მთავარი»საზოგადოება»რომელი ტენდერი შეიწირავს მინისტრ მაია ცქიტიშვილის კარიერას?!

რომელი ტენდერი შეიწირავს მინისტრ მაია ცქიტიშვილის კარიერას?!

8
გაზიარებები
Pinterest Google+

იმ საქმეებიდან, რომელიც სავარაუდოდ მაია ცქიტიშვილის გადაყენების ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს, არის მრავალმილიონიანი ტენდერი, რომელიც კარგა ხნის წინ გასცდა საქართველოს ფარგლებს. ამ საქმის დეტალები დაახლოებით ერთი წლის წინ გახმაურდა, თუმცა იმხანად, როგორც ეს ამ და მის წინამორბედ ხელისუფლებებს სჩვეოდათ თემა „მიაფუჩეჩეს“.

ეს იმდენად სერიოზული საქმეა, რომ არა „კრიშა“ მაია ცქიტიშვილისთვის, წესით, დიდი ხნის წინ უნდა მოეთხოვათ პასუხი.

მოკლედ, გთავაზობთ არქივის მასალას:

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ათვისებული იქნა მხოლოდ 9 მილიარდი ლარი და დარჩენილი 2 თვის განმავლობაში მთავრობამ უნდა დახარჯოს 3,3 მლრდ. ლარი, რაც წარმოუდგენელია. ეს არის სრული ჩავარდნა, რაც აქამდე ამ დოზით „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონია. ეს არის ზვავი, რომელიც შეიძლება ამ ორი თვის მანძილზე თავზე ჩამოეშალოს მთავრობას“, – განაცხადა რომან გოცირიძემ და „შემთხვევით“ გაირკვა, რომ თურმე ამ კუთხით, ყველაზე დიდი „გარღვევა“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აქვს. მაია ცქიტიშვილმა ცხრა თვეში ნაცვლად მილიარდი ლარისა, მხოლოდ 806 მილიონი ლარის ათვისება მოახერხა, ვერაფერს ვიტყვით, ალბათ, ამ შემთხვევაზეც იტყოდა დიდი პოეტი: „ნიჭი, ძამიკო, ნიჭი“.

ეს ის მაია ცქიტიშვილია, რომელის შესახებაც მინისტრად წარდგენისას, იმჟამინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, განაცხადა: „ჩემთვის არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, იმიტომ რომ საქმის ის მოცულობა, რასაც მთავრობის ადმინისტრაციაში მაია ძალიან წარმატებით უძღვებოდა, სრული შესავსები იქნება. რთული მოსაძებნი იქნება, იმ ადამიანის მოძებნა, რომელიც ასეთივე წარმატებით გაუძღვება მის საქმეს. დარწმუნებული ვარ, რომ მაია იქნება ძალიან წარმატებული მინისტრი“. იმ ეტაპზე, საწყის მდგომარებაში, ცქიტიშვილი, მისი წინამორბედის ალავიძის ფონზე, მართლაც ანგელოზად იქნა აღქმული, მითუმეტეს, რომ ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებელ ზურაბ ალავიძის ჩადენილი კანონდარღვევევბის შესახებ მტკიცებულებებით გაჯერებული, არა ერთი სტატია იქნა ინტერნეტგამოცემებში გამოქვეყნებული, მაია ცქიტიშვილს კი ინფრასტრუქტურასთან არაფერი აკავშირებდა.

