Uncategorized

ლოსანჯელესელი მაკლაინების მეგრული ისტორია

საგაზაფხულო სამუშაოები სოფლებში უკვე დაწყებულია – გლეხები მიწას ამუშავებენ. ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართული ლოსანჟელესიდან სამეგრელოში დასახლებული მაკლაინების ოჯახი. ისინი აქტიურად ამუშავებს თავიანთ ბაღ-ბოსტანს და ნატურალური პროდუქტები მოყავთ. შარშანდელი მოსავლით კმაყოფილები იყვნენ და წელსაც დარწმუნებულები არიან რომ უკეთესი მოსავალი ექნებათ. ბროდი და ქეითი მაკლეინები ლოსანჟელესიდან საქართველოში 6 წლის წინ ჩამოვიდნენ, მოიარეს მთელი საქართველო. იმდენად მოეწონათ აქაურობა საცხოვრებლად აქ გადმოსვლა გადაწყვიტეს. დიდხანს არჩევდნენ საცხოვრებელ ადგილსაც და მარტვილის ლამაზი ბუნება ისე მოეწონათ, საბოლოოდ იქ დასახლდნენ. სოფელ დიდი ჭყონში დიდი ეზო იყიდეს, თავიანთი გემოვნებით ჩადგეს კოხტა სახლი და უკვე ისე მიეჩვივნენ სოფლის ცხოვრებას, თავს ბედნიერად გრძნობენ. ქართულიც ისწავლეს და მეგრულიც. საქონლის და ღორების ფერმაც მოაშენეს და შვილებთან ერთად ბევრს შრომობენ. ახალგაზრდა წყვილი მათთან ამერიკიდან ჩამოსულ სტუმრებსაც მასპინძლობენ და სამეგრელოს კულტურას და ლამაზ ბუნებას აცნობენ. მაკლაინები აქტიურად არიან ჩართულები საგანმანათლებო საქმიანობაშიც. სოფლის ცენტრში ოთახი იქირავეს და დედა და მისი ქალიშვილები სოფლის ბავშვებს ინგლისურს ასწავლიან. გოგონები ქართულად და მეგრულად მშვენივრად საუბრობენ.

ბროდი და ქეით მაკლაინებს სამი შვილი ჰყავთ, მათი უფროსი ვაჟი სასწავლებლად ამერიკაში წავიდა. მშობლებთან მადალინ და ანაბელ მაკლაინები ცხოვრობენ. ახლა მათ ეზოში ლამაზი ნარცისები ხარობს. ამბობენ, რომ ყველა სეზონის ყვავილები აქვთ ეზოში დარგული. გამწვანებულია გარემო, აყვავილებულია ხეები და მართლაც სასიამოვნო გარემოა. მომღიმარი მასპინძლები თავიან სოფლურ ცხოვრებაზე სიხარულით საუბრობენ.

ქეით მაკლაინი:

