Slider

„გაოგნებული ვარ! აფხაზეთის თემა მოსაბეზრებელია და გეების თემა აქტუალური?“

 

ქვეყანაში, სადაც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებს 20 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 300 000-მდე ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, ქვეყანაში, რომლის ტერიტორიის 20% დღემდე ოკუპირებულია და თვეზე მეტია, ქვეყნის მთავარ ქუჩაზე ანტისაოკუპაციო აქციები მიმდინარეობს, ეროვნულ კინოცენტრს აფხაზეთის ომის თემატიკაზე შექმნილი ფილმები არ აინტერესებს!
რა კრიტერიუმებით ხდება ხალხის ფულით დაფინანსებულ კინოცენტრში საკონკურსო ფილმების შერჩევა, ვინ და როგორ ადგენს   პრიორიტეტებს, ამაზე „პროგრესნიუსს“ ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა ესაუბრა:

_ პროფესიით რეჟისორი გახლავართ. დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტები თბილისსა და პეტერბურგში. 4 დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი ვარ. ჩემი დოკუმენტური ფილმები „საუკუნის დანაშაული“ და „ლილეო“ საფრანგეთში კინოფესტივალზე იყო წარდგენილი და „ლილეო“ ფესტივალის გაყიდვების ჟურნალშიც მოხვდა, ამიტომ გადავწყვიტე და წელს პირველად მივიღე მონაწილეობა ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებულ სადებიუტო მხატვრული ფილმების კონკურსში.
_ გვიამბეთ ფილმზე, რომელიც საკონსკურსო კომისიის წინაშე წარადგინეთ.
_ წლების განმავლობაში, როგორც ჟურნალისტი აფხაზეთის ომის თემატიკაზე ვმუშაობდი, ეს თემა ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეულია, რაც შეეხება ფილმს, კონკურსზე წარვადგინე თიზერი ანუ პატარა მესიჯი ფილმის შესახებ, ხოლო მთლიანი ფილმის გადაღება კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მოხდებოდა, როცა ეროვნული კინოცენტრი დააფინანსებდა. ეს არის რეალურ ამბავზე გადაღებული, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი აფხაზეთში ომის დროს, წამებისა და ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი ქართველი ქალის ცხოვრებაზე. ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ომიდან გამოყოლილმა ფსიქოლოგიურმა და მორალურმა ტრამვამ ამ ქალის ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ქალი ვეღარ ახერხებს ომიდან დაბრუნებულ მეუღლესთან ურთიერთობის გაგრძელებას, ყველაფერს გაურბის, ოჯახი ენგრევა და და საბოლოოდ, საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის. თიზერის გადასაღებად მოვახდინე თანხების მობილიზება, დავიქირავე ტექნიკა, მსახიობები, გადავიღე, დავამონტაჟე და 1 ივლისს, ჟიურის წინაშე წარვდექი. ჟიურიში ძირითადად, პატარა გოგო-ბიჭები დამხვდნენ, რომლებსაც ნამდვილად არ ვიცი, კინოში ღირებული რა შეუქმნიათ. დამისვეს კითხვები გადაღების ლოკაციის ადგილებსა და სხვადასხვა თემებზე და მოხდა ისე, რომ მეორე ტურში ვერ გადავედი.. კონკურსში ოთხმა ახალგაზრდამ გაიმარჯვა, რომლებიც როგორც შემდგომ გავარკვიე, დაახლოებით, ჟიურის წევრთა ასაკის არიან.
_ ჟიურიმ ფილმის დაწუნების მიზეზი თუ განმარტა?
_  როდესაც მეორე ტურში ვერ გადადიხარ, იწერება შეფასების ფურცელი, სადაც სწორედ ამ მიზეზებს განმარტავენ. კომისიის შვიდივე წევრის შეფასებები აბსოლუტურად იდენტური გახლდათ, მაგრამ ჩემი გაოგნება გამოიწვია ერთ-ერთმა შეფასებამ, რომ აფხაზეთის თემა ქართულ კინოში მომაბეზრებელი გახდა. აი, ამან გამაგიჟა!  ნეპოტიზმს, ინტერესთა კონფლიქტს და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ დამოკიდებულებამ გამაოგნა. თურმე ჩვენი ჯიბიდან დაფინანსებული ეროვნული კინოცენტრისთვის გეებზე გადაღებული ფილმები მოდური და პრიორიტეტულია და სამშობლოსა და ოჯახის სიყვარულზე, აფხაზეთის პრობლემაზე და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე გადაღებული ფილმი მომაბეზრებელი და უინტერესო. დარწმუნებული ვარ, ფილმი ლგბტ თემატიკაზე რომ გადამეღო, უპრობლემოდ გაიმარჯვებდა. აი, ასეთი დამოკიდებულება აქვთ. გაოგნებული ვარ! ვერ ვხვდები, ამ ახალგაზრდებს რატომ აქვთ ასეთი დამოკიდებულება. ზუსტად ეს თაობა გამოდის და აქციებზე ოკუპაციას აპროტესტებს და თან ამბობს, რომ აფხაზეთის ომის თემა უინტერესო გახდა.

_ კონკურსის შედეგის გაპროტესტებაზე არ გიფიქრიათ?
_ მიფიქრია და ვიცი, რომ სასამართლოში ისედაც ძალიან ბევრი საჩივარია კინოცენტრის წინააღმდეგ. ამ კონკურსში ოთხი ასაკოვანი კონკურსანტი მონაწილეობდა და ოთხივე კონკურსს გამოეთიშა. დაფინანსდა ოთხი სრულიად უცნობი, ახალგაზრდა რეჟისორის ფილმი, რომელთა თემატიკა არავინ იცის, გასაიდუმლოებულია. არავინ იცის, ამ ახალგაზრდებს  აქამდე რა აქვთ გაკეთებული, თუნდაც ერთი ღირებული ფილმი თუ გადაუღიათ… ასაკობრივი დისკრიმინაციის გარდა, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, რომ ყველა ეს კონკურსი წინასწარ ჩაწყობილი და გაყიდულია. კონკურსი თვალის ასახვევად ქვია, თორემ საკუთარი მეგობრები და ახლობლები გაჰყავთ, არადა ფული, რომლითაც მათ ფილმებს აფინანსებენ ჩემი, თქვენი და ყველას ჯიბიდან ამოღებულია. ასეთი დამოკიდებულების შედეგია ის „ერთჯერადი ფილმები“ , რომლებიც ერთხელ ნახვის შემდეგ გვავიწყდება. ამ კონკურსში 32 კაცი იღებდა მონაწილეობას და მე ვთავაზობ კინოცენტრს, 32-ვე სცენარი კინოცენტრის საიტზე გაასაჯაროონ. წაიკითხოს ხალხმა და გაიგოს, რას ვაფინანსებთ ჩვენი ჯიბიდან. წესდებაში თუ არაფერი შეცვალეს, ოქტომბერში კიდევ ცხადდება დებიუტანტების კონკურსი და შესაძლებელია განმეორებით იგივე პროექტის შეტანა, რასაც აუცილებლად გავაკეთებ. არა მარტო ამ კონკურსზე, ჩემს ფილმს ყველგან წარვადგენ, საიდანაც  ფინანსების მოზიდვის საშუალება იქნება.

და ბოლოს, თუ ეროვნულ კინოცენტრს წერილში მოყვანილ ფაქტებთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთების სურვილი გაუჩნდა, ამის საშუალებას აუცილებლად მივცემთ.
იხილეთ ირინა ბოკუჩავას ფილმის „ომის პატარძალი“ თიზერი.

 

 

„პროგრესნიუსი“
 

 

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close