საზოგადოება

ისლამური არმიის გენერალი და… მისი ქართველი “მარშალი” – საინტერესო ისტორია

ისლამური არმიის გენერალი და… მისი ქართველი “მარშალი” – ასე დაასათაურა ბესიკ ლაგვილავამ ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსი, რომელიც ერთ, ძალიან საინტერესო ისტორიას ეხება: 
გუშინ, ამერიკული ავიადარტყმის შედეგად საგარეო სამხედრო ოპერაციებზე პასუხისმგებელი ირანული სპეცდანიშნულების დივიზიის “ყუდსი”-ს ხელმძღვანელი გენერალი სულეიმან კასემი დაიღუპა. ამან ერთი11 წლის წინანდელი მოგონება გააცოცხლა.
– შეხედე! შეხედე! – მითხრა ალი რაფიმ ჩემმა თეირანელმა, წარმოშობით ქართველმა მეგობარმა, როცა წყალსატევიდან ფერდზე ქვებზე ხტუნვით ოციოდ მეტრი ამოვიარეთ და უკან მიმახედა. ზურმუხტისფერ წყალზე არანაკლებ მეტრის სიგრძის გველი თავწამოწეული მისრიალებდა და კვალად წრიულ ტალღებს ტოვებდა… გველები კი აქ, საშინლად შხამიანები არიან! მე კი ამ წყლიდან სულ ორი წუთის ამოსული ვიყავი.
– გადავრჩენილვართ! – სიცილით კი ვუთხარი, ჩემს გვერდით მომავალ ალის და ალეკო აბრამიშვილს – თბილისელს, წარმოშობით ფერეიდნელს, რომელიც კარგა ხანია ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა, ტანში უსიამოვნო ჟრჟოლამ დამიარა, რომელსაც ჩვეულებრივ, გველის ხილვა იწვევს და თანაც, იმავ წამს მომეჩვენა, რომ ფეხქვეშ რაღაცამ გაისრიალა, შეშინებული ქვიდან ქვაზე გადავხტი და უკან მოვიხედე. იქ რა თქმა, არაფერი იყო.
იქამდე, ნახევარი საათით ადრე კი, ირანის მცხუნვარე მზის ქვეშ, ერთი დიდრონი გახურებული ქვიდან მეორეზე შიშველი ფეხებით მივხტოდი და თან შიშით გავყურებდი თითოეულ მათგანს, რადგან არ იყო გამორიცხული, რომ ამ ქვაზე ან მის ქვეშ გიურზა ან კობრა მჯდარიყო და არც ერთი მათგანი, მის ტერიტორიაზე თავხედურ შეჭრას არ მაპატიებდა…
ირანში და მათ შორის ფერეიდანში, რომელიც ნახევარუდაბნოს წარმოადგენს, ცელიუსით 45 გრადუსიანი სიცხე იდგა და ფერეიდანს გარს შემორტყმული მთების ‘”ციხის”, “სასკინტლის” დათვალიერების შედგომ, თვალი მომტაცა ზურმუხტისფერმა წყალსაცავმა და მიუხედავად ჩემი მეგობრის ალეკო. ა.-ს რეპლიკისა, რომ აქ ცურვა აკრძალული იყო, წყლისკენ სირბილით გავიქეცი, გზა და გზა ტანზე ვიხდიდი და მხოლოდ მაშინ წამომეწია მეორე – თეირანში მცხოვრები, წარმოშობით ქართველის ალი რაფის გაფრთხილება – გველებს უყვართ წყლისპირი და აქაურობა გველებით იქნება სავსეო.
წამით შევყოყმანდი, მაგრამ ზურმუხტისფერმა წყალმა მზერა მომტაცა, მერე მცხუნვარე მზეს ავხედე და პირველი გადაწყვეტილება აღარ შევცვალე;
მე ჰოროსკოპით თევზი ვარ და წყალი – ჩემი სტიქიაა! კარგად ვცურავ და ყვინთვაც მიყვარს! ერთი ორჯერ ამ სტიქიის სიყვარულს, აღელვებულ ბალეარის ზღვაში ყვინთვისას, კინაღამ შევეწირე კიდეც!