_ ჩვენ ვართ ამერიკიდან, ვცხოვრობდით ლოსანჟელესში, ეს წლები უამრავ ქვეყანაში ვიმოგზაურეთ. ჩემი მეუღლე პირველად მარტო ჩამოვიდა საქართველოში, რომ დაბრუნდა, თქვა, საქართველო ძალიან ლამაზია და იქ უნდა დავსახლდეთო. მერე ჩვენც წამოვედით და მივხვდით, ეს იყო ის ქვეყანა, სადაც უნდა გვეცხოვრა. 6 წელია აქ ვართ. თავიდან 6 თვე თბილისში ვცხოვრობდით. დავდიოდით სხვადასხვა კუთხეში, დავათვალიერეთ საქართველოს ყველა კუთხე. იმდენად მოგვეწონა სამეგრელო, აქ ცხოვრება გადავწყვიტეთ.Aქართულის შესწავლა თბილისში დავიწყეთ, დავდიოდით ენის კურსებზე, ენა ცოტათი ვისწავლეთ. სამეგრელოში ვეძებდით მშვიდ და კარგ ადგილს, სადაც საბოლოოდ დასახლებას შევძლებდით. 2 თვე სოფელ მუხურში ვიყავით. იქ ბინა ვიქირავეთ, იმ სახლში ჩვენთან ერთი მოხუცი კაცი ცხოვრობდა, თან დავდიოდით სხვადასხვა ადგილებში, მარტვილის ბუნებამ ყველაზე მეტად გაგვიტაცა, ბოლოს დიდი ჭყონში მოვხვდით, გავაჩერეთ მანქანა და მამაკაცს ვკითხეთ, ვინმე სახლს ხომ არ ყიდდა, ან მიწას, გვანახეს ეს ეზო, რომელიც სოფლის ცენტრიდან ძალიან ახლოს არის. მოველაპარაკეთ სახლის პატრონს და ვიყიდეთ. იქ ჩავდგით ჩვენი გემოვნებით ეს სახლი, ლამაზად მოვაწყვეთ ჩვენი ეზო. აქ არის სიმშვიდე და კარგი გარემო. სამი შვილი გვყავს, ბიჭი და 2 გოგონა. ბავშვები ქართულად ძალიან კარგად საუბრობენ. ბიჭი წელს გახდა სრულწლოვანი, 17 წლის არის და ამერიკაში დაბრუნდა, იქ ჩააბარა უნივერსიტეტში და იქ უნდა ისწავლოს. ძალიან უხაროდა რომ მიდოდა. იმედი მაქვს სწავლას რომ დაამთავრებს, ისევ საქართველოში დაბრუნდება. თუმცა ჯერ დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მიყვარს საქართველო, განსაკუთრებით სამეგრელო. აქ ხალხმა ძალიან თბილად მიგვიღო. კარგი ხალხი ცხოვრობს, კლიმატი იცვლება, ლოსანჟელესი სულ მზიანია, აქ ხან წვიმს. ხან მზეა, ხან თოვლია და ეს მიყვარს. უკვე მოგვანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა. პირველი 2 წელი, როცა გვხედავდა ხალხი, ფიქრობდნენ, რომ გიჟები ვართ. სულ ისმოდა შეკითხვა, რა გინდათ აქ? ახლა სოფელში ყველა გვიცნობს, ყველასთან მეგობრული და მეზობლური ურთიერთობა გვაქვს, ყველა კარგად გვხვდება. როცა უცხოელს ხედავენ, პირდაპირ რუსულად გელაპარაკებიან, რატომღაც გონიათ, რომ რუსული უნდა იცოდე და უნდა უპასუხო, მაგრამ როგორც ქართული არ ვიცოდი, ისე არ ვიცოდი რუსული, მაინც დანახვისთანავე რუსულად გიხსნიდნენ რაღაცას. ახლა ვლაპარაკობთ ქართულად, ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ ნელ-ნელა ვსწავლობთ. ძალიან მოგვწონს აქაური ურთიერთობები. ასეთი ურთიერთობები არ არის ამერიკაში. აქ კარგი მეზობლობა იციან, ლოსანჟელესში 15 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყველა მუშაობს და არ სცალიათ ერთმანეთისთვის. არც მეზობლები იცნობენ ერთმანეთს. აქ მეზობლებთან ვმეგობრობთ და შეგვიძლია ერთმანეთთან ვიაროთ, ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთად ვისხდეთ და ვისაუბროთ. რომ გააკეთებენ კარგ კერძებს გვეძახიან, ჩვენც ვეძახით და ასე ვართ.

ბროდი:

– მეზობლები გვერდში გვიდგანან. მაქვს პროექტები განსახორციელებელი და მათ დახმარებაც იციან, რჩევებსაც მოგცემენ. მე არ ვიცი ვთქვათ სად არის ტრაქტორი, ან საიდან უნდა მოვიტანო სამშენებლო მასალები, ამ ყველაფერში მეზობლები გვეხმარებიან.

_ რა ბიზნესი გაქვთ?

