მთავარი»Uncategorized»პატიოსნება გადამდებია – გიო საჯაიას ემოციური პოსტი

პატიოსნება გადამდებია – გიო საჯაიას ემოციური პოსტი

0
გაზიარებები
Pinterest Google+

სიკეთე გადამდებია, სიყვარულიც და პატიოსნებაც. პატიოსნება მთავარია, სიკეთეც და სიყვარულიც პატიოსნებიდან მოდის (თუ ვინმე არ გვეთანხმება, მისი ნებაა, ჩვენ  ასე ვფიქრობთ). სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი უსაყვარლესი პოეტის, გიორგი საჯაიას ამბავი (რომელიც მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მოგვითხრო), თქვენამდე მოგვეტანა.

საქმე ისაა, რომ გიო საჯაიამ „ბიზნესი“ (რატომ ბრჭყალებში, ამას ტექსტის წაკითხვის შემდეგ მიხვდებით) დაიწყო. ცოტა ხნის წინ, გიორგი სარიშვილმა იუთუბზე ატვირთა ვიდეო – „უხეში რეალობა – ქურდობა სამრეცხაოებში!“ სადაც ბლოგერი საუბრობს ფაქტებზე, რასაც სამრეცხაოებში აქვს ადგილი. სარიშვილის „რეიდში“ მოჰყვა გიო საჯაიას კუთვნილი სამრეცხაოც.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, შემოგთავაზებთ გიო საჯაიას ორ პოსტს. პირველი პოსტი გიორგი სარიშვილის გადაღებულ ვიდეოს, რომელიც გიო საჯაიამ თავის ფეისბუქგვერდზე გააზიარა,  ახლავს თან. მეორე პოსტი ერთგვარი „განმარტება“, უფრო ზუსტად „ჩაზუსტება“.

პირველი: „ვინ დამიჯერებს ახლა, რომ ეს სიუჟეტი “შეკვეთილი” არ მქონდა? ესეც სავალალო ქართული რეალობაა, რომ არ დაიჯერებენ… ორი შვილი მყავს, ორივეს სიცოცხლეს ვფიცავარ, სრულიად შემთხვევით ვნახე ახლა, ძმაკაცმა გამომიგზავნა ვიბერში. ის თუ ვერ შევძელი, რომ მილიარდები მეშოვნა ბიზნესით, ის მაინც ხომ შევძელი, რომ საქმეში პატიოსანი ადამიანები მყოლოდა, რომლებიც მენდობიან და რომლებსაც ვენდობი?! ესაა ბიზნესის მთელი კაიფი, თორემ რამდენი ფულიც არ უნდა იშოვნო (ქართველებს არ გვიყვარს სიტყვა გამომუშავება, სამწუხაროდ არ ვიცით ეს როგორ ხდება, ამიტომ ვხმარობთ სიტყვა “შოვნა”-ს ფულთან მიმართებაში), ვერც პატიოსნებას და ვერც ნდობას ვერ იყიდი. მადლობა ამ ბლოგის ავტორს, რომელიც სხვა ავტოსამრეცხაოებთან ერთად,” ითისი etc.“-საც ეწვია და რა-ღა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ჩემს განელ თანამშრომელს – ლუისს! და ვინმემ არ მითხრას შემთხვევით, ფერადკანიანს რატომ ამუშავებ შენთან, როცა ამდენი ქართველი უმუშევარიაო, თორემ… შემდეგ კი იცით, სუსტი ნერვები მაქვს“.

