საზოგადოება

რატომ გახდა აუცილებელი ინფექციური საავადმყოფოს პაციენტების ბიოლოგიური მასალის გერმანიაში გაგზავნა?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა ქალის და მამაკაცის ბიოლოგიური მასალა დღეს გადაიგზავნება გერმანიაში და პასუხს დასჭირდება 2 ან 3 დღე. როგორც ცერცვაძემ განაცხადა, ეს არაფერს არ ცვლის, იმიტომ, რომ მათთან კორონავირუსის საფრთხე ძალიან მინიმალურია. ამასთან, როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ჩინეთის მოქალაქე ორ მცირეწლოვანს, რომლებიც გუშინ ყაზბეგიდან ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოიყვანეს, არ დაუდასტურდათ კორონავირუსის ინფექცია და მათ მხოლოდ გრიპი აქვთ.

„4 პაციენტი იმყოფება ჩვენს კლინიკაში, რომლებიც გუშინ შემოიყვანეს. მათგან ორი ბავშვი იყო ჩინელი (ტყუპები არიან), რომლებიც იმყოფებოდნენ ყაზბეგში ჩინელების ცხრაკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში. მათ აღენიშნებოდათ ტემპერატურის მომატება და მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში. ზოგჯერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ ცხრავე ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს, ეს ასე არ არის. მხოლოდ ორი ბავშვი მოიყვანეს, ვინაიდან მათ ჰქონდათ ტემპერატურა, ხოლო დანარჩენი 7 პირი, რომლებიც ამავე ჯგუფში იყვნენ, იმყოფებიან ბინაზე სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ. ბავშვებს შემჭიდროვებულ ვადებში ჩაუტარდა გამოკვლევა. რენტგენელოგიურად გაირკვა, რომ მათ ფილტვების ანთება არ აქვთ, რაც ძალიან კარგია, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი და სერიოზული სიმპტომი კორონავირუსის ინფექციის არის ფილტვების ანთება, პნევმონია, თუმცა ის ფილტვების ანთების გარეშეც შეიძლება მიმდინარეობდეს. ბავშვებს ზემოსასუნთქი გზებიდან აღებული მასის ვირუსოლოგიური კვლევით დაუდგინათ „ა” ტიპის გრიპის ვირუსი – ჯერ, სწრაფი, მარტივი ტესტით ჩვენს კლინკაში და შემდეგ ის დადასტურდა ლუგარის ცენტრში“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ბავშვები რჩებიან ინფექციურ საავადმყოფოში, რადგან საჭიროებენ სტაციონალურ მკურნალობა, მაგრამ რჩებიან, როგორც ჩვეულებრივი გრიპით ავადმყოფები.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პაციენტს, თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ერთი არის ახალგაზრდა მამაკაცი, 24 წლის, რომელიც მუშაობდა ჩინეთში და ჩამოვიდა ჩინეთიდან. ცერცვაძის თქმით, მამაკაცს აეროპორტშივე დაუფიქსირდა ტემპერატურის მომატება 39 გრადუსამდე, ასევე ყელის ტკივილიც, ხოლო ინფექციურ საავადმყოფოს 29 იანვარს დაახლოებით, 13:00 საათზე მიმართა.

„მას ჩაუტარდა რენტგენოლოგიური გამოკვლევა და პნევმონია მასაც არ აქვს. მაგრამ განსხვავებით იმ ბავშვებისა, ვირუსოლოგიური გამოკვლევით არ დადგინდა რომელიმე ცნობილი ვირუსი. ანუ, 20 გამომწვევიდან არც ერთი არ იქნა ნანახი, რის გამოც რჩება თეორიული შანსი, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირება სამი ქვეყნის გარდა არსად ხდება. დიდი ალბათობით, მინდა გითხრათ, როგორც მრავალი წლის გამოცდილების მქონე ინფექციონისტმა, რომ მას კორონავირუსის მსგავსი ცვლილებები არ აღენიშნება. ასე რომ მას დიდი ალბათობით კორონავირუსის ინფექცია არ აქვს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა მეოთხე პაციენტზე, რომელიც არის ახალგაზრდა ქალი. მისი თქმით, ეს ქალი ჩინეთში სწავლობდა და ზემოაღნიშნული ახალგაზრდა მამაკაცისგან განსხვავებით იმყოფებოდა ეპიდემიის ეპიცენტრში, ქალაქ უხანში, რის გამოც გაძლიერებული იყო მის მიმართ ყურდღება. თენგიზ ცერცვაძის თქმით, არც ამ ქალს არ აღმოაჩნდა პნევმონია.

„ვირუსოლოგიური კვლევით, აქაც გრიპის ვირუსი ან სხვა რომელიმე ვირუსი, რომელიც მსგავს სინდრომებს იწვევს, არ იქნა ნანახი. მისი სისხლიც გადაიგზავნება გერმანიაში. თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, არ აღენიშნება ტემპერატურის მატება.

ძალიან დიდი ალბათობით, აღნიშნულ ახალგაზრდა ქალს და მამაკაცს არ აქვთ კორონავირუსი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება ვირუსისგან თავის დაცვას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საჭიროა ხელების ხშირი დაბანა, ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო სითხის გამოყენება, ამასთან, საეჭვო პაციენტთან სიახლოვისას უნდა მოვერიდოთ მასთან მჭიდრო კონტაქტს.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

IPN.GE

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close