_ ახლო მდებარე სოფელში, კიწიაში, ვიყიდე მიწა და იქ მაქვს ბიზნესი, მყავს ძროხები და ღორები. ერთი ოჯახი გვეხმარება, ვფიქრობ ბიზნესის გაზრდაზე. გეგმა ბევრი გვაქვს, იმედია გამოვა. გავყიდით გოჭებს, საქონელს და ასე უფრო მეტად განვითარდება ჩვენი ბიზნესი. ძირითადად სოფლის მეურნეობას მივდევთ. სოფელში ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ხალხმა კარგად იგრძნოს თავი. სოფელი უნდა განვითარდეს. აქ თხილის ბიზნესი აქვს ძირითადად, მაგრამ ფაროსანას გამო თხილი აღარ ვარგა. მეც ვაპირებდი თხილის პლანტაციები გამეკეთებინა, მაგრამ მივხვდი, რომ აზრი აღარ აქვს, სანამ ფაროსანას პრობლემა იქნება თხილის მოსავალი აღარ იქნება. ეზოში 100 ძირი თხილი გვაქვს და ფაროსანამ შეჭამა როგორც თხილი, ასევე ხეხილი. სოფელში უფრო კარგი განათლება სჭირდებათ ახალგაზრდებს, ამაში უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, ჩვენც ვეხმარებით.

– როგორც ვიცით, ინგლისურს ასწავლით ბავშვებს, მსურველები ბევრია?

ქეითი:

_ ბევრს უნდა ისწავლოს ინგლისური. ჩვენი სკოლა მუშაობს და ბავშვები ზაფხულშიც გვყავდა. ენის სწავლას დიდი დრო სჭირდება. 3-4 საათს როცა უთმობ ინგლისურს, ეს უკეთესია ენის შესასწავლად, რადგან ისმენენ ბევრ რამეს და უფრო მეტად ამახსოვრდებათ. ჩვენ ვასწავლით მათემატიკას, ისტორიას, მეცნიერებასაც ინგლისურად, რომ მეტი იცოდნენ და უფრო მეტად შეძლონ საუბარი გამართული ინგლისურით. გვინდა შევქნათ ინგლისური სკოლა, სადაც ყველა საგანს შეისწავლიან ინგლისურად და ამ გზით მერე აქედან შეეძლებათ ბავშვებს ჩააბარონ ამერიკის და მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებში და იქ გააგრძელონ განათლების მიღება. ჩვენ ამჟამად 20 ბავშვის მიღება შეგვიძლია ჩვენს სკოლაში. მნიშვნელოვანია რა განათლებას მიიღებენ ბავშვები. აქ ხალხი სხვაგვარად ფიქრობს, თვლიან, რომ თავიდან ინგლისურის დაწყება არ არის მნიშვნელოვანი, ამბობენ, როცა წამოიზრდებიან, მერე ვასწავლითო, მათ ვეტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანია შვილებს საფუძვლიანი განათლება თავიდან მიცეთ. თავიდან თუ დაიწყებენ, ეს უფრო ადვილია, ვიდრე მე-10-11 კლასში გააბარო ბავშვი. ამ ზაფხულს 14 ბავშვი გვყავდა, სულ მაქვს 20 ადგილი და შევსებულია. კარგი გარემოა მოწყობილი, გვაქვს ამერიკული ლიტერატურა. თვალსიჩინოებები, თამაშ-თამაშით ვასწავლით ინგლისურს. ვფიქრობ მომავალში გავაფართოვო სკოლა. გვინდა დავეხმაროთ ხალხს ჩვენი შესაძლებლობებით. ჩემი ქალიშვილებიც მეხმარებიან ამაში. _ თქვენი გოგონები ქართულ სკოლაში სწავლობენ?

