მთავარი»საზოგადოება»„პუნქტი, რომელიც ნაცმოძრაობამ კანონში ჩადო, არის ნამდვილი დივერსია“

„პუნქტი, რომელიც ნაცმოძრაობამ კანონში ჩადო, არის ნამდვილი დივერსია“

12
გაზიარებები
Pinterest Google+

ფიზიკოსი გელა დოლიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემას დაარსებიდან აკრიტიკებდა და საზოგადოებას მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებდა, ამიტომ გამოცდების სისტემაში დაანონსებული ცვლილებებისა და მათი მოსალოდნელი შედეგების შესახებ მისი მოსაზრებით დავინტერესდით.

_ბატონო გელა, თქვენი აზრით, რამ გამოიწვია საგამოცდო სისტემაში რადიკალური ცვლილებების აუცილებლობა?
_ დავიწყებ იმით, რომ განათლების სისტემის რღვევა 2004 წლიდან, პრაქტიკულად, ნაცმოძრაობის მოსვლით დაიწყო. სწორედ ლომაიას რეფორმებმა და მიმინოშვილის საგამოცდო მოდელმა მიიყვანა საქმე იქამდე, რომ დღეს განათლების მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ სკოლა აღარ გვაქვს. მე არ მინდა ვთქვა, რომ მაია მიმინოშვილი ყველაფერს შეგნებულად აფუჭებდა, მაგრამ რომ გაფუჭდა, ამას ხედავდა. პირველივე წლიდან დაინახა, რომ სისტემა, რომელიც გააკეთა, ძალიან მავნე იყო, მაგრამ მაინც გააგრძელა და პირიქით, იცავდა.
_ განათლების კვლევის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია ”worldatlas”-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა. როგორ ფიქრობთ, მიხეილ ბატიაშვილის მიერ დაანონსებული  ცვლილებები სკოლას დააბრუნებს?
_ არა, მხოლოდ ეს ცვლილებები სკოლას არ დაგვიბრუნებს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ამერიკიდან ჩვენს რეალობაში უნიჭოდ გადმოტანილი უნარების გამოცდა არაფრის მომცემია. ამერიკას ამ გამოცდის შემოღება იმისთვის დაჭირდა, რომ  შტატებში არაერთგვაროვანი განათლების სისტემაა და საერთო სტანდარტით კრავენ. ჩვენთან განათლების სისტემა ერთგვაროვანია, პროგრამები და მეთოდიკა ერთია, ამდენად ამის აუცილებლობა არ არსებობდა. გარდა ამისა, ამერიკაში სასწავლებლად ძალიან ბევრი უცხოელი ჩადის და უმაღლესში მიღებისთვის მინიმალური სტანდარტი უნდა არსებობდეს. თანაც იქ ეს გამოცდა სავალდებულო არ არის, ჩვენთან კი სავალდებულო გახადეს. ბავშვებს ლოგიკის ჩაბარებას ვთხოვთ და სკოლაში ლოგიკის შემცველი დისციპლინა არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ ლოგიკის შემცველი საგნის – გეომეტრიის სწავლება გააუქმეს, ამიტომ ბავშვებს ლოგიკური კავშირების დაჭერა ძალიან უჭირთ.
_ თავის დროზე კახა ლომაიამაც, რომელსაც განათლების სისტემის ნგრევაში ადანაშაულებთ, რეფორმა სასკოლო გამოცდების  გაუქმებით დაიწყო..
_ გასაგებია, მაგრამ „კატის“ გამოცდა არც ცოდნას ამოწმებს, არც სკოლის პრესტიჟს და არც მასწავლებლებს ეხმარება. პრაქტიკულად, ეს გამოცდა  ხარჯის გარდა, არაფერია. ამასთან, ხარჯია ყველა მხარისთვის: მოსწავლეებისთვის, რომლებიც ემზადებიან და სახელმწიფოთვის, რომელიც ამაში ფულს ხარჯავს. ლომაიას რეფორმამ და მიმინოშვილის  ეროვნულმა გამოცდებმა შექმნეს სტანდარტი, რომელიც იმდენად დაბალია, რომ განათლების დონე ვერ დაიჭირა. ეს აუცილებლად შესაცვლელია, თუმცა როგორ შეიცვლება, ამის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს.
_  არავისთვის საიდუმლო არაა, რომ ჩვენს მოსწავლეებს ამ დაბალ სტანდარტის დაკმაყოფილებაც უჭირთ და გამოცდებზე ყოველწლიურად უამრავი ბავშვი იჭრება.
_ ზოგი მოსწავლე ვერც ერთ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტანდარტი დაბალი უნდა იყოს. საქართველოში მოსწავლეების დაახლოებით, 90% უნივერსიტეტებში ირიცხება. რეალურად, განათლების სისტემამ, რომელიც ნაციონალებმა შექმნეს,  დასაქმების პროგრამა ჩაანაცვლა. ახალგაზრდებს დასაქმების ალტერნეტივას ვერ სთავაზობდნენ და ასეთი სისტემა შექმნეს.
