საზოგადოება

“მოგმართავთ მეგობრებო, კოლეგებო, გავავრცელოთ ერთობლივი მიმართვა საერთაშორისო საზოგადოების და აშშ-ს მისამართით“

უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ოკუპაციის ფონზე აშშ-ს  და ევროპელი პარტნიორების განცხადებები არ არის საკმარისი პროცესების შესაჩერებლად და საჭიროა  მკვეთრი პოზიციების დაფიქსირება მათი მხრიდან.

“მოგმართავთ მეგობრებო, კოლეგებო, ექსპერტული წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებო, აქტივისტებო: გავავრცელოთ ერთობლივი მიმართვა საერთაშორისო საზოგადოების, საერთაშორისო მისიების, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ის და ევროკავშირის მისამართით, რომ ხმა აიმაღლონ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების წინააღმდეგ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუშინდელი განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, იყო უკბილო და უხერხემლო და არაფრისმომცემი.

საერთაშორისო საზოგადოებამ მკვეთრად უნდა დაუფიქსიროს რუსეთს, რომ ნებისმიერი ძალისმიერი ქმედება განხორციელებული ქართული საგუშაგოს მიმართულებით იქნება აღქმული, როგორც რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყება საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ და განხორციელდება შესაბამისი სანქციები.

ჩვენ კი ჩვენდათავად ღიად და მკაფიოდ დავუფიქსიროთ ჩვენს სტრატეგიულ პარტიორებს, რომ ამ ვითარებაში საქართველოს დატოვება ევროკავშირის მისიის მსგავსი არაფრისმთქმელი განცხადებების ამარა, ჩვენი მხრიდან აღიქმება როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაწირვა. დღეს ჩვენი ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია და ეს ყველამ უნდა დაინახოს” – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close