– გველი ადამიანს არაფერს ერჩის… გველი რომ არა ადამიანი ვერ გადაეჩვეოდა ძნელად მოსანელებელი სოკოს დიეტას ან ძროხასავით მოძოვდა ბალახს… გველმა შეაცვლევინა ჩვენს წინაპარს – ევას სოკოს დიეტა, ძალიან სასარგებლო ვაშლის დიეტით, – დავუძახე ალის, რომელმაც მხოლოდ ალეკოს განმარტების შემდეგ გაიგო, რა ვუთხარი და ქვიდან ქვაზე ხტუნვა გავაგრძელე, თუმცა, გაფაციცებულმა და ბევრად მეტი ყურადღებით!
გველების მეშინია!
წყლისპირას მისულმა კამკამა, ზურმუხტისფერ წყალს ერთი კი შევხედე და როცა “საეჭვო მცურავი ობიექტები” ვერ შევნიშნე, გადავხტი და ხელები მოვუსვი… გავილაღე! მიყვარს ცურვა!
იქამდე, იმ დილით, ბიჭებმა სასეირნოდ წამიყვანეს; წინა დღეს ალი რაფიმ თავისი მიწები მანახა, რომელიც თავის დროზე ირანის შაჰმა პაპამისს ჩამოართვა, რომელიც ამ მხარის გენერალ-გუბერნატორი იყო! იქ ირანის ტრამალებში, არტეზიულ ჭასთან, სადაც მისი მინდვრების მოსარწყავად, ძველებური, ბრიტანული, მუშა ნავთობის საქაჩით წყალს ექაჩება, მან ცეცხლიც გააჩაღა, მწვადი შეწვა და ჭამის შემდეგ, იმავე ნახშირზე მისმა მეგობრებმა, მათ შორის ერთმა ვაჟკაცური აღნაგობის და გარეგნობის ქართველმა , რომლის მანქანასაც ნომრის ნაცვლად წარწერა აქვს – “მარტყოფი”, ოპიუმი მოწიეს.
მათ იცოდნენ , რომ მე ნარკოტიკს და არც “მოსაწევს” არ ვეკარები და ჩემთვის წამოიღეს კონტრაბანდული ვისკი, რომელსაც მე მიწაზე ჩამომჯდარი, პირდაპირ ბოთლიდან ვსვამდი.
არასოდეს დამავიწყდება ირანის ტრამალების თავზე ღამით, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. რომელიც რაც მეტს ვსვამდი ვისკის მით უფრო ჩამოდიოდა ჩემთან!
ხანდახან მეკითხებიან, საიდან გაჩნდა ჩემს რომანში “ლამაზად სიკვდილის თვთმასწავლებელი” ავღანეთის ეპიზოდი… ჩემი ძმის მოყოლის ისტორიათა გარდა, იქ ბევრია ისეთი, რაც მე ირანში ვნახე, მოვისმინე და შევიგრძენი…
ალის გენერალ-გუბერნატორისეულ, ძალიან საინტერესო ძველ, შიდაეზოიან, სპარსულ სახლში, რომელსაც ძალიან საინტერესო დარბაზი ჰქონდა და საოცარი ორნამენტები ამშვენებდა, დასაძინებლად ძალიან გვიან დავბრუნდით და სიცხისგან და ალკოჰოლისგან დილიდან თავი მტკიოდა. თუმცა, მე ვერ წავიდოდი ფერეიდნიდან ისე, რომ აქაურობა არ დამეთვალიერბინა.
გავიარეთ სოფლები – ირანის მარტყოფი და თორელი, მაჩვენეს მთა სახელად “ციხე”, სადაც ამბოხებულმა ქართველებმა თავი შეაფარეს და სადაც განრისხებული შაჰის ჯარმა, ათასობით ქართველი ამოწყვიტა! მერე “სასკინტლე”, სადაც იმდენი ფრინველი, განსაკუთრებით გარეული მტრედი იყრის თავს, რომ შიგნით რომ შეხვიდე, შესაძლოა, ფრინველის სკორეში ყელამდე ჩაეფლო! ყოფილა შემთხვევები, ხალხი ჩამხრჩვალა კიდეც! საშინელი, მყრალი და შესაბამისად ულამაზო სიკვდილია!
