საზოგადოება

ნუთუ ასე გვიჭირს და ნუთუ ასე დავეცით ლარის გამო, რა მაგალითს ვაძლევთ შვილებს?

“ამას იმიტომ არ ვწერ რომ ვინმემ მაქოს და მადიდოს. უბრალოდ, მგონია რომ დასაწერი ამბავია.
ღამით,  ათის ნახევარზე, ვდგავარ დიღმის მასივში, პოლიციის მოპირდაპირედ, გაჩერებასთან. ქუხს, ელვაა, სავარაუდოდ, წვიმას აპირებს. შორიახლოს, სპორტული ჩანთით, ასე, ცამეტ-თოთხმეტი წლის ბიჭი აჩერებს ტაქსს და ცხადია, სადღაც წაყვანას სთხოვს. ვიფიქრე, ამ ღამის საათებში, ეს ბავშვი ვინმე ნაძირალას არ გადაეყაროს… ამასობაში, ბიჭს ორმა ტაქსის მძღოლმა უთხრა უარი. მივუახლოვდი და ვეკითხები, საით მიდიხარ, იქნებ დიდი დიღმისკენ მოდიხარ და წავიდეთ მეთქი. არაო, გაგარინის მოედანზე მინდა ასვლა, 4 ლარი მაქვს და უარს მეუბნებიანო. კარგი მეთქი, შვილო, ლარს მე დაგიმატებ და 4-ად თუ უარს გეუბნებიან, 5-ად მაინც აგიყვანენ, გაგარინი არც ისე შორს არის მეთქი.
გაწითლდა. არაო, იყოსო.
არაფერია მოსარიდებელი მეთქი. აბა, ასე სადამდე იქნები… ბოლოს მადლობაო. გამომართვა და ისევ აჩერებს ტაქსებს, სთავაზობს 5 ლარს და ისევ უარს ეუბნებიან.
მოდი მეთქი, შვილო, ერთად გავაჩეროთ, მე დაველაპარაკები. სხვას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი, ორი ტაქსი გავაჩერე და ორივემ ცივი უარი გვტკიცა დიღმის მასივის პოლიციიდან გაგარინამდე აყვანაზე. მესამემაც უარი რომ თქვა და დაძრა მანქანა, მივუკაკუნე, მაშ რამდენი მეთქი და – 7-იო, შემომიბღვირა. 6-ად არა მეთქი?! კაი, ჯანდაბასო.
ბიჭი ჩავსვი და საკუთარი შვილივით დავარიგე, სახლში დროზე მიდი მეთქი, შვილო და ორლარიანი მივაჩეჩე, ყოველი შემთხვევისთვის.
დიახ, არ ვიცი, ვისი შვილი იყო, მაგრამ ამ ცივსისხლიანების შემხედვარეს ხომ დაამახსოვრდება რომ ვიღაცა მაინც მოექცა ადამიანურად და ეგებ, რომ გაიზრდება, თავადაც ასე მოიქცეს.
მე იმ ლარის ლარობას ან იმ კაცის ღორობას რა ვუთხარი, 1 ასეთ ლარს რომ დახარბდება, თანაც ასეთ სიტუაციაში. ნუთუ ესე გვიჭირს და ნუთუ ესე დავეცით, ლარის გამო?! და ამით რა მაგალითს ვაძლევთ ისევ ჩვენს შვილებს?!” – წერს ფეისბუქზე ლევან ცალუღელაშვილი. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close