საზოგადოება

მიწა ღვთისაა! – 27 წლის ბერი, რომელიც სამშობლოს სიყვარულისთვის დახვრიტეს

მამა ანდრია ( 1966-1993, ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი ) სულ რამდენიმე წლის მოქცეული იყო ქრისტეს სარწმუნოებაზე, როდესაც მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე.

“განათლებული და სრულიად განწმენდილი, არამიწიერი, ღვთაებრივი ნათელით, ის ღირსი გახდა უდიდესი ასკეტური ღვაწლისა – მოწამეობრივი ცხოვრებისა ქრისტესთვის” (მორჩილი მარიამი).

ყურაშვილების რვაშვილიანი ოჯახიდან ოთხი საეკლესიო მოღვაწე გამოვიდა… 1992 წლის 3 აპრილს, საკუთარ დაბადების დღეზე პაატა ყურაშვილი ბერად აღიკვეცა… და ეწოდა მას ბერი ანდრია, საპატივსაცემოდ ანდრია პირველწოდებულისა…

იმავე წლის აგვისტოში ის მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს.

ასკეტური ცხოვრებას შეუდგა 26 წლის ბერი… ფსალმუნებს ყოველდღე სრულად კითხულობდა, დღეში 200 მეტანიას ასრულებდა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს დაუჯდომელს უკითხავდა…

თითქმის არაფერს ჭამდა, საწოლის ნაცვლად ფიცრებზე ეძინა.

არც ფიზიკურ შრომას ერიდებოდა, მიწას ამუშავებდა, პურსა და სეფისკვერს თვითონ აცხობდა.

დიდი თოვლი მოვიდა ზამთარში … სხალთაში ჩარჩენილმა 5 თვე მონასტრეში მარტომ ისე გაატარა ერთხელაც არ დაუჩივლია… მალე მეუფე დანიელმა ახალგაზრდა მამა სამოღვაწეოდ აფხაზეთში გადაიყვანა და მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სოხუმიდან 15 კილომეტრით დაშორებულ კამანში წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრად დანიშნა.

 

მის დანიშვნამდე ეკლესიაში მღვდელმსახურება არ ტარდებოდა… მამა ანდრიას აქ ჩამოსვლა მაშინვე უფლის მიერ მოვლენილად მიიღო დიდმა თუ პატარამ…

აფხაზეთში კი ამ დროს ძმათაშორის ომი მიდიოდა… “ვიღაცის” პოლიტიკას შეწირული ქართველები და აფხაზები ერთმენთს არ ინდობდნენ…

სასოწარკვეთილება და შიში იპყრობდა ყველას…

მამა ანდრიას მოკრძალებული ღიმილი, უწყინარი საუბარი და სიმშვიდე იყო მრევლის ნუგეში…

თავმდაბალი და მორიდებული, მოკრძალებული და თავაზიანი, მომთმენი და დიდსულოვანი…

იშვიათად ბრაზდებოდა…

ადამიანურ სისუსტეს საოცარი სულგრძელობითა და სიყვარულით მიუტევებდა ხოლმე და ადამიანებსაც ომის მძვინვარებაში სულ მასთან უნდოდათ ყოფნა…

რაც გააჩნდა, უსაზღვროდ გასცემდა… როცა გაჭირვებულს ეხმარებოდა, პატარა ბავშვივით ხარობდა.

არაერთი ხეიბარი გადაარჩინა და ტაძარში შეიფარა.

სვანებით დასახლებულ კამანში მაღლობზე მდებარე წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარი ერთადერთი ეკლესია იყო, მაშინ აფხაზეთში ქართულად რომ ატარებდა წირვა-ლოცვას.

1993 წლის 5 ივლისს კამანი ჩაიკეტა.

აფხაზებმა სოფელი ალყაში მოაქციეს.

მამა ანდრია გრძნობდა, სიკვდილი ახლოს იყო… მაგრამ თავს სასოწარკვეთის ნებას როგორ მისცემდა …. მას ხომ მრევლი უყურებდა… მერე რა თუ სროლის ხმა უკვე ეკლესიის ახლოს მოისმოდა.

უცებ ყვირილის ხმა შემოესმა, კამანის ინვალიდთა სახლის მოხუცები დახმარებას ითხოვდნენ.

მამა ანდრია არ შეშინდა… ტყვიების წვიმაში გაეშურა მოხუცებისაკენ.

ღამის 3 საათზე მოძღვარმა ეკლესიაში მყოფნი აზიარა.

დილის ხუთის ნახევარზე ტაძარს ალყა შემოარტყეს.

მოძღვარი ტაძრიდან გაიყვანეს… იარაღის გამომზიურებით ცდილობდნენ მოძალადეები პირველი ეტაპისთვის სულიერად გაენადგურებინათ, მერე კი მოეკლათ ახალგაზრდა, ქართველი ბერი…

“ეს მიწა ქართველებისაა თუ აფხაზების?!

ზეცას აღაპყრო თვალები მამა ანდრიამ… თავადაც არ იცოდა, როგორ პოულობდა ძალას შეენარჩუნებინა ასეთი სიმშვიდე… გარკვევით, სათნოებით წარმოთქვა:
” მიწა ღვთისაა! …”
ამის თქმა იყო და კისერში ესროლეს.

იმის ნაცვლად, რომ წინ დაცემულიყო, როგორც ჩვეულებრივ ხდება, მამა ანდრია ზურგით დაეცა…

ზეცას მიშტერებული დარჩა უკანასკნელი მზერა…

ეკლესიაში გამოკეტილებმა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაიგეს, რომ მათი მოძღვარი მოკლეს.

ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი, 27 წლის მამა ანდრიას – სხეული მიწაზე იდო…

სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებდა.

კამანის ეკლესიის მრევლმა თვალნათლივ იხილა სასწაული. ივლისის თაკარა სიცხეში მამა ანდრიას სხეული უხრწნელი დარჩა. გვამს ჭრილობიდან სისხლი ისევ სდიოდა და მკვლელობის ადგილას დაღვრილიც არ დედდებოდა. ამ სასწაულს აფხაზებიც შეესწრნენ. ბევრი მათგანი შენდობას ითხოვდა, წუხდა და თვალზე მომდგარ ცრემლს ვერ მალავდა. მათგან ზოგმა მამა ანდრიას მკვლელზე შურისძიებაც მოინდომა, მაგრამ სხვებმა ამის უფლება არ მისცეს. მკვლელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ თავად აფხაზებმა აცნობეს მრევლს, რომ მამა ანდრიას მკვლელი ნაღმზე აფეთქებულიყო.

მამა ანდრიას სხეული 7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კამანში ეკლესიასთან ახლოს დაკრძალეს. საფლავზე ხის ჯვარი აღმართეს. მამა ანდრიამ ქართულ ეკლესიებსა და მონასტრებს უანდერძა დიდებულად თარგმნილი “სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის”.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close