როცა ძალიან დაგვცხა, მეგობრებმა წყალსატევისკენ წამიყვანეს, იმ იმედით, რომ იქ ფეხებს ჩავყოფდით და გავგრილდებოდით. წყასატევთან იმდენი ხალხი დაგვხვდა, რომ ჩვენ ამის საშუალება არ მოგვეცა;
საერთოდ, ირანში თუკი სადმე ხე ან ბუჩქია, უნდა გახსოვდეს, მის ქვეშ ირანელია წამოგორებული, მწვადს წვავს ან კოცონს ანთებს ვაფურისთვის, რომლითაც ოპიუმს ეწევიან…
ირანში, განსაკუთრებით მის სამხრეთში ძალიან ცხელა. ხის ჩრდილი და წყალი ოქროდ ფასობს.
ირანში მხოლოდ მუხლს ქვემოთ შორტებით არის დაშვებული ბანაობა; მე კი ასეთი შორტი არ მომქონდა, ამიტომაც წყალში მხოლოდ შარვალაკაპიწებულს შემეძლო შესვლა.
კამკამა წყალში, რომელიც მოცისფრო-მონაცრისფრო კენჭებზე მოჩუხჩუხებდა, რამდენიმე ათეულ მუხლებამდე შარვალ აკაპიწებულ კაცს და კოჭებამდე კაბააწეულ ქალს ჰქონდა ფეხი ჩაწყობილი და ასე გრილდებოდა.
მე სიცხემ თავში დამაჭირა, ამ “უმწეო ბანაობამ” შავი იუმორის ხასიათზე დამაყენა და ვიხუმრე, – “როგორ შეიძლება აქ მაშველები არ ყავდეთ?! აქ ბანაობისას ხომ შეიძლება კაცი დაიხრჩოს?!”
ამას ჩემი მეგობრების ხარხარი მოყვა და ჩვენ მასხარაობა გავაგრძელეთ.
უცებ, შევნიშნე, რომ ერთი ახალგაზრდა, მწვანეთვალება, თეთრი კანის მქონე, ძალიან სიმპათიური სახის, გამოკვეთილ-ფორმებიანი, ჩვენთან სექსუალურს რომ ეძახიან, ქალი და მასთან ერთად მჯდომი შუა ხნის, შავგრემანი ქალი დიდი ყურადღებით გვიყურებდნენ და გაფაციცებული გვისმენდნენ.
ვიფიქრე, უცხო ენაზე მოლაპარაკე კაცის ხმაურმა თუ შეაწუხათ-მეთქი და ცოტა ტონს დავუწიე, თუმცა, თავიდან ფეხებამდე ავათვალიერ-ჩავათვალიერე სიმპათიური, ეშხიანი ქალი.
მე უკვე ორ კვირაზე მეტი ხანი იყო, რაც ირანში ვიყავი. თეირანს, ისპაჰანს, თავრიზს, პერსეპოლისს, კასპიისპირა მაზანდარანს, ირანის სათხილამურო კურორტს დიზინს გარდა, სადაც, ჩემს მასპინძელთაგან ერთ-ერთს – ირანის კინოსტუდიის მეპატრონეს აგარაკი ჰქონდა, კიდევ ბევრი შედარებით უცნობი ქალაქები ვნახე, სადაც ერთგან ქართველი კაცია ქალაქის მთავარი არქიტექტორია, მეორეგან კი – ქალაქის ჰოსპიტალის ხელმძღვანელი!
თეირანში ყოფნისას, “მოქეიფე ბიჭებმა” (ირანში “ქეიფი” ოპიუმის მოწევას ნიშნავს) ქალიც შემომთავაზეს, მაგრამ როცა სიცილით ამიხსნეს, რა მელოდა, თუკი მრუშობაზე დამიჭერდნენ, ქალისკენ გახედვის ყოველგვარი სურვილი გამიქრა.
შემდეგ, ისპაჰანში ყოფნისას ვნახე, რომ შაჰის სასახლის მოედანზე, იქ სადაც შაჰ აბასმა პაატა სააკაძეს თავი მოაჭრა, ვნახე წყვილი, რომელიც ხეს შეფარებული ერთმანეთს საკმაოდ “ფრთხილად” ეფერებოდნენ – ამის გამო პოლიციამ დააკავა და დააჯარიმა, შემდეგ კი ქუჩაში ცნობილი თეირანის ბაზრის სანახავად მიმავალმა ჩემს გვერდით მომავალი ალი რაფის 10 წლის გოგონას, პოლიციელმა უბრძანა – ხელი მტევნებამდე დაეფარა კაბის სახელოთი და დავრწმუნდი იმაში, რაც ისედაც ვიცოდი – ირანში “სექს-ტური” არანაკლებ საშიში ექსტრემალური გართობაა, ვიდრე ჟანგბადის ბალონის გარეშე ევერესტზე ასვლა ან ჩრდილოეთ პოლუსისკენ ცხენებით გასეირნება!
ჩემი მოგზაურობის მიზანი არ ყოფილა ექსტრემით გართობა, მაგრამ… მაგრამ ეს აშკარად სიმპათიური, ძალიან ეშხიანი, თეთრყირმიზა, სექსუალური ქალი ისეთი ინტერესით მიყურებდა, რომ შეუძლებელი იყო, მისთვის ყურადღება არ მიმექცია და არ გამეღიმა.
ქალმა უცებ წამღერებით, რაღაც მითხრა და კიდევ უფრო დავინტერესდი. ვიფიქრე, რომ რაც მითხრა – სპარსულად მითხრა და ალეკოს ვკითხე – რა მკითხა-მეთქი.
– ვერ გაიგე? ქართულად გკითხა – ქართველები ხართო? – გაიცინა ალეკომ.
სპარსელები ლაპარაკისას თითქოს მღერიან. ფერეიდნელთა ქართული – ტონალობით და წამღერებით ჩამოჰგავს ფარსულს;
საქართველოდან ვარ-მეთქი – ვუთხარი ქალს და გავუღიმე. მერე თავადაც ვკითხე ვინ იყო, საიდან. აღმოჩნდა, რომ წარმოშობით ფერეიდუმშეჰრის (ფერეიდნის პროვინციის) ქართული სოფლიდან თორელიდან იყო – გვარად იოსელიანი და თეირანში იყო გათხოვილი.
მე არ ვიცი, საიდან მოხვდნენ ირანში იოსელიანები, მაგრამ ფერეიდუმშეჰრში გავიცანი ვაჟკაცი კაცი – ალი რეზა იოსელიანი, რომელიც როცა ქუჩაზე მანქანით გამოდის ყველა ჩერდება, რადგან ყველამ იცის – ალი რეზა იოსელიანი უკან არ დაიხევს, მხოლოდ წინ მიდის და არავის აქვს უფლება წინ შეეჩეხოს მანქანით! ყველამ, სპარსელმა, ავღანელმა თუ მამაცმა, შარვალფართხუნა ქურთმა – აშაიარმა, რომლის 6-7 წლის შვილები ცხვრებზე თავდასხმისას, მგლებს წინ უდგებიან და ღრიალით აშინებენ, ალი რეზა იოსელიანს უნდა მოარიდოს მანქანა!
ხუთიოდ წუთი ვილაპარაკეთ ირანზე, საქართველოზე, თბილისზე და ნატვრაგარეული, ნაღვლიანი ღიმილით მითხრა, რომ საქართველოში ჩამოსვლაზე ოცნებობდა.
ვერ დავმალავ, რომ ორი კვირის განმავლობაში ქალებთან ურთიერთობის დეფიციტს განვიცდიდი და ამ საუბარმა ცოტა ამაღელვა და შევეცადე მთელი ჩემი გალანტურობის მარაგი აქ ფერეიდუშეჰრში, წყალსატევის წინ, ამ წყალსატევში ფეხებჩაწყობილ იოსელიანის მწვანე თუ ჭროღა-თვალება ქალთან ამომეწურა.
ვუთხარი, რომ თუ საქართველოში ჩამოვიდოდა, მე მზად ვიყავი საქართველოს დათვალიერებაში დავხმარებოდი.
– მოჰამედ! – უცებ მიტრიალდა დაუძახა და შემდეგ სპარსულად რაღაც უთხრა, ვიღაც კაცს, რომელიც შორიახლოს მორიდებით იდგა და გვისმენდა; კი გვისმენდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ თითქოს ჩვენთან მოსვლას ვერ ბედავდა.
მოჰამედი ულვაშებიანი, საშუალო სიმაღლის თხელი კაცი იყო. ჩვენ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და გავიცანით. სპარსულად მათი სიმღერა-ლაპარაკი რა თქმა უნდა, ვერ გავიგე, ქალმა და კაცმა, რომელიც ამ იოსელიანის გვარის ჭროღათვალება ქალის ქმარი გამოდგა, რამდენიმე ფრაზა გაცვალეს და კაცი მაშინვე დაეთანხმა ქალს. შემდეგ ქალმა ისევ ქართულად, წამღერებით მითხრა, – “სტუმრად გვეწვიეთ, ბატონო!”
აქედან 5 კილომეტრში ჩვენი სოფელია – თორელი და ძალიან გაგვახარებთ თქვენი სტუმრობითო.
მე ჩემს თანმხლებებს გადავხედე. ისინი წინააღმდეგნი არ იყვნენ, მაგრამ დღეს ჩვენ თეირანში უნდა დავბრუნებულიყავით და როცა მახსენდებოდა, რომ ამ გაუსაძლის სიცხეში, როცა კონდიციონერიც კი ვერ აგრილებს ჰაერს მანქანაში, მანქანით 500 კილომეტრზე მეტი უნდა გაგვევლო, სტუმრობის ხალისი დამეკარგა.
მე ქალს მადლობა და თავაზიანი უარი ერთად ვუთხარი და ამასობაში ჩემი მეგობრები მის ქმარს გამოელაპარაკნენ.
“ისლამური არმიის ბრიგადის გენერალია!” – ყურში ჩამჩურჩულა ალიმ.
ირანში ორი არმია არსებობს, ერთი ჩვეულებრივი – რეგულარული და მეორე – “ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსი”, რომელიც პირველზე არანაკლებ გავლენიანია და პირდაპირ ქვეყნის ისლამური მმართველობის ხელქვეით იმყოფება და მათ შორის, მოიცავს ირანის სარაკეტო ძალებს და სპეცდანიშნულების დივიზიას “ყუდს”-ს, რომელსაც მათ შორის უცხოეთში წარმოებული სამხედრო ოპერაციებს მიაწერენ და აბრალებენ ისეთი ტერორისტული ორგანიზაციის უკან დგომას, როგორებიც “ჰეზბოლა” და ” პალესტინის ისლამური ჯიჰადია”.
იოსელიანის ქმარი, სწორედ, ამ არმიის გენერალი აღმოჩნდა. ის შვებულებაში იმყოფებოდა და ცოლის სახლს სტუმრობდა.
ამ ამბის გაგების შემდეგ, მე ყოველგვარი სურვილი დავკარგე ეშხიან, იოსელიანის ქალთან სტუმრობის და ჩემს მასპინძლებს ვთხოვე, რომ აქედან მალე წავსულიყავით!
იოსელიანის ქალი კი ძალიან გააქტიურდა და ისეთი ტონით აძლევდა ბრძანებას, საკუთარ გენერალ ქმარს, რომ ჩანდა ვინ იყო მათ ოჯახში – გენერალიც და მარშალიც!
გამახსენდა, ჩემი მასპინძლების ნათქვამი, ქალები ქუჩაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებულ შეზღუდვათა გამო, ოჯახში მამაკაცებზე სასტიკად იძიებენ შურს და ისინი ოჯახში რეალურად მმართველები არიან! აბა, გაბედოს ირანელმა ქმარმა და დღესასწაულზე ოქრო-ბრილიანტის ნივთის – ბეჭდის, სამაჯურის ან ყელსაბამის გარეშე მივიდეს ოჯახში ცოლთან ან დედასთან!
იოსელიანი ქალი კი, ოჯახის მმართველი კი არა, აშკარად დიქტატორი იყო!
თუმცა, ის “დიქტატურა”, რომელიც იოსელიანის ქალს თავის ოჯახში – ისლამური გენერლის, (რომელიც ეჭვსგარეშე, აშშ-ს და მსოფლიოს სპეცსამსახურების ყურადღების ქვეშ იმყოფება), მიმართ ახორციელებდა, როგორც მინიმუმ სასაცილო და ძალიან გასაკვირი მეჩვენა!
მე ჩემს მეგობრებთან ერთად გამოვემშვიდობე იოსელიანის სიმპათიურ, ჭროღათვალება ქალბატონს და ჩვენ ფერეიდუმშეჰრისკენ წამოვედით, თუმცა, რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, გზად კიდევ რაღაცის სანახავად შევჩერდით.
სწორედ ამ დროს უკნიდან წამოგვეწია ვერცხლისფერი ჯიპი, რომლიდანაც ისევ ის – ისლამური არმიის გენერალი გადმოვიდა და ისევ გვთხოვა სტუმრობა!
აღმოჩნდა, რომ ჩვენი წასვლის შემდეგ, ისინი უკან გამოგვეკიდნენ და აქ წამოგვეწივნენ.
ვერცხლისფერი ჯიპის ჩაწეული მინიდან იოსელიანის ქალის ჭროღა თვალები მიღიმოდა, რომლის ქმარი თუ ადიუტანტი იყო, შვებულებაში მყოფი, ხმელ-ხმელი, ულვაშიანი გენერალი კაცი, რომლის გადაადგილებასაც სწორედ ამ მომეტში, შესაძლოა, ირანის გავარვარებულ ცაში, რომელმაც წინაღამით გამაოცა, რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურის მიერ გაშვებული თანამგზავრი აკვირდებოდა!
მე კიდევ ერთი ბოდიში ვისროლე “მარშალ” – იოსელიანის ქალბატონის მისამართით და ამჯერადაც გავაწბილე, მის ადიუტანტად ქცეული – ისლამური არმიის ბრიგადის გენერალი ქმარი!
როცა ამათ თავი დავაღწიეთ, გზად მიმავალმა შევნიშნე უდაბურ ადგილზე წყასატევი და დასიცხულმა მანქანის გაჩერება ვთხოვე მეგობრებს. აქ არც ნაპირზე არც მახლობლად არავინ იყო და მე ჩავხტი წყალში, სადაც ჩემს გარდა, კობრები და გიურზები იგრილებდნენ თაკარა მზისგან გადახურებულ სხეულს!

P.S. ორი დღის წინ ამერიკული ავიადარტყმის შედეგად “ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის” ელიტარული ქვედანაყოფის “ყუდს”-ის, უფროსი კასემ სულეიმანი დაიღუპა.
ირანში მრავალასეულათასიანი გამოსვლები დაიწყო!
“სიკვდილი ამერიკას!” – ეს არის გამომსვლელთა მთავარი ლოზუნგი და დევიზი.
მსოფლიო ახალი, სერიოზული კონფლიქტის გაჩაღების საფრთხის წინაშე დადგა.
მე კი მახსენდება, სექსუალური, მტაცებლისთვალება იოსელიანის ქალი, რომელიც ისლამური “გენერლის გენერალი” იყო და ვიმედოვნებ, თუ ისლამურ არმიას არ ეყო, იოსელიანის “მარშალ” ქალს ეყოფა ძალა და გავლენა, რომ შეაჩეროს კონფლიქტის ესკალაცია!
P.P.S როცა ეს სტატუსი დავწერე, შემდეგ, კარგა ხანს ვათვალიერებდი ირანის ისლამური არმიის გენერალთა ფოტოებს. მინდოდა გამეხსენებინა, ხომ არ ჰგავდა იოსელიანი ქმარი მოკლულ გენერალს. მგონი არა, თუმცა ისლამური არმიის უმაღლესი ხელმძღვანელების ფოტოთა შორის ვნახე რადენიმე, რომელიც მგონი ჩამოგავდა იმ ბრიგადის გენერალს, რომელიც 11 წლის წინ გავიცანი!

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close