საზოგადოება

“ქვეყანა ორ დასად გადაიქცა – ერთმანეთის დასაფლეთად გამზადებული დგანან ბარიერის იქით და აქეთ”

“არ არსებობს იმაზე დიდი სისულელე, ვიდრე დეფინიცია – ხელისუფლების მომხრე, ან ოპოზიციის მომხრე.
არა და – ეს ტერმინები ძალიან მყარად დამკვიდრდა ჩვენს ლექსიკაშიც და ცნობიერებაშიც. ლამის, მთელი ქვეყანა ამ ნიშნით დაყოფილ ორ დასად გადაიქცა, რომლებიც ერთმანეთის დასაფლეთად გამზადებული დგანან ბარიერის იქით და აქეთ.
რას ნიშნავს ან ერთი, ან მეორე? ეს რა, ერთხელ და სამუდამოდ აღებული და მარადიულ კატეგორიებად ჩამოყალიბებული ცნებებია, რომლებიც ცვლილებებს არ ექვემდებარებიან? ვის აქვს იმის გარანტია, რომ ხელისუფლების ყველა ნაბიჯი მისაღები და მოსაწონი იქნება მისთვის? ან ოპოზიციაზე ჩაციკლულ ადამიანებს თუ ესმით, რომ მათმა კუმირებმა შეიძლება შეცდომები დაუშვან, არასწორი ნაბიჯები გადადგან და, გამორიცხული არაა, კანონის მიღმაც აღმოჩნდნენ (ეს ბოლო კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია დღეს).
რამდენიმე წელია, ერთ, მკაფიოდ გამოკვეთილ ტენდენციას ვაკვირდები სოცქსელში და მინდა შთაბეჭდილება გაგიზიაროთ.
ჩემი ფრენდლისტის დაახლოებით 80 პროცენტი იმ ადამიანებისგან შედგება, ვისაც, პირობით, შეიძლება მმართველი გუნდის მხარდამჭერები ვუწოდოთ, ან, კიდევ უფრო სპეციფიკურად – ნაცმოძრაობის შეურიგებელი ოპონენტები. ფრენდებში ამგვარი პროპორცია გასაოცარი ნამდვილად არაა. ვინც ყოფილი ხელისუფლების მიმართ ჩემი დამოკიდებულება იცის, მას არ გაუკვირდება. დანარჩენი 20 პროცენტი ან ნეიტრალური ხალხია (მცირე რაოდენობით), ან სააკაშვილის ფანატიკური მრევლი, წინათაც და ახლაც.
ამ ორ კატეგორიაზე დაკვირვებამ ერთ საინტერესო დასკვნამდე მიმიყვანა.
ორთოდოქსი მიშისტები თავისი ფსიქოლოგიით უკიდურესად სუბიექტური და კონსერვატორი ადამიანები არიან. რა საბუთიც არ უნდა დაუსახელო, რა არგუმენტიც არ უნდა დაუდო წინ, რა წყაროზეც არ უნდა მიუთითო, შეაყარე კედელს ცერცვი, გინდა ფეტვი და ხორბალი. არაფერს მიიღებენ, არაფერს გაიზიარებენ, თეთრზე გადაჭრით გეტყვიან – შავიაო, შავს გაათეთრებენ, ბამბას ააჩხრიალებენ და ქვიშას დაადუმებენ. მათთვის ამსტერდამელი და აწ უკვე კიეველი გურუს ყოველი სიტყვა ჭეშმარიტების აპოთეოზია, მისი ყველა ნაბიჯი, თვით უკიდურესად სასაცილო, ან ბრიყვული – გენიალური სტრატეგიის მაგალითი. ერთ ძვირსაც ვერ დააცდენინებ და როცა წყალგაუმტარი არგუმენტით კედელთან მიაყენებ, დემაგოგიური ფრაზეოლოგიით ცდილობენ სხვა კალაპოტში გადააგდონ საუბარი. ამას ისე შევეჩვიე, ლამის, წინასწარ შემიძლია გამოვიცნო, რას დაწერენ ამა თუ იმ პოსტის, ან კომენტარის შემდეგ.
ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლების მომხრე ფრენდები აბსოლუტურად თავისუფალი არიან ამ თვისებებისაგან, მაგრამ, ზოგადად, ოპომომხრეებთან შედარებაც კი არ შეიძლება.
