საზოგადოების განწყობით ეს მხოლოდ ფორმალური ჩანაწერი იყო, სინამდვილეში კი მოსამართლის თვითრწმენაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც ბრალდებულებიდან ვერცერთს დაუმტკიცდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა.
ექსპერტიზის დასკვნა უცვლელი დარჩა საქმის მასალებში, მაგრამ მასზე „ფორმალური ჩანაწერი“ რეალურად იქცა სააპელაციო ინსტანციისთვის, რომელმაც ორივე ბრალდებულს სასჯელი 11 წლამდე გაუზარდა და ერთ-ერთ მათგანს მკვლელობის განზრახობაც დაუდასტურა.
მაია ნიკოლეიშვილი დღეს „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ „შეფასებების და კომენტარების უფლება არ აქვს, ვინაიდან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, თუმცა, დარწმუნებულია, რომ გახარიას უწყება კიდევ შორს წავა და მხოლოდ კალანდიას დაკავებით არ შემოიფარგლება.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხორავას საქმეში აქამდე მოწმედ არსებული მიხეილ კალანდია დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავა. დაღუპული ზაზა სარალიძის მამა აცხადებს, რომ სწორედ მან მოკლა მისი შვილი.
3 ივნისს, სააპელაციომ დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში არასრულწლოვანი გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გ.ბ.-ს,  მის მიმართ ბრალდების საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ის დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ უდანაშაულოდ ცნო.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.
ამასთან, ორივე მათგანს შეეცვალა სასჯელის ზომა და 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მაისს ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ არასრულწლოვანს დ.ღ.-ს განაჩენი გამოუტანეს. მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს.
2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

„ზაზა სარალიძემ იცის, რომ კალანდია უდანაშაულოა“ - მიხეილ კალანდიას ძმა

შემდეგი პოსტი

მირზა სუბელიანი საპატიმროს 8 ივლისს დატოვებს