საზოგადოება

გურჯაანში დაკრძალვაზე მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდგინდა

პაციენტებს შორის, რომლებსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ, ახალგაზრდა მამაკაციც არის, რომელიც რამდენიმე დღის წინ გურჯაანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა და ეპიდემიოლოგმა, მარინა კაპანაძემ განუცხადა, უკვე მოკვლეულია ყველა, რომელთანაც აღნიშნულ მოქალაქეს ჰქონდა კონტაქტი.

„მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა არ ცხოვრობს გურჯაანში, ის სოფელში გასვენებაში იყო ჩამოსული და შეხება ჰქონდა ადგილობრივებთან. ჩვენს მიერ გამოკვლეულია ყველა ის პირი, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა“, – განაცხადა მარინა კაპანაძემ.

მისი თქმით, ახალგაზრდა სოფელში 12 დღის წინ იმყოფებოდა.

„ეს ადამიანი 12 დღის წინ იმყოფებოდა გასვენებაში, სადაც 20, მაქსიმუმ 25 ადამიანი იყო. ყველა მათგანი მოკვლეულია და სათანადო გამოკვლევებიც ჩაუტარდათ, არც ერთს არ აღენიშნება საეჭვო სიმპტომები“, – აცხადებს კაპანაძე.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, ინფიცირებულთან უფრო ახლო კონტაქტში მყოფებს, პრევენციის მიზნით 20 დღის ვადით თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.

პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არის მოთავსებული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close