მთავარი»პოლიტიკა»ოპოზიციის წევრებმა ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ ერთიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ოპოზიციის წევრებმა ე.წ. გერმანული მოდელის შესახებ ერთიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს

2
გაზიარებები
Pinterest Google+

ოპოზიციური პარტიების 30-მდე წარმომადგენელმა ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ხელმომწერებს შორის არაა პატრიოტთა ალიანსი. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ეს დოკუმენტი გაეგზავნებათ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვებისთვისაც გახდება საჯარო.

პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლის იდეა სამოქალაქო სექტორმა გააჟღერა, რასაც ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი. ვინაიდან კანონპროექტის ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების უკმაყოფილება დასახელდა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მოდელი მათ პარლამენტში მოხვედრასაც ითვალისწინებდა.

კერძოდ, მოდელის მიხედვით, პარლამენტში ადგილები არჩევნებზე მიღებული ხმების შესაბამისად განაწილდება. მისი საშუალებით, გამარჯვებული მაჟორიტარები იღებენ მანდატებს და შემდგომ მათ პარტიული სიიდან ემატებათ იმდენი დეპუტატი, რამდენიც მათ პროპორციის შესაბამისად ეკუთვნით.

  • რას ნიშნავს გერმანული მოდელი საქართველოსთვის

მმართველი გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდა, მათი მტკიცებით ეს მოდელი არაკონსტიტუციურია. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ თემა დახურულია და ისინი სხვა ფორმატზე აღარ იმსჯელებენ.

თუმცა დღეს, 29 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ანგარიშს უწევენ დიპლომატიურ კორპუსს” და მზად არიან შეხვდნენ ოპოზიციას ე.წ. გერმანულ მოდელზე სასაუბროდ. მისი თქმით, შეხვედრა ხვალ, 30 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში გაიმართება.

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან. მეც მქონდა კომუნიკაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ელჩებთან. მათი ინიციატივაა, მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომლებსაც ოპოზიციის მხრიდან ისინიც ხედავენ, იქნებ დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში. კონსულტაციების საფუძველზე, საბოლოო ჯამში, ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს”, — განაცხადა მან.

on.ge

წინა პოსტი

რუსული ენისა და კულტურის ცენტრის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გახსნაზე საჯარო უარს ვაცხადებთ

შემდეგი პოსტი

„ლელო“, „შენების მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“ პოლიტიკურ თანამშრომლობას იწყებენ