მადალინი, 16 წლის:

_დედას ვეხმარებით მე და ჩემი და სკოლაში და ეს ბავშვებს მოსწონთ. ჩვენ არ დავდივართ ქართულ სკოლაში, განათლებას სახლში ვიღებთ. ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან მოგვწონს. დღეში 4 საათი მე და ჩემი და წიგნებთან ვზივართ და ვსწავლობთ ამერიკული პროგრამით. ასე ისწავლა ჩემმა ძმამ დისტანციურად და ჩააბარა ამერიკულ უნივერსიტეტში. ალბათ მერე ჩვენც ჩავაბარებთ და წავალთ სასწავლებლად ამერიკაში. თუ რამეს ვერ გავიგებთ მშობლებს ვეკითხებით და ისინი გვეხმარებიან. განათლების მიღება აუცილებელია, ეს კარგად ვიცით. ყოველდღე ვსწავლობთ, ვამზადებთ გაკვეთილებს. მერე დედასაც ვეხმარებით სკოლაში. ვმუშაობ სახლშიც, მე ქათმებთან, ქათმებიც გვყავს ბევრი. ცოტა ძაღლმა გვაზარალა ამ ზაფხულს და წიწილები შეგვიჭამა, მაგრამ არაუშავს. წელს უფრო მეტ წიწილას ვიყიდით და გავზრდით. ჩემი უმცროსი და ანაბელი, ღორებს უვლის. კარგი მეგობრები გვყავს სოფელში და მათთან ერთად ვთამაშობთ ჩვენს მინდორში. ჩვენი ძმა რომ წავიდა ეს ძნელია, მაგვენატრება, მაგრამ შობას და სხვა დღესასწაულებზე ჩვენთან ჩამოვა.

15 წლის ანაბელი:

– ჩემი ძმის წასვლის შემდეგ ღორების ფერმა მე გადმომაბარეს. მაგრამ მხოლოდ იმ ღორებს ვუვლი, რომელიც სახლში გვყავს. ფერმა კიდევ აქვს მამას სხვა სოფელში. იმას მამა უვლის. დედა ღორები გვყავს სახლში და მე მათ ვაჭმევ საჭმელს. გოჭების დაბადება ძალიან მიხარია. ძალიან პატარები და კარგები არიან. რომ გაიზრდებიან ვყიდით გოჭებს. დედას საჭმელების მომზადებაშიც ვეხმარებით. ზამთრისთვის ზაფხულში ვინახავთ კონსერვებს და ამის კეთებაც გვასწავლა დედამ. მამა ბევრს შრომობს. შოფელ კიწიაში დადის ხშირად, რადგან იქ ყავს ძროხებიც. აყვანილი ყავს დამხმარე და ისიც ეხმარება მოვლაში. ნატურალური გვაქვს ყველაფერი. ყველის ამოყვანაც გვასწავლეს, რძე გვაქვს და ყველაფერს ნატურალურს მივირთმევთ. მიწის დამუშავებაშიც ეხმარებიან მამას მეზობლები. სახლშიც ვამუშავებთ მიწას და თითქმის ყველანაირი ბოსტნეული ჩვენი ხელით მოგვყავს. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით.

– საქართველოში გათხოვდებით?

მადალინი:

-ჯერ პატარები ვართ. ბევრს მოვწონვართ. უფრო მეტად ბიჭების მშობლებს, ბებიებს. მშობლებსაც ეუბნებიან თქვენი გოგონები მოგვათხოვეთო, მაგრამ ჩვენ ჯერ არ ვფიქრობთ გათხოვებაზე. ჯერ უნდა ვისწავლოთ. ვინც შეგვიყვარდება, მერე იმას გავყვებით, მნიშვნელობა არ აქვს ქართველი იქნება თუ ამერიკელი.

_გრიგოლეთშიც გაქვთ ბიზნესი?

ბროდი:

_ გრიგოლეთში ორი სახლი ვიყიდეთ. ეს ინვესტიციაა. რემონტი რომ მორჩება გავაქირავებთ სეზონზე, ლოსანჟელესიდან რომ ჩამოვედით დანაზოგი გვქონდა და იმ ფულით ვიყიდეთ ეს ყველაფერი. ახლა გვეხმარებიან ნათესავებიც და ისინიც გვიგზავნიან ამერიკიდან ფულს. გვინდა ღარიბებს დავეხმაროთ.

