საზოგადოება

„ეკა ბესელიასთან მიმართებაში, მის კორუფციულ სქემებში მონაწილეობას ვგულისხმობდი“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“კიდევ ერთხელ მინდა, გამოვეხმაურო და ობიექტური შეფასება მივცე გუშინ პარლამენტში მომხდარ ფაქტს, რასაც გულრწფელად განვიცდი.
ყველა ერთხმად უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობა არის დაუშვებელი და ძალადობის ნებისმიერი სახით გამოვლენას უნდა გავემიჯნოთ. აქვე უნდა გვესმოდეს, რომ პარლამენტის წევრობა არ ნიშნავს ხელშეუხებლობას და არ გვაძლევს ჩვენ, თითოეულ დეპუტატს, ვინმეზე ფიზიკური თავდასხმის უფლებას.

მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რომ ყველაფერი დაიწყო გედი ფოფხაძის რეპლიკისგან, როდესაც ის, საჯაროდ, ჩემს მორალს უარყოფით კონტექსტში შეეხო, რაზედაც მე პირადად (არა საჯაროდ) მივუთითე, რომ სხვების მორალური ღირებულებების ფონზე რატომ უნდა ყოფილიყო მხოლოდ ჩემი მორალი განხილვის საგანი? რასაც მათი მხრიდან მოყვა აგრესია.

ცხადია, ეკა ბესელიასთან მიმართებაში, მე მხოლოდ მის კორუფციულ სქემებში მონაწილეობას ვგულისხმობდი და არა სხვა რამეს, საითკენაც ეკა ბესელიამ წაიყვანა საქმე. ვინც ოდნავ მაინც მიცნობს, დამეთანხმება, რომ ჩემი აღზრდა, ოჯახი და ღირებულებები არ მომცემდა სხვანაირად მოქცევის უფლებას.

რაც შეეხება ფარული კადრების გავრცელებას, მე არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი პოზიცია და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის ყველაზე უღირსი და მიუღებელი საქციელი. მიმაჩნია, რომ ეკა ბესელია, ფარული კადრების გავრცელების საქმეში არის მსხვერპლი და აქ მე ვარ სოლიდარული არა მხოლოდ ეკა ბესელიას მიმართ, არამედ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მსგავსი ბინძური ქმედების მსხვერპლია. მიმაჩნია, რომ ფარული ჩანაწერების შექმნა, ასევე გავრცელება, ნახვა და მითუმეტეს ვინმესთვის ამის დაბრალება არის ერთნაირი სიმძიმის მორალური დანაშაული.

კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ საგამოძიებო უწყებებს, რომ უმოკლეს ვადებში მოეფინოს ნათელი ამ ბინძური საქმეს, გამოძიებამ დაადგინოს, ვინ არის რეალური დამკვეთი, რათა საქართველოში ვეღარავინ გაბედოს ჩვენს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური ტერორი”, – წერს ზარდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის დროს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიშვილს შორის შელაპარაკება გაიმართა. ეკა ბესელიამ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა..

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Back to top button
Close