ცქიტიშვილის გამინისტრებიდან ორიოდ თვის შემდეგ „თაიმერმა“ გამოაქვეყნა ტენდერებში არსებული დარღვევები, რაშიც მაია ცქიტიშვილს „ლომის წილი“ ჰქონდა ჩადებული. ეს პირველ ეტაპზე, მოგვიანებით კი, ჩვენ გამოვაქვეყნეთ გუდაურის, თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლების ტენდერების ჩავარდნის შესახებ მასალები, სადაც დოკუმენტებით ვამტკიცებდით, რომ იმ ადამიანმა, რომლის შემცვლელის მოძებნა კვირიკაშვილს თურმე ძალიან უჭირდა, მისი წინამორბედის გაკვალულზე სიარული წარმატებით განაგრძო.
„თაიმერისათვის“ მოწოდებული ინფორმაციით, საიტზე ტენდერების თემაზე გამოქვეყნებული ბოლო სტატიის – რომელიც დიდი პროექტების, თელავის და გუდაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-განახლების ტენდერების ჩავარდნას ეხებოდა – შემდეგ, ცქიტიშვილმა „გამოსავალი“ მოძებნა და თანამშრომლებს განუცხადა, რომ თურმე „თაიმერს“ „თავს არ გაუტოლებს და არ უპასუხებს“.
გუშინ სასწაული მოხდა, მაია ცქიტიშვილის პირველმა მოადგილემ, საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილშიც კი, რომლის პარტიასაც რომან გოცირიძე წარმოადგენს, „კუპონას“ თიკუნით იცნობენ, გასცა პასუხი.

IPN-სათვის მიცემულ ინტერვიუში, ცქიტიშვილის პირველი მოადგილე, რომელიც ასევე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეა, ირაკლი ქარსელაძე, ბუნებრივია მხოლოდ გზების საკითხებს შეეხო. საინტერესოა ინტერვიუს ბოლო ნაწილი, სადაც ქარსელაძე აცხადებს: „ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა : დარიალისა და დევდორაკის ხეობებს შორის 2კმ-იანი სიგრძის ახალი გვირაბი გაიხსნა, აშენდა ქობულეთის შემოვლითი გზის 18 კმ-იანი მონაკვეთი, 2 გვირაბითა და 15 ხიდით, მათ შორის საქართველოში ყველაზე გრძელი 1180 მეტრიანი სიგრძის ხიდია და ეს გზა მთლიანობაში თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დროს 30 წუთით ამცირებს, აშენდა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი, წყნეთი – ბეთანიის საავტომობილო გზა, სადაც ქვების შესაჩერებლად გაკეთდა სპეციალური ბადეები და უმნიშვნელო ქანის გადაადგილებაზე სიგნალის გადასაცემად დამონტაჟდა შეტყობინების სისტემები, თელავში რეაბილიტირდა ბატონის მუზეუმი, ბატონის სასახლე, მოეწყო კომპლექსის ტერიტორია, მოხდა 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მათ შორის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანში, სადაც ბაღი 200-მდე აღსაზრდელს მოემსახურება, დასრულდა ხერთვისის ციხის კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები… და ეს არ არის წელს დასრულებული პროექტების სრული ჩამონათვალი“.

ქარსელაძემ ერთი სიტყვითაც კი არ ახსენა, რომ ეს პროექტები მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილის დროს დაიწყო და დასრულდა კიდეც. ქარსელაძემ, რათქმა უნდა, ისიც არ თქვა, რომ აჭარის მთავრობის იმჟამინდელ მეთაურს, ზურაბ პატარიძეს, უკვე დასრულებული გზის გახსნა გადაადებინეს, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურის ახალ მინისტრს გაეჭრა ლენტი და ჩათვლოდა საქმეში. ქარსელაძემ ინტერვიუში გზების არა ერთი ტენდერი ახსენა და ყველა დარღვევა, საქმის შეუსრულებლობა, კომპანიებს გადააბრალა. თურმე ტენდერში გამარჯვებული კომპანიები, ვერ ასრულებენ სამუშაოებს, სამინისტრო კი მთელი წელი ელოდება როდის მოისურვებენ მათი რჩეული კომპანიები, საქმის გაკეთებას. ფაქტიურად ცქიტიშვილის პირველმა მოადგილემ, დაადასტურა არსებულ დარღვევებში სამინისტროს ბრალეულობა და ამაზე „უკეთესად“ ვერც ერთი ჟურნალისტი ვერ „გამოსჭრიდა ყელს“ ცქიტიშვილს ამ წინასაარჩევნოდ.

