მთავარი»საზოგადოება»იქნება ადგილზე გადადების შემთხვევებიც, რაც მაღალი ტემპით გაგრძელდება – აკაკი ზოიძე

იქნება ადგილზე გადადების შემთხვევებიც, რაც მაღალი ტემპით გაგრძელდება – აკაკი ზოიძე

6
გაზიარებები
Pinterest Google+

„აუცილებლად იქნება არა მხოლოდ იმპორტირებული შემთხვევები, როგორიც ეს ორი შემთხვევაა, არამედ ადგილზე გადადების შემთხვევები და ამ შემთხვევების ძალიან მაღალი ტემპით გამრავლება“,- ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს უკვე მოხდა ყველაზე ძლიერ ქვეყნებში და ჩვენ გამონაკლისი არ ვართ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ რაც შეიძლება, გადავწევთ, რომ ეს გვიან მოხდეს. ეს უკვე შევძელით და გაზაფხულისკენ, უფრო დათბობისკენ გადავწიეთ, რაც ძალიან კეთილსაიმედოა. გასაგებია, რომ ეს ახალი ვირუსია და ჯერ არ ვიცით, თბილი სეზონი მას მოკლავს და გადადების დონე დაიკლებს თუ არა, მაგრამ წინასწარი მონაცემებით და სხვა ეპიდაფეთქებების გამოცდილებით შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ თბილი, მზიანი ამინდი ამას ხელს შეუწყობს, რომ შემთხვევების რაოდენობა შემცირდეს.

რეალურად, ჩვენ შენელების სტადიაში ვართ, რომ გავრცელება მაქსიმალურად შენელდეს. საწოლების, რესპირატორებისა და ა.შ პიკური სიმძლავრეები შესაძლოა, რაც შეიძლება გვიან დაგვჭირდეს, თუ საერთოდ დაგვჭირდა, რადგან თუ სეზონს გადავაცილეთ, შეიძლება, აღარც დაგვჭირდეს“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით,  ვირუსის გავრცელება ეკონომიკურად ზიანის მომტანი იქნება მსიფლიო ეკონომიკისთვის.

„ტრილიონ ორასი მილიარდი ზარალი უკვე მარტო საფონდო ბირჟებმა განიცადეს. ჩინეთი გაჩერებულია, რაც ჯაჭვურად გადაედება მთელ მსოფლიოს. ასევე, პრობლემა გახლავთ ტრანსპორტირების, გადაზიდვების შეზღუდვები, რაც ჩვენს ქვეყანას ასევე პირდაპირ ურტყამს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის გამყარების ასეთი კარგი, იმედისმომცემი ტენდენცია იყო და ამ ყველაფერმა შეიძლება, ამას დაარტყას. ეს ნაწილი გაცილებით სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც შეიძლება არაკონტროლირებადმა პანიკამ გააღრმავოს“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსი საქართველოს მესამე მოქალაქეს დაუდგინდა. მას ირანში მოგზაურობის ისტორია აქვს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა. იგი 51 წლის მამაკაცი იყო, რომელიც ასევე ირანში იმყოფებოდა. მეორე შემთხვევა 28 თებერვალს ასევე საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა.

პრაიმტაიმი

წინა პოსტი

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ მიკროავტობუსების დეზინფექციას იწყებს

შემდეგი პოსტი

"წითელი ჯვრის" მოხალისეები მზად არიან, გამშვებ პუნქტებზე მედპერსონალს დაეხმარონ