ქეითი:

_ სოფელში არიან ოჯახები, რომლებსაც ძალიან უჭირთ ეკონომიურად. ხალხს სამსახურის პრობლემა აქვთ. ყველას გვინდა დავუდგეთ გვერდში და დავეხმაროთ. პატარა ბიზნესი რომ დაიწყონ ჩვენსავით, ამას თანხა სჭირდება და ამის საშუალება არ აქვთ. ძალიან გვინდა ჩვენს სახლში იცხოვრონ ობოლმა ბავშვებმა და ისინი გავზარდოთ, ამ მოთხოვნით მივმართეთ კიდეც სახელმწიფოს, მაგრამ ჯერჯერობით თავს იკავებენ, ვნახოთ რა იქნება. გვინდა ძალიან დავეხმარებით ასეთ ბავშვებს უანგაროდ აღზრდაში, განათლების მიღებაში. ეს ჩვენი დიდი სურვილია და ალბათ სახელმწიფო დაგვეხმარება ამ სურვილის ასრულებაში.

_ ქეით, ქართულ კერძებს ამზადებთ?

– ძალიან მომწონს ქართული სამზარეულო და ხშირად ვაკეთებ. ხაჭაპურის გამოცხობა ვიცი, მიყვარს ნიგვზიანი ბადრიჯანი, საცივი, ღომი და მჭადი. ყველანაირი ბოსტნეული მოგვყავს ეზოში. თითქმის არაფერს ვყიდულობთ. შარშან 200 კილოგრამი პამიდორი მოვიდა, ნატურალური, შეუწამლავი, ქილებში ვხუფავთ და ზამთრისთვის ვინახავთ. ამომყავს ყველი და კვირაობით რძეს და ყველს ვყიდი ჭყონის ბაზარში. თხილის ბიზნესი არ გამოგვივიდა, რადგან ფაროსანამ გაანადგურა. ძალიან გვიყვარს სტუმრები და ხშირად მოდიან ჩვენთან. ჩემი მეუღლე უკრავს კარგად. ვუკრავთ საკრავებზე, ვმღერით და ვერთობით. აქ არის არაჩვეულებრივი ჰაერი, ბუნება, ვჭამთ ნატურალურ საჭმელებს და მეტი რა არის საჭირო ბედნიერებისთვის.

– ლოსანჟელესში დაბრუნებას არ გეგმავთ? იქ ვინ გყავთ და ისინი როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

_ იქ ჩავდივართ პერიოდულად. ჩვენი მშობლები იქ ცხოვრობენ, ვერ წარმოედგინათ რომ ასე შორს წავიდოდით საცხოვრებლად. მაგრამ როცა ნახეს ჩვენი გადაწყვეტილება მტკიცე იყო, გაგებით შევხვდნენ. თითქმის ყოველდღე ვეკონტაქტებით ინტერნეტით ერთმანეთს. ზოგჯერ ძალიან მოწყენილები არიან, ვენატრებით. საქართველოში ჩამოდიან დასასვენებლად და ჩვენს სანახავად ჩემი მშობლები, ჩემი მეუღლის მშობლები, ჩემი და და დისშვილები. მათაც მოსწონთ აქაურობა. ახლა ვაწყობთ გრიგოლეთის სახლს და ზღვაზეც დავასვენებთ. თავიდან ცოტა რთული იყო უცხო გარემოში, მაგრამ ადაპტაცია კარგად გავიარეთ. დღეს ასე ბედნიერები რომ ვართ აქ მაცხოვრებელი ხალხის დამსახურებაცაა. ისინი ისე კარგად გვექცევიან და ისე შეგვაყვარეს თავი, სხვაგან ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. ვფიქრობ, სიბერეშიც აქ ვიცხოვრებ. თუ შრომა არ გეზარება და იშრომებ, ნატურალურ საჭმელსაც შეჭამ, სუფთა ჰაერსაც ჩაისუნთქავ და ლამაზი ბუნებითაც დატკბები. ყველას ვურჩევ ამ კარგი ხალხის გაცნობას და მარტვილის ლამაზი ბუნების ნახვას. მარტვილის კანიონი ძალიან განთქმულია, ბევრი ტურისტი ჩამოდის სანახავად, მაგრამ კანიონის გარდა ძალიან ბევრი ლამაზი ადგილია აქ სანახავი, რომლის ნახვა აღგაფრთოვანებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close