_ უნივერსიტეტში ჩარიცხვა დასაქმების პრობლემას ვერ წყვეტს და ის ადრე თუ გვიან, მაინც დადგება.
_  ცხადია, დასაქმების პრობლემა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგაც არსებობს, მაგრამ ეს დროში გაწელილი პრობლემაა და აღარ არის დაკავშირებული იმასთან, რომ სკოლა დავამთავრე და რა ვქნა? აი, ეს გააკეთა ნაცმოძრაობამ და „ოცნება“ დამნაშავეა იმაში, რომ სისტემა მოიწონა და დატოვა. თუ მინისტრის ბოლო განცხადებას არ ჩავთვლით, რომ სკოლა აღარ გვაქვს და ამას სასწრაფოდ შველა ჭირდება, აქამდე განათლების სფეროში ნაცებსა და ქოცებს შორის სხვაობა არ ყოფილა.
 _ თქვენი აზრით, სამინისტროს მიერ დაანონსებულ ცვლილებებს რა გაგრძელება მოჰყვება?
_ არ ვიცი, მაგრამ თუ რამე გაგრძელება უნდა მიჰყვეს, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ერთი პუნქტის შეცვლაა, რომელშიც წერია, რომ არ შეიძლება მოსწავლეთა დიფერენცირება მოსწრების მიხედვით. ეს პუნქტი, რომელიც ნაცმოძრაობამ კანონში ჩადო, ნამდვილი დივერსია, რადგან დიფერენცირებული სწავლება მთელ მსოფლიოში არსებობს. სწავლას მონდომებული ბავშვები მიდიან კარგ სკოლებში, ცუდი მოსწავლეები კი რჩებიან სკოლებში, რომლებსაც ჩვენთან საჯარო სკოლა ქვია. აი, ეს უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც, რადგან მხოლოდ საჯარო სკოლების არსებობამ არ გაამართლა.
_  ნაციონალების მოსვლამდე თუ იყო ჩვენი განათლების სისტემაში  ასეთი დიფერენცირება?
_ დიფერენცირებული სწავლება კომუნისტებისთვისაც მიუღებელი გახლდათ, მაგრამ გარკვეულწილად, უფრო მაღალი დონე იყო და ახლა საერთოდ ფსკერზე ვართ.. შევარდნაძის პერიოდში განათლების სისტემა თვითდინებაზე იყო მიშვებული, მაგრამ საერთაშორისო ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრებები მათემატიკასა და ფიზიკაში ყოველ წელს მაღალ შედეგებს აჩვენებდნენ და  თითქმის ყოველთვის სამეულში ხვდებოდნენ. 1999 წელს სინგაპურში ფიზიკის ოლიმპიადაზე ჩვენებმა მესამე ადგილი აიღეს. 2005 წელს ჩვენი მათემატიკის ნაკრებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე მეორე ადგილი დაიკავა და ა.შ. დიფერენცირებული სწავლება აუცილებელია, იმიტომ, რომ ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში ძალიან დიდ გავლენას ახდენს გარეშე ფაქტორი. როდესაც უსწავლელობის კულტივირება ხდება, როდესაც გარკვეულ წრეში სწავლა სირცხვილია, ბავშვი, რომელსაც მიდრეკილება აქვს სწავლისკენ და ცოტა ლაბილური ხასიათი აქვს, ცუდი გავლენის ქვეშ ექცევა. როგორც იცით, გადამდები ჯანმრთელობა კი არა, ავადმყოფობაა, ამიტომ  ის  ბავშვები, რომლებსაც აქვთ გარკვეული უნარი, სურვილი და მიდრეკილება სწავლის და განათლების მიმართ, ცალკე უნდა გამოვყოთ. ნებისმიერ წარმატებულ ქვეყანაში: გერმანიაში, საფრანგეთში, შვეიცარიაში თუ სხვაგან ასე ხდება. ეს ყველა სახელმწიფომ გააკეთა თავისი ხასიათის, ეთნო ფსიქოლოგიის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვენთან კი სამინისტროში ამაზე არავინ არ ლაპარაკობს, იმიტომ, რომ კანონში პირდაპირ წერია, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ჩვენ საქმე გავიმარტივეთ და ამერიკის ყველაზე დაბალი სკოლების კოპირება გავაკეთეთ, რამაც გაანადგურა ქართული განათლების სისტემა და დროა, მისი გადარჩენისთვის რეალური ნაბიჯები გადავდგათ.

პროგრესნიუსი“

წინა პოსტი

კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის ბერმუდის სამკუთხედი ანაკლიაში

შემდეგი პოსტი

1თებერვლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის