საზოგადოება

როგორ შეხვდნენ საქართველოში ახალ წელს

თბილისში რესპუბლიკის მოედანზე გალა კონცერტით შეხვდნენ ახალ წელს.  სცენაზე მუსიკალური პროექტი „ერთი ერთში“ იყო წარმოდგენილი. 18-მა ქართველმა მომღერალმა ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლები გააცოცხლა და მათი მუსიკალური ჰიტები შეასრულა. 2020 წლის დადგომა თბილისის ცენტრალურ მოედანზე გრანდიოზული ფეიერვერკით იზეიმეს.

2020 წლის დადგომას საქართველოს რეგიონებში კონცერტით შეხვდნენ. საზეიმო ღონისძიების თემა ყველგან განსხვავებული იყო.

გორში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთავარ ნაძვის ხესთან მოწყობილ სცენაზე საკუთარი რეპერტუარი ადგილობრივმა მომღერლებმა და ბენდმა “სინთეზმა” შეასრულეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ მოედანზე შეკრებილ თანაქალაქელებს 2020 წლის დადგომა მიულოცეს, ღამის 12 საათზე კი ახალი წლის დადგომა გრანდიოზული ფეიერვერკით აღინიშნა.

ბათუმი ახალ წელს გრანდიოზული გალაკონცერტით შეხვდა. მსმენელის წინაშე სოლო შემსრულებლებთან ერთად, ეროვნული სომფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით წარსდგა. ნიკოლოზ რაჭველს, ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ამის შესახებ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ დირიჟორს კონცერტზე ამცნო.

გალა კონცერტზე მუსიკალური ნომრები შეასრულეს ნინო ქათამაძემ, ლიზა ბაგრატიონმა, ნატო მეტონიძემ, სოფო ხალვაშმა და ბათუმელმა მომღერლებმა. საღამო კახაბერმა ხანუმებთან ერთად დაასრულა. 00:00 საათზე კი ტრადიციულად ფეერვერკი გაუშვეს.

კონცერტით დასრულდა საახალწლო ღონისძიებები ქუთაისშიც. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოწყობილ სცენაზე საკუთარი რეპერტუარი ადგილობრივმა და მოწვეულმა მომღერლებმა შეასრულეს. მათ შორის იყო “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული, ქუთაისელი გიორგი ფრუიძე. ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოედანზე შეკრებილ თანაქალაქელებს კიდევ ერთხელ მიულოცა 2020 წლის დადგომა. ზუსტად 12 საათზე კი, ტრადიციულად, ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლმა „ მრავალჟამიერი“ შეასრულა.

საახალწლო განწყობა მთელ საქართველოში შვიდ იანვრამდე გაგრძელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close