მთავარი»საზოგადოება»„რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“ – გურამ დოჩანაშვილი – 81

„რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება“ – გურამ დოჩანაშვილი – 81

6
გაზიარებები
Pinterest Google+

“ჰოდა, წახვალთ სახინკლეში რამდენიმე ჯეელი, დგახარ რიგში და აჰ, ჯერ სხვებს გამოაქვთ, ნერწყვი გეძალება და შენატრი იმათ. მოაღწევს მერე, როგორც იქნება შენი რიგი და, მოგაწვდის მაგრამ, რას მოგაწვდის მეხინკლე იგი – ცხელს, აორთქლებულს, ჯადოსნურ ლანგარს, სულ ციმციმ მოგაქვს, და მრგვალ მაგიდას წრეს შემოარტყამთ, ფეხზე დამდგარნი; მერე თქვენში ყველაზე დადებითი ადამიანი მეზობლებიდან შავ წიწაკას ინათხოვრებს და მოაყრის, მაგრამ რას მოაყრის – მწვავეს, მადიანს, ველურს – უჰუჰუჰ!.. მთლად ათრთოლდები, მაგრამ ცხელია… მერედა, შე კაცო, ფრთხილად აიღე, შეუბერე სული, კარგად, დაკვირვებით, ცენტრში რომ მოარტყა, უბერე, უბერე, ფრთხილად მოკბიჩე პატარაზე მერე და ახლა იქ ჩაბერე, ოხშივარი, ჰუჰ! ზედ შიგ ცხვირ-პირზე გელამუნება, და მერე ფრთხილად, ფრთხილად შეიწოვე გულბოყვდამთუთქავი წვენი, აჰ, რა ხსნარია, იფჰ! რომ აგრილდება პატარაზე მერე, ღეჭე, ყლაპე და გუნებაში ნეტარებით იფიქრე: აჰმ-ჰჰ, უხხმ-ჰჰ, და მორიგი ხინკალ-ჭიპის ურნაში ჩასაგდებად დახრა რომ გაგიჭირდება, ამოიხვნეშებ და გაიფიქრებ – ე, ხომ არ მეყო? არა, კაცო, რა საკადრისია, აი ის აიღე, ის, გვერდითა ცალი, ოჰოჰ, ცხარეა? – დააყოლე ქაფქაფა ლუდი, ყელს ვერ ჩაგირეცხს კოხტა-ლამაზად თუ… ახლა, იქითას დასწვდი, ძამიკო, როგორ გიყურებს, გიყურებს როგორ, აჰ, გეხვეწება, ნუ ეტყვი უარს, აიი, ასე, რა, სუნთქვა გიჭირს? რა უჭირს მერე, სირბილით ხომ არ დაღლილხარ და, მაინც, მერე, იმ კანონს მაინც აღმოაჩენ – რომ დანაყრდები კი არა, უკაცრავად პასუხია, ვრცლად რომ გაძღები, გენაცვალე, რო დამძიმდები, მოფომფლოვდები და თვალზე რული ჩამოგაწვება, მთვლემარე, ბუნდოვნად იგრძნობ რომ, ისევ ის ბითური ხარ, რაც მანამდე, ხინკლის ჭამამდე იყავი. აბა?! – კუჭის კანონია ეს, გერასიმე”.
(გურამ დოჩანაშვილი, “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება”)

26 მარტს დაიბადნენ სამი ძმა კეჟერაძე, ხუთი დიდი კანუდოსელი, ალექსანდრო, მისი უფროსი ძმა, დიმიტრი (მაღალი კაცია), ბახვა (გულმა რეჩხი უყო) და ბეეევრი სხვა

დღეს გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღეა.” – ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი. ფეისბუქპოსტი.

გურამ დოცანაშვილი 1939 წელს, თბილისში დაიბადა. მისი პირველი მოთხრობა 1961 წელს „ცისკარში“ დაიბეჭდა.
ამას მოჰყვა სხვა ნაწარმოებები, რომლებიც  შეიყვარა მკითხველმა: „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე“, „ვატერ(პო)ლოო, ანუ აღდგენითი სამუშაოები“ და სხვა. ყველაზე დიდი აღიარება კი, რომანმა „სამოსელი პირველი“ მოუტანა.
გურამ დოჩანაშვილი არის ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში – „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“; ასევე –  ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ლაურეატი.

წინა პოსტი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ხუთი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს

შემდეგი პოსტი

სტატისტიკა: დღეის მონაცემებით განკურნებულია 115 ათასი, ლეტალურმა შემთხვევებმა კი 21 000-ს გადააჭარბა