მეორე: „პოსტი დავდე, სადაც ჩემს “ბიზნესზეა” ლაპარაკი (ცოტა ხმამაღლი სიტყვაა და ამიტომ ვსვამ ბრჭყალებში). ისე მოხდა, რომ დღეს, სრულიად შემთხვევით, ერთ-ერთ ბლოგზე ვნახე ვიდეო, სადაც ავტოსამრეცხაოებში მანქანებიდან ფულის დაკარგვის ფაქტებზეა საუბარი. ბლოგერი ექპერიმენტს ატარებს: შედის თბილისის მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ სამრეცხაოებში, მანქანაში ფულს ტოვებს, ხალიჩის ქვეშ, ვითომ დაკარგა, იმ იმედით, რომ რომელიმე მრეცხავი ნახავს და პატიოსნად გამოაჩენს, მაგრამ სამწუხაროდ არავინ აჩენს. და მხოლოდ ერთადერთ სამრეცხაოზე ხვდება მანქანაში, ხურდების ჩასაყრელად განკუთვნილ ჭიქაში, პატიოსნად ჩადებული ეს “ნაპოვნი” 5 ლარიანი კუპიურა. წინამდებარე პოსტში ვთქვი კიდეც, ვინ დამიჯერებს, რომ ეს სიუჟეტი შეკვეთილი არ მქონდა-მეთქი და იქვე, იმის დასტურად, რომ სრულიად შემთხვევით ვნახე, შვილების დაფიცება მომიწია, იმიტომ რომ ქართულ რეალობაში მართლა ძნელი დასაჯერებელია ასეთი რამ. საქმე იმაშია, რომ ეს ჩემს ავტოსამრეცხაოზე ხდება. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ის პატიოსანი მრეცხავი, რომელმაც ფული იპოვნა და ჭიქაში ჩადო, ჩემი ფერადკანიანი თანამშრომელია, სახელად – ლუისი, რომელსაც, რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი კეთილსინდისიერებისთვის. იქვე, ჩემი პოსტის საკომენტარო სივრცეში (ისევე, როგორც იუთუბზე, ამ ბლოგის კომენტარებში), ლაპარაკი წავიდა იმაზე, რომ თითქოს ვინმე ისე წარმოაჩენდეს თემას, რომ ქართველები უვარგისები ვართ და განელმა გვაჯობა პატიოსნებაში. რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერი აქაც ბევრია, განაშიც და პაპუა-ახალ გვინეაშიც, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით და ზოგადად ფერადკანიანებისადმი მავანი ჩვენი თანამემამულის ჩემთვის არცთუ ისე გასაგებ და კატეგორიულად მიუღებელ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, ერთი ფაქტი უნდა გავიხსენო, რომელსაც აქამდე შეგნებულად არ ვამბობდი და ახლა აუცილებლად უნდა ვთქვა. როდესაც ეს ბიზნესი დავიწყე და თანამშრომლები ავიყვანე, იმ პირობით ამყავდა, რომ თუ დღის განმავლობაში მათი კუთვნილი პროცენტი ვერ აცდებოდა 20 ლარს (მაგ. წვიმიან დღეებში, იმიტომ, რომ ეს ბიზნესი დიდად არის დამოკიდებული ამინდზე), მე ვიკლებდი ფულს და ჩემი ჯიბიდან ვაძლევდი ამ 20 ლარს. ათ თანამშრომელზე ეს დღეში 200 ლარია და იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება ნახევარი თვე წვიმდეს, არ არის პატარა თანხა. სამაგიეროდ, ჩემს თავთან ვიყავი მართალი, იმიტომ, რომ ვიცოდი, რომ სამუშაოს არქონის პირობებში, ჩემი თანამშრომლები მინიმუმ 600 ლარს წაიღებდნენ სახლში. მუშაობის პირობებში, ცხადია, გაცილებით მეტი მიაქვთ. ასეთი რამ თბილისის არცერთ სამრეცხაოში არ ხდება, რომ მფლობელი ვინმეს ტყუილად ფულს უხიდეს. შედეგად მოხდა ისე, რომ ჩემივე თნამემამულეები, ქართველები, ჩვენები, ჯიგრები, მზიან ამინდებში სამსახურში არ ცხადდებოდნენ, სამაგიეროდ, წვიმიან ამინდში ყველა იქ მეჯდა, კაფეში (სამრეცხაოს თავისი კაფე აქვს), რადგან იცოდნენ, რომ “მუქთა” ხელფასი უნდა აეღოთ. რა თქმა უნდა, შემდგომში ყველა დავითხოვე, მაგრამ იქამდე ხდება ერთი საყურადღებო რამ, სამუშაოდ ამყავს ლუისი და ელაიჯა, ორი აფრიკელი ახლგაზრდა (ერთ-ერთი მათგანი ამ ვიდეოს გმირია), მე და ჩემი პარტნიორი ვუხსნით ამ სახელფასო პირობებს და… აი, აქ ხდება ყველაზე საინტერესო: ლუისი გვეკითხება, რატომ უნდა მომცეთ წვიმიან ამინდში ხელფასი, მე ხომ ვიცი, რომ პროცენტულ გამომუშავებაზე ვარ და რა თქვენი ბრალია, წვიმა თუ მოვიდაო… და როცა ქართველები, ჩემები, ჯიგრები, მზიან ამინდებში სახლებში ისხდნენ და ისვენებდნენ, ლუისი და ელაიჯა მუშაობდნენ და როცა წვიმიან ამინდებში ჯიგრები, ჩემები, ქართველები სამრეცხაოს კაფეში ისხდნენ და ყავას მიირთმევდნენ (რა თქმა უნდა ამასაც ჩემ ხარჯზე), იმის იმედად, რომ საღამოს გარანტირებული 20 ლარი სახლში უნდა წაეღოთ, ლუისი და ელაიჯა, ასეთ დღეებში, შეგნებულად არ მოდიოდნენ და სახლში ისვენებდნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ, მოსვლით მე და ჩემს საქმეს გვაზარალებდნენ. აი, ესაა რეალობა. დასკვები თავად გააკეთეთ. მე უკვე გაკეთებული მაქვს და ვერ და არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ საქართველოს ფერადკანიანები დაღუპავენ, ან კიდევ ვინმე სხვა. ერთადერთი, რამაც მართლა შეიძლება დაგვღუპოს, ეს ჩვენი ამპარტავნებაა, თუმცა ჩვენ ამას ვერასდროს გავიგებთ“.

წინა პოსტი

სკანდალი - სახალხო დამცველის მოადგილის სისხლიანი პრემია-დანამატი

შემდეგი პოსტი

როგორ მოუგო ჟურნალისტმა ეკა ბესელიას სასამართლოში