მაია ცქიტიშვილი, ალბათ, ამჯერადაც არ გაუტოლებს თავს „თაიმერს“ და სტატიას, რომელსაც ახლა კითხულობთ და რომელიც ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებათა ნაწილითაა გაჯერებული, არ გამოეხმაურება. არა უშავს, „თაიმერი“ ამას როგორმე გადაიტანს, აი, ცქიტიშვილის უწყება კი რა პასუხს გასცემს, ჯერ აზიის განვითარების ბანკს, შემდეგ კი არბიტრაჟს, ამას მას შემდეგ გავიგებთ როცა თურქული ერთ-ერთი კომპანია „ბრჭყალებს გახსნის“.

საქმე ეხება მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალანირების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ტენდერი 2016 წელს გამოცხადდა და რამდენჯერმე გადაიდო, ჩავარდა. ბოლოს, როგორც იქნა, დიდი „წვალების“ შემდეგ ტენდერი ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო თორმეტმა კომპანიამ. კონფიდენციალური ინფორმაციის თანახმად, ტენდერის საპროექტო ღირებულება 75 მილიონი დოლარია. 12 მონაწილე კომპანიიდან ყველაზე დაბალი ფასი – 55 მილიონ 800 ათასი დადო კომპანიამ „ალკე-აზერბაიჯანი“. ჩინურმა კომპანიამ „ჯეო-ინჟინერინგი“ 56მლნ.700 ათასი, კომპანიამ „სინოჰიდრო“ 63 მლნ. 900 ათასი, „სადემ“ – 58 მლინ, „აშინ-შაათმა“ – 64 მლნ.900 ათასი და ასე შემდეგ. მოკლედ, ტენდერი მოიგო „ალკე-აზერბაიჯანმა“. სამინისტროსათვის წარდგენილი დოკუმენტებიდან ვარკვევთ, რომ „ალკე-აზერბაიჯანი“ დაარსებულია 2016 წელს.
ზოგადად, ტენდერის იმპერატიული მოთხოვნა, რომელსაც მონაწილე კომპანიები უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდნენ, არის გამოცდილება, რომელიც მათ მიღებული აქვთ ანალოგიური სამუშაოების შესრულებით. „ალკე-აზერბაიჯანი“ ამ კუთხით მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომ არა ერთი „მაგრამ“. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ალკე-აზერბაიჯანი“ 2016 წელსაა შექმნილი, მარნეულის ტენდერში კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი დოკუმენტებიდან კი ირკვევა, რომ თურმე „ალკე-აზერბაიჯანი“ „ანალოგიურ გამოცდილებას“ დაარსებამდე ღებულობდა. დიახ, არც მეტი, არც ნაკლები – „ალკე-აზერბაიჯანმა“ მაია ცქიტიშვილს აცნობა, რომ „ჩასახვამდე“ მუშაობდა. ცქიტიშვილმა, ამ „გამოცდილმა“, „სანთლით მოზებნილმა“ კადრმა კი უპირობოდ დაიჯერა, რომ თესლი განაყოფიერებამდე იძლევა ნაყოფს, რას ვიზამთ, სოფლის მეორნეობის დეტალები ყველამ ხომ არ იცის?!

