Uncategorized

სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მომხმარებლის მოტყუების, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირი დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს  ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, ააიპ სამტრედიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებასთან გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2018 წლის განმავლობაში გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღებისთვის საქონლის ხორცი უნდა მიეწოდებინა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ვალდებული იყო საქონლის შეტანისას წარედგინა დამკვეთისათვის მიწოდებული საკვები პროდუქტის ხარისხის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი. ნაცვლად ამისა, ბრალდებული დანაშაულებრივი განზრახვით, აყალბებდა ხორცის ვეტერინალურ მოწმობებს ე.წ. ფორმა #2-ებს და გაყალბებული დოკუმენტაციით ახდენდა ბაღებში საქონლის შეტანას. გამოძიებით დადგინდა, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ნაცვლად საქონლის ხორცისა, ნაწილობრივ შეტანილ იქნა ცხენის ხორციც“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ცნობით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე, 210-ე და 362-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით.

შეგახსენებთ, იმერეთის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საეჭვოდ მიიჩნია ბაღებში ბავშვთა კვების რაციონისთვის შეტანილი ხორცის წარმომავლობა, შეამოწმა და ლაბორატორიული კვლევის შემდეგ დადასტურდა, რომ ხორცი ცხენის იყო და არა საქონლის.

2020news.ge

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close