საზოგადოება

გვადანაშაულებდნენ, თითქოს ვიზიარებთ რუსეთის ეკლესიის პოლიტიკას, დღეს გვედავებიან რატომ არ მივბაძეთ მათ

ბოლო წლებში ძალიან მიაჩვიეს საზოგადოება, რომ შესაძლებელი არის ნებისმიერი თემით ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გადაცემა “ღია ეთერში” განაცხადა.

„მაგალითისთვის ვიტყვი, როდესაც უკრაინის ეკლესიის ცნობასთან დაკავშირებით გვადანაშაულებდნენ, თითქოს მუდამ ვიზიარებთ რუსეთის ეკლესიის პოლიტიკას, დღეს გვედავებიან, ჩვენმა სინოდმა რატომ არ მიბაძა მათ ზიარების კოვზის სპირტით გაწმენდაში. აი, მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება რუსეთის სინოდისაგან და რამე შეიცვალა? არაფერი შეიცვალა. არ დასრულდება ეს, რაც არ უნდა შევცვალოთ და გავაკეთოთ, მუდმივად იქნება ასეთი შეკითხვები“, – აღნიშნა დეკანოზმა.

მისი თქმით, ადამიანების ნაწილს, რომელიც მუდმივად ცდილობს ეკლესიის დისკრედიტაციას, აწუხებს არა ზიარების წესი, არამედ თავად ეკლესია. დეკანოზი ამბობს, რომ გასაკვირია, როცა აბორტის მხარდამჭერები ეკლესიის მისამართით ისვრიან კენჭებს.

“არ ესმით საიდუმლოს შინაარსი და ძნელი ასახსნელია ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეკლესია და ქრისტე არაფერს წარმოადგენს და ჰგონიათ, რომ სათამაშოდ დავდივართ ეკლესიაში ჩვენ და არა სულიერი საზრდოს მისაღებად, არა ღმერთთან შესაერთებლად და არა ვნებებისაგან განსაკურნებლად. რეალურად ეკლესია ამ კუთხით ერთგვარ საავადმყოფოდაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. თავი დავანებოთ ამას, რომ ეს არ ესმით, მაგრამ მაშინ რაღაც სტატისტიკა ხომ უნდა არსებობდეს, ან ისტორიული გამოცდილება მაინც იმის, რომ ზიარება მავნებელია?!”, – გნაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close