მთავარი»ეკონომიკა»კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის ბერმუდის სამკუთხედი ანაკლიაში

კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის ბერმუდის სამკუთხედი ანაკლიაში

7
გაზიარებები
Pinterest Google+

თეიმურაზ ქარჩავა: მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ბოლომდე ვამხილო კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის ტრიო, რომლის მაქინაციების და აფიორის შედეგად სატენდერო კომისიამ უარი უთხრა 70 მილიარდი დოლარის ბრუნვის მქონე „პაუერ ჩაინას“ და არჩვანი სრულიად უსახო და უცნობ „კონტიზე“ გააკეთა

ვესაუბრებით კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ პრეზიდენტს, ბატონ თეიმურაზ ქარჩავას:

– 2016 წლის ივნისში დასაწყები „ანაკლია პორტის“ მშენებლობა დღემდე არ დაძრულა. არადა, ეს პუნქტი, ტენდერის ერთერთი უმკაცრესი მოთხოვნა იყო!

– მკითხველს უნდა შევახსენო: კონსორციუმ „ანაკლია პორტი და ეკო პარკის“ და მასში შემავალი, ჩინური კომპანიის „ფაუერჩაინას“ ტენდერის ბოლო ეტაპზე ჩამოშორება, დიდწილად, საქართველოს მთავრობის დამსახურებაა, რომელიც კატეგორიულად მოითხოვდა პორტის მშენებლობის დაწყებას 2016 წლის ივნისში.
ასეთი დაჟინებული მოთხოვნით ტენდერში არ დაუშვეს ხაზარაძის არც ერთი კონკურენტი 10-ზე მეტი კომპანია.

ტენდერის ფინიშზე დარჩენილი „ხაზარაძე და კონტი ჯგუფისგან“ განსხვავებით, ჩვენი კონსორციუმი რამდენიმე წელიწადი ემზადებოდა და ამუშავებდა „ანაკლია პორტის“ მშენებლობის კონცეფციას. დეტალებში იყო გათვლილი ყველა ტექნიკური საკითხი.
მივმართეთ საქართველოს მთავრობას და ასამდე შეკითხვა გავუგზავნეთ, რომელთა შესწავლა და გადაწყვეტა აუცილებლად მიგვაჩნდა, სანამ სახელმწიფოსა და ტენდერში გამარჯვებულს შორის ხელშეკრულება დაიდებოდა.

მახსენდება, ჩვენი შეკითხვების სიმრავლის გამო მთავრობიდან ასე გვიპასუხეს: – „რა შეკითხვები აგიტყდათ, თქვენი კონკურენტი ხმას არ იღებს, უპრეტენზიოდ თანხმდება სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ ტენდერის პირობებზეო?“

ის, რომ, „ხაზარაძე და კონტი ჯგუფი“ ანაკლიაში პორტის ამშენებლები რომ არ იყვნენ, ჩემთვის, მათი ტენდერში გამოჩენისთანავე იყო ცნობილი!

სინამდვილეში „ანაკლია პორტის“ ტენდერს გამარჯვებული არ ჰყოლია, რადგან, როგორც ზემოთ ვახსენე, ჩვენი კონსორციუმი, ქვეყნის მთავრობისგან სატენდერო პირობებზე უმნიშვნელოვანეს კითხვებზე პასუხების მოლოდინში თამაშგარეთ დატოვეს. ერთი სიტყვით, ჩინოვნიკებმა სახელმწიფო სამსახური პირად ბიზნესად აქციეს!

ყურადღება მიაქციეთ, რა მოთხოვნებს უყენებდა ქვეყნის მთავრობა ტენდერში გამარჯვებულს და როგორ შესრულდა იგი:
„ანაკლია პორტის“ ტენდერის პირობებით, გამარჯვებულს „ხელმოწერის თარიღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა, გამარჯვებულმა ეკონომიკის სამინისტროს მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით უნდა გადაიხადოს აუნაზრაურებადი ხელმოწერის ბონუსი 3.000.000 (სამი მილიონი დოლარის) აშშ დოლარის ოდენობით.“

ამის გარდა, ტენდერში გამარჯვებულს მზადყოფნაში უნდა ჰქონოდა – „წინასამშენებლო გარანტია ერთი წლის ვადით 20 მილიონის ოდენობით. პერფორმანს გარანტია 20 მილიონის ოდენობით ყოველი გაფართოების ფაზისათვის. დამატებითი პერფორმანს გარანტია 40 მილიონის ოდენობით, რომელიც მთელ საინვესტიციო პერიოდზე ვრცელდება.“

ტენდერში „გამარჯვებულ“ „კონტი ჯგუფს, იგივე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, არცერთი ეს პირობა არ ჰქონდა შესრულებული, ისე გამოაცხადეს გამარჯვებულად.

ვიდრე „ანაკლია პორტის“ მშენებლობის ახალ შესაძლებლობაზე ჩამოვაგდებდეთ სიტყვას, უნდა შეიქმნას სამთავრობო კომისია, სადაც მიუკერძოებელი უცხოელი აუდიტი ჩაერთვება. დეტალურდ უნდა იქნას შესწავლილი, როდორ მოხდა უფულო კონსორციუმის ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადება, რა გაკეთდა 2016 წლის 5 თებერვლიდან დღემდე, ვისი და რა ოდენობის თანხები დაიხარჯა ანაკლიაში ჩატარებულ სამუშაოებზე, მოსახლეობის გასახლებისთვის გადახდილი კომპენსაციის ჩათვლით!

დავით ქობალია
598 708600

P.S. როგოც ნახეთ, „შესანიშნავმა სამეულმა“ კვირიკაშვილ-ქუმსიშვილ-ხაზარაძის შემადგენლობით, სულ ფეხებზე დაიკიდეს „ფაუერჩაინა“ თავისი 70 მილიარდიანი ბრუნვით და ისეთი ხელოვნური ბარიკადები აღუმართეს, ისეთი აბსურდული მოთხოვნები წაუყენეს, ისეთი ჩინოვნიკურ-ბიუროკრატიული აბლაბუდები დაუხლართეს, „ფაუერჩაინა“ მიხვდა, რომ ამათთან საქმის დაჭერა არ ღირდა.

როგორც ამბობენ, სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ის კაცი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანა და დაარწმუნა, „ფაუერჩაინა“ თვითონ ამბობს უარს პროექტის განხორციელებაზე და საკუთარი ნებით ტოვებს ასპარეზსო.

შედეგი ქვეყანას ხელთ შერჩა მოპარტახებული ანაკლიის სანაპირო და პორტის აშენების გაურკვეველი, ბუნდოვანი პესიმისტური პერსპექტივა.

ტენდერი რომ მიკერძოებულად, კანონის სრული დარღვევით, სატენდერო პირობების უგულვებელყოფით ჩატარდა, ამის გამორკვევა ადვილზე ადვილი საქმეა, თუ ხელისუფლება მოინდომებს და იმ დოკუმენტებს გადაავლებს თვალს, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სამწუხარო და გამაოგნებელ ისტორიას ასახავს.

კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ამ დოკუმენტების შესწავლა, ალბათ, შეუძლებელი იყო, რადგან უნდა ვივარაუდოთ, რომ კვირიკაშვილი თვითონ მონაწილეობდა და თვითონ ლობირებდა ანაკლიის პორტის ტენდერის გაყალბებასა და ფალსიფიკაციაში.
იმედი ვიქონიოთ, რომ ახალი მთავრობა ობიექტურად შეისწავლის ანაკლია პორტთან დაკავშირებულ ყველა საკითხს და ამ საუკუნის აფიორაში მონაწილე ყველა პირს სათანადოდ მიუზღავს.

კვირიკავილი, ქუმსიშვილი, ხაზარაძე – ქართული ეკონომიკის ბერმუდის სამკუთხედი იყო, სადაც ნელ-ნელა იძირებოდა და უჩინარდებოდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა.
მადლობა ღმერთს, ეს სამკუთხედი დაიშალა, მაგრამ სანამ ძირფესვიანად არ აღმოიფხვრება და არ ამოძირკვება ის შხამიანი ფესვები, რაც მათ ქართული ეკონომიკის წიაღში ასე ღრმად ჩაუშვეს, მანამდე ეკონომიკის წინსვლა უკიდურესად შეფერხდება.

დ.ქ.
“საერთო გაზეთი”, №2 (507) 30 იანვარი 2019.

 

წინა პოსტი

კობა სუბელიანი ტყუილში ამხილეს

შემდეგი პოსტი

„პუნქტი, რომელიც ნაცმოძრაობამ კანონში ჩადო, არის ნამდვილი დივერსია“