მათ შორის არის მცირე ნაწილი, ქრონიკულად ყველაფერზე თვალის დამხუჭავი და ყველაფრის გამპრავებელი , რაც ხელისუფლების საქმიანობის ჩრდილოვან მხარეებთანაა დაკავშირებული. ვიმეორებ, ჩემს ფრენდლისტში ისინი უმნიშვნელო უმცირესობას წარმოადგენენ. დიდი უმრავლესობა კი კრიტიკულად განწყობილი ხალხია. პრაქტიკულად, ვერ ვიხსენებ შემთხვევას, როცა მთავრობის ესა თუ ის მცდარი ნაბიჯი, ან ვინმეს დანაშაულზე თვალის დახუჭვა მათი მხრიდან მკაცრი რეაგირების გარეშე დარჩა. ისინი ხელისუფლებას მხოლოდ კოჰაბიტაციის და ნაცმოძრაობის გაჯეჯილებისთვის არ აკრიტიკებენ. აკრიტიკებენ მის ეკონომიკურ პოლიტიკას, მზარდ ინფლაციას, განათლების სისტემაში არსებულ მძიმე მდგომარეობას, შემწყნარებლურ დამოკიდებულებას ღორული მადის მქონე ჩინოვნიკების მიმართ, შერჩევით სამართალს, საპენსიო რეფორმას, მიწისა და ტყის კოდექსებს, ჰესების გაუაზრებელ მშენებლობას, დამძიმებულ სოციალურ ფონს, კრიმინალის ზრდას, გაუხსნელ რეზონანსულ დანაშაულებს, სტაგნაციაში ჩავარდნილ საგარეო პოლიტიკას და ა.შ.
ამის მეოთხედი კრიტიკული დამოკიდებულება რომ ჰქონოდათ ყოფილი ხელისუფლების მომხრეებს ნაცმოს მართველობის ცხრაწლიან პერიოდში, ხანდახან მაინც რომ ამოეღოთ ხმა და გაეპროტესტებინათ ის თვითნებობა, რასაც სააკაშვილის გუნდი მეთოდურად ამკვიდრებდა პრაქტიკაში, შეიძლება არც მის ლიდერს დაეკარგა თავზე კონტროლი და არც ქვეყანა ყოფილიყო დღეს ასე რთულ სიტუაციაში. კარგად მესმის, რატომ არ აკეთებდნენ ისინი ამას. ყოფილი ხელისუფლების მენტალობა შეურიგებელი იყო ყოველგვარი კრიტიკისადმი. მისი კრიტიკოსი დაუყოვნებლივ ირიცხებოდა მტრების კატეგორიაში და როგორ უსწორდებოდა სააკაშვილის რეჟიმი “მტრებს”, ამისი ასეულობით მაგალითის დასახელება შეიძლება მეხსიერების დიდი დაძაბვის გარეშე.
თუ რამე პროგრესი მოხდა სახელმწიფოში 2012 წლის შემდეგ, ერთ გამორჩეულ გამოხატულებად სწორედ ეს გარემოება მიმაჩნია. იმ ადამიანების ცნობიერებაში, რომლებიც საარჩევნო ურნებში ხელისუფლების სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს ყრიან, თანდათან მკვიდრდება მათი რჩეულებისადმი კრიტიკული განწყობისა და მომთხოვნელობის პათოსი. ასეთი რამ მანამდე არ არსებობდა, ან არ იგრძნობოდა. მართალია, “ქართული ოცნების” მმართველი გუნდი დღემდე სათანადოდ არ რეაგირებს ამ დამოკიდებულებაზე, მაგრამ, ვფიქრობ, ეს დროებითი მოვლენაა. მთავარი ისაა, რომ ჯანსაღი ტენდენცია დამკვიდრდა და ძლიერდება. დღეს თუ არა ხვალ, ხელისუფლება, რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს იგი, იძულებული გახდება, ყურადღებით მოუსმინოს და ოპერატიული რეაგირება მოახდინოს ხალხს კრიტიკაზე.
მე არ ვარ ხელისუფლების მომხრე. არც ოპოზიციის. მაგრამ არც მათი დაუძინებელი მოწინააღმდეგე ვარ. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მოსწონს, ან არ მოსწონს მათ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი, ან განხორციელებული ღონისძიება. ეს განწყობა და დამოკიდებულება აისახება კონკრეტულ შეფასებებსა თუ გამოხმაურებებში, რომელთაც აქ ვწერ, იმიტომ რომ სხვა ტრიბუნა არ გამაჩნია. როგორც ინგლისური ანდაზა ამბობს – ჩემი ფაცე ჩემი ციხე-სიმაგრეა!” – წერს ფეისბუქზე ზურაბ დათუაშვილი, ისტორიკოსი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close