ყველაზე მთავარი ამ დარდუბალაში: მარნეულის ტენდერში მონაწილეობა მიიღო კომპანიამ „ალკე-თურქეთი“. კომპანიამ, რომელიც დაარსებულია 1954 წელს, აღამოაჩინა, რომ „ალკე-აზერბაიჯანს“ სატენდერო შესრულებაში „ალკე-თურქეთის“ მონაცემები აქვს ჩაწერილი. მარტივად რომ ვთქვათ, „ალკე-აზერბაიჯანმა“ „ალკე-თურქეთს“ მოპარა 1954 წლიდან 2016 წლამდე შესრულებული ყველა სამუშაო და საკუთრად გაასაღა. ამას, კანონმდებლობა თაღლითობად აფასებს და სათანადო სასჯელიც არსებობს, სხვათაშორის, თაღლითობის მუხლი ამნისტიასაც კი არ ექვემდებარება, მაგრამ მაია ცქიტიშვილმა „ღვთის წყალობად“ მიიღო ის, რომ ერთ ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას დოკუმენტაციაში ერთი და იგივე შესრულებული სამუშაო ჰქონდა მითითებული და რაც მთავარია „ალკე-აზერბაიჯანი“ იმდენად „მონდომებული“ ჩანდა თავისი თაღლითურად გაყალბებული დოკუმენტაციებიდან, რომ ცქიტიშვილმა კომპანიის „ბრწყინვალებას“ მაშინაც კი ვერ გაუძლო, როცა „ალკე-თურქეთმა“ აცნობა „მაკარ გატყუებენო“.

