მთავარი»Slider»ოქროს ციხე – კლდეში შეზრდილი უნიკალური თავდაცვითი სისტემა

ოქროს ციხე – კლდეში შეზრდილი უნიკალური თავდაცვითი სისტემა

1
გაზიარებები
Pinterest Google+

ოქროს ციხე (სამცხე-ჯავახეთი) – ერთ-ერთი ყველაზე დიდი ციხეთაგანი საქართველოში, სოფელ ბოლაჯურის მახლობლად. იგი უზარმაზარ კლდოვან მასივზე დგას და ძნელი მისადგომია (ზოგიერთი მხრიდან მიუდგომელიც). სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში.

აქ გამაგრებულნი ძალიან დიდ ტერიტორიას უწევდნენ კონტროლს, კარგად უთვალთვალებდნენ გზებსაც და ციხის მდებარეობისა და სიმტკიცის გამო, ალყასაც დიდხანს უძლებდნენ. ოქროს ციხე ხშირად იხსენიება მესხური დავითნის ქრონიკაში (XVI ს.), რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი. 1578 წელს, თურქი სარდლის ლალა-ფაშას შემოჭრის დროს, ოქროს ციხეში იყო გამაგრებული ქაიხოსრო ათაბაგის მეუღლე დედისიმედი, რომელიც ამაოდ ცდილობდა სამცხის გადარჩენას დამპყრობელთაგან.
ციხის ზემო ნაწილი კლდოვანი ქედის კეხზეა. მისი კედლები ჩრდილოეთითაც და სამხრეთითაც ეშვება. ციხის უდიდესი ნაწილი სამხრეთის ფრთაზეა, სადაც კედლების რამდენიმე (თითქმის პარალელური) მწკრივია. კედლების მცირე ბურჯების გარდა, ციხის ფარგლებში რამდენიმე უფრო მოზრდილი კოშკიცაა. ერთი მათგანი უმაღლეს კლდეზე დგას და მთელ ციხეს დაჰყურებს. ციხის გეგმა რთულია. დონე ყოველ ნაბიჯზე იცვლება. კედლები კლდეებთანაა შეზრდილი, მათი საძირკვლის ხაზი აღმა-დაღმა მისდევს კლდეებს.

კედლები უხეშად დამუშავებული ლოდებითაა ნაშენი და ზოგან 10 მეტრზე მეტ სიმაღლეზეა შენარჩუნებული. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. იგი ოთხივე მხრივ დიდი ლოდებითაა შემოფარგლული, სიმაღლით დაახლოებით 1,5 მეტრია, სიგანით კი – უფრო ნაკლები. კედლის სისქე შესასვლელთან ორ მეტრს აღემატება. დარჩენილი ბუდეები მოწმობს, რომ აქ ორფრთიანი კარი იყო. საკეტად უზარმაზარი ურდული ჰქონდათ. კედელში დარჩენილია მისი ბუდე. შესასვლელის წინ დამატებითი კედელია აშენებული, ხოლო ზედ შესასვლელის თავზე გაკეთებულია დიდი სალოდე; ამ ადგილამდის შემოჭრილ მტერს ზედ თავზე აყრიდნენ ქვებს, ასხამდნენ ცხელ ფისს. შიგ ციხის ფარგლებში შეღწევის შემდეგაც თავდამსხმელს ბევრი სიძნელე ეღობებოდა წინ. დამცველებს ცალკეულ კოშკებშიც შეეძლოთ გამაგრება.

ოქროს ციხე თავისი ფართობით ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში, რომელიც მდინარე ქვაბლიანის ხეობის  35 სოფელში მოსჩანს.

მდ. ქვაბლიანის მარცხენა სანაპიროზე განლაგებული სოფლებიდან საყურადღებოა იჯარეთი, სადაც შემორჩენილია სამონასტრო კომპლექსის ნაშთები, მათ შორის სამრეკლო (XIII საუკუნის).  აგრეთვე, სოფელი ლელოვანი რომლის სამხრეთ დასავლეთით 3 კმ-ში  მდებარეობს ტყიან ფერდობებს შორის მოქცეული ულამაზესი ხელოვნური ტბა      . აღსანიშნავია ნასოფლარებით გარშემორტყმული  სოფელი უდე, სადაც აღმოჩენილია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის განძი. აქ არის ციხის ნანგრვები და ღვთისმშობლის  ეკლესია (XIV-XVI სს). სოფელ უდის აღმოსავლეთით მდებარეობს სოფელი  არალი, შუასაუკუნეების ეკლესიით, მას ამჟამად 7 ნასოფლარის ტერიტორია უკავია.

წინა პოსტი

მაპატიეთ! თუ ჩემი უნებლიე ლაივ ჩართვით ვერ გაგახარეთ!

შემდეგი პოსტი

გურიის უდაბნოს წმიდა იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტერი