მთავარი»საზოგადოება»კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული

კინოთეატრებთან პოლიციაა მობილიზებული

7
გაზიარებები
Pinterest Google+

კინოთეატრებთან, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „გალერეა თბილისში“ უსაფრთხოების მიზნით, ლიფტები გათიშეს. კინოთეატრ „კავეასთან“ მხოლოდ ესკალატორები მუშაობს, რომელთანაც ე.წ. დეტექტორებია დამონტაჟებული და პოლიცია კინოთეატრში შემსვლელებს შეამოწმებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციის ძალები მობილიზებულია არა მარტო „კავეას“ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში.

„როგორც მოგეხსენებათ, საზოგადოების გარკვეული ჯგუფების მიერ გაკეთებულია განცხადება, რომ ჩაიშალოს ფილმის ჩვენება და მოხდეს საზოგადოების ორი მხარის დაპირისპირება. შესაბამისად, არა მარტო ამ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში მობილიზებულია პოლიციის ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. მობილიზებულია ადეკვატური ძალები. პოლიციელი იმდენია, რამდენიც საჭიროა. გავაკონტროლებთ შეძლებისდაგვარად და დავიცავთ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. თუ საჭირო იქნება, გაკეთდება კორდონები, რომ არ მოხდეს ორ მხარეს შორის დაპირისპირება“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს გაიმართება.

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, რომ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერაზე მაყურებლებს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში არ შეუშვებენ. ფალავანდიშვილის განცხადებით, 8, 9 და 10 ნოემბერს კინოთეატრების პიკეტირებას მოახდენენ.

ამასთან, ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ ამ ფილმის გადაღებით მთელ მსოფლიოში შეარცხვინეს ქართული კულტურა.

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქო ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას მიუღებლად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ძალადობას ემიჯნება.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.

 

1tv

წინა პოსტი

შსს ფილმში And Then We Danced შესაძლო პორნოგრაფიის ნიშნებს შეისწავლის

შემდეგი პოსტი

„სადაც საჭირო გახდება წესრიგის დაცვა, შესაბამისი ძალა იქნება გამოყენებული“