აქ არის რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც უამრავ კითხვას ბადებს: როგორც მოგახსენეთ, ტენდერი გამოცხადდა 2016 წელს. გამოცხადებიდან მალევე ჩაიშალა, იმჟამინდელმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, განაცხადა, რომ ტენდერის პირობებში შეეტანათ ცვლილებები და მარნეულს მიმდებარე სოფლების წყალმომარაგებაც დამატებოდა. ეს ერთი შეხედვით „ჰუმანური აქტი“ ნებისმიერს აღაფრთოვანებს, რომ არა ერთი „ფანჯარა“: ტენდერი მეორედ გამოცხადდა და მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 2016 წელს შექმნილმა კომპანიამ „ალკე-აზერბაიჯანმა“. რჩება შთაბეჭდილება, რომ სწორედ მარნეულის 75 მილიონდოლარიანი ტენდერის გამო შეიქმნა სასწრაფოდ „ალკე-აზერბაიჯანი“, რის საფუძველსაც იძლევა ტენდერში, ახლადჩამოყალიბებული კომპანიის გაყალბებული დოკუმენტაციით გამარჯვება.
როგორც აღვნიშნეთ, „ალკე-თურქეთმა“ ცქიტიშვილს აცნობა არსებული კრიმინალის შესახებ და დამატებით წარუდგინა, საქართველოს ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთ ქვეყანაში გამოცხადებული მსგავსი ტენდერის დოკუმენტაცია, სადაც „ალკე-აზერბაიჯანი“ „ალკე-თურქეთისთვის“ მოპარული შესრულებული სამუშაოს ხარჯზე აპირებდა ტენდერის მოგებას. იმხანად, ამის შესახებ „ალკე-თურქეთმა“ აცნობა მსოფლიო ბანკს (რომელიც პროექტს აფინანსებდა) და სამუშაოს დამკვეთ ქვეყანას, რის შემდეგაც „ალკე-აზერბაიჯანი“ დისკვალიფიცირებულ იქნა. რას წარმოიდგენდა „ალკე-თურქეთი“, რომ „ევროპული გაგების“ „სანთლით მოძებნილი“ მაია ცქიტიშვილი ყველა ამ დოკუმენტაციას ურნაში თუ მოისროდა და „ალკე-აზერბაიჯანს“ გამარჯვებულად გამოაცხადებდა?
ხაზგასმით – მაია ცქიტიშვილმა ნაგავსაყრელში გადაუძახა „ალკე-თურქეთის“ ოფიციალური წერილი, რომლითაც კომპანიამ მინისტრს აცნობა, რომ „ალკე-აზერბაიჯანს“ გაყალბებული დოკუმენტაცია ჰქონდა წარდგენილი, რომ მათ თაღლითურად მოიპარეს მონაცემები. განცხადებაზე თანდართული იყო ნოტარიულად დამტკიცებული დოკუმენტაცია, რაც გაყალბებას ადასტურებდა და დასმული იყო შეკითხვა: როგორ შესძლებდა 2016 წელს დაარსებული კომპანია, ვთქვათ, 1990 წელს, ან თუნდაც, 2014 წელს ჩაეტარებინა სამუშაობები და მოეგო ტენდერები?
„ალკე-თურქეთმა“ მომხდარის შესახებ აზიის განვითარების ბანკს აცნობა (ეს წესია, არბიტრაჟამდე მისასვლელად), ამასობაში „ალკე-თურქეთი“ არკვევს, რომ „ალკე-აზერბაიჯანს“ (რომელსაც „ალკე-თურქეთმა“ ოფიციალურად მისწერა, ჩემი მონაცემები გაქვს მოპარულიო), აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენელთან მასიმო პეტრონესთან და სამინისტროში „მაღალ დონეზე“ აქვს „დალაგებული“, რაც დაფუძნებულია მასიმო პეტრონეს და მაია ცქიტისვილის არაერთგზის შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებაზე და ამ შეხვედრების ამსახველი, არა მხოლოდ კულუარული (უფრო სწორად, კომპანიების წარმომადგენლებს შორის გამართული პრივატული საუბრები), დეტალებია „ალკე-თურქეთისათვის“ ცნობილი. სად დაემალება მაია ცქიტიშვილი მტკიცებულებებს? ვინ უშველის მას? მასიმო პეტრონე, გიორგი კვირიკაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი? ან იქნებ გრიგოლ ვაშაძე?
ახლა, როცა ასეთი დაძაბული მდგომარეობაა, როცა „ქართულმა ოცნებამ“ იგრძნო ქართველი ხალხის მუშტის ძალა, როდესაც „ქართული ოცნება“ წინაკომატოზურ მდგომარეობაშია, საერთაშორისო კომპანია, ასევე საერთაშორისო ტენდერის დეტალების გახმაურებას აპირებს! „ალკე-თურქეთი“ არბიტრაჟისათვის მიმართვის ეტაპზეა, მაია ცქიტიშვილი კი აპირებს „ალკე-თურქეთს“ დაასწროს და მომავალ კვირას „ალკე-აზერბაიჯანს“ ტენდერში მოგება ოფიციალურად გაუფორმოს ხელშეკრულების სახით. რას მოიტანს ეს? პირველ რიგში საერთაშორისო სკანდალს, რომელიც „ქართული ოცნების“ წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს. მეორე, კიდევ ერთხელ ჩაიშლება მარნეულის ტენდერი. მესამე, აზიის განვითარების ბანკის სესხის (კიდევ ერთხელ – 75 მილიონი დოლარი), ლარის კატასტროფულ ვარდნას თუ გავითვალისწინებთ, მთლიანად არა, მაგრამ დიდი ნაწილი, სხვაობასა და პროცენტში წავა, ათვლა ხომ ჯერ კიდევ 2016 წელს დაიწყო? და, მარნეული, თავისი მიმდებარე სოფლებიანად კიდევ მრავალ წელს დარჩება წყლის გარეშე, უკეთეს შემთხვევაში კი უხარისხო, ლენტის გასაჭრელად „საჩვენებელად“ შესრულებულ სამუშაოებს მივიღებთ, რომლის რემონტისთვისაც ორ-სამ თვეში ახალი, მრავალმილიონიანი ტენდერი გამოცხადდება.

მასალა გამოქვეყნდა „თაიმერზე“

 

 

წინა პოსტი

იაპონიაში მოჰყავთ ბანანი, რომელიც შეგიძლიათ კანიანად მიირთვათ

შემდეგი პოსტი

მთავარი მიზეზი, თუ რატომ გაათავისუფლა თეა წულუკიანმა 300-ზე მეტი თანამშრომელი