საზოგადოება

„მოვითხოვთ შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ გაყვანას და სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას“ – ე.წ სამხეთ ოსეთის საგარეო უწყება

ე.წ სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზთან ქართული მხარის მიერ საგუშაგოს მშენებლობას სიტუაციის დემონსტრაციულად გამწვავებად აღიქვამს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დე ფაქტო უწყება განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიმართ პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმის გამო, რომელსაც თან ახლავს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების ყოფნის გაზრდა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის მთელ პერიმეტრზე, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

სამხრეთ ოსეთი კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ყველა შეიარაღებული ფორმირების დაუყოვნებლივ გაყვანას და უკანონო სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტას. წინააღმდეგ შემთხვევაში სიტუაციის განზრახ გამწვავების გამო ყველა შესაძლო შედეგზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას და მის დასავლელ კურატორებს დაეკისრებათ“, – ხაზგასმულია „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთი“ დღევანდელ მდგომარეობას ადარებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის წინ შექმნილ სიტუაციას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ რომ, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვა. ულტიმატუმის ვადა კი 30 აგვისტოს, 06:00 საათაზე ამოიწურა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close