Sliderსაზოგადოება

“ჩვენ, “ალგეთის ლეკვებს” გამოღმა ჩაკეტილი საქართველოს მოქალაქეები”

“ჩვენც ჯანმრთელები ვართ
ჩვენ, ჩაკეტილ ზონაში დარჩენილი ადამიანები, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ჯანმრთელი ადამიანები ვართ და ხმას ვერ ვიღებთ, რადგან გვეშინია თქვენი – თავისუფალ სივრცეში დარჩენილი ადამიანების, რომელთა უსაფრთხოებისთვისაც სახელმწიფომ ჩვენი ჩაკეტვა გადაწყვიტა…
ჩვენ, მარნეულელი და ბოლნისელი საქართველოს მოქალაქეები, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ჯანმრთელი ადამიანები ვართ, რომელთაგან ზოგიერთი ეთანხმება ჩვენი რეგიონის საკარანტინო ზონად გამოცხადებას, ზოგიერთები კი არ ვეთანხმებით.
ჩვენ, კარანტინში გამოკეტილი ადამიანები, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ვისურვებთ, რომ მომაკვდინებელი ვირუსი არ გავრცელდეს არსად, მსოფლიოში და, მით უმეტეს, არ გავრცელდეს ჩვენს კარგ ქვეყანაში. ამასთან, ღრმად გვჯერა, რომ ჩვენი მორალური სიმტკიცე და გონებაგახსნილობა არის, უპირველეს ყოვლისა, ის კედელი, რომელსაც შეენარცხება ყველა ვირუსი და ბაცილა.
ჩვენ, კარანტინში გამოკეტილმა საქართველოს მოქალაქეებმა, ერთმანეთის ეთნიკური და რელიგიური ნიშნით განსხვავება დავასრულეთ ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში და გვაპატიეთ, თუ იმ წლებში გონებრივად ჩარჩენილი ადამიანების გამოხდომებს პასუხის ღირსად არ მივიჩნევთ (ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს პასუხის გაცემას ვეწინააღმდეგებით.). იმ ჩარჩენილებისთვის, როგორც ნათიამ აღნიშნა, მისი გურულობაც გამაღიზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს.
ჩვენ, “ალგეთის ლეკვებს” გამოღმა ჩაკეტილ საქართველოს მოქალაქეთაგან ზოგიერთმა არ ვიცით ქართული ენა, რადგანაც ჩვენი მშობლიური ენა ან აზერბაიჯანულია, ან სომხური, ან რუსული ან… ეს ფაქტი ვერანაირად ვერ გახდება ვინმეს მიერ ზემოდან ყურების საბაბი, რადგანაც თანამედროვე ქართული სახელმწიფო 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა იმ რეფერენდუმის საფუძველზე, რომელშიც ჩვენ ანდა ჩვენმა დედებმა, მამებმა თუ ბებია-ბაბუებმა საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი და ქართული მაშინ კიდევ უფრო ცუდად ვიცოდით. და ჩვენც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს თანადამფუძნებლები ვართ!..
ჩვენ, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები ველოდებით კარანტინისგან თავისუფალი საქართველოს მოქალაქეებისგან არა პირბადეებსა და წიწიბურას, არამედ…
ჩვენ, საკარანტინო ზონაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, ვაცნობიერებთ, რომ ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ საპნით, ერთმანეთისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ, დავიცვათ პროფესიონალების რჩევები და შევასრულოთ სხვა პროცედურები. ამასთანავე ვხედავთ, მთავარი არა იმდენად შინ დარჩენაა, რამდენადაც წესების დაცვით შრომა, რადგან არ ვიცით, შრომის გარეშე ვინ და რამდენ ხანს შეგვინახავს.
ჩვენ, გამოკეტილი საქართველოს მოქალაქეები, ვაცნობიერებთ, რომ თავშეყრა დაუშვებელია და ამ წესის დაცვა აუცილებელია, ყველგან და ყველასთვის. მით უმეტეს, ავადმყოფებისთვის.
ჯანმრთელობა თქვენც და ჩვენც!” – წერს ფეისბუქზე გიორგი ჭაუჭიძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close