მთავარი»საზოგადოება»ბოლნისიდან და მარნეულიდან გამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის

ბოლნისიდან და მარნეულიდან გამოტანილი სურსათი კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის

6
გაზიარებები
Pinterest Google+

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის განცხადებით, ბოლნისისა და მარნეულის საკარანტინე ზონიდან გამოტანილი სასურსათო პროდუქტი, ხილი და ბოსტნეული კორონავირუსის გადადების საფრთხეს არ ქმნის.

როგორც კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, თეორიული რისკია, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის.

„არსად მსოფლიოში სურსათით ვაჭრობა არ შეჩერებულა, არც იმ ქვეყნებში, სადაც პიკი გადაიარეს და საიდანაც ეს დაავადება წამოვიდა. არც ერთი ფაქტი, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული არ არის ამ ვირუსის სურსათისმიერი გადაცემის. როგორც იმპორტით შემოდის სურსათი, ასევე საქართველოს შიდა ტერიტორიაზე – თბილისიდან საკარანრინო ზონაში, ბოლნისსა და მარნეულში შედის პროდუქცია და იქედანაც სხვადასხვა პროდუქტები გამოდის ჩვეულებრივად. ეს არის ხილი და ბოსტნეული. მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში ბევრი საწარმოა, ეს არის ხილბოსტნეულის წარმოება, რძის წარმოება, მეფრინველეობა, კვერცხის წარმოება, რომელიც გამოდის საქართველოს სხვადასახვა ტერიტორიაზე. თუმცა, კონტროლზეა აყვანილი თვითონ პიროვნებები. როგორც მოგეხსენებათ, ეს დაავადება გადაეცემა ადამიანიდან ადამიანზე და არა სხვა ნივთებიდან და სურსათით. ამიტომ გაკონტროლებულია ადამიანები და მათი ნაკადის მოძრაობა.როგორც მძღოლები, ასევე დისტრიბუტორები უნდა იყვნენ ეკიპირებული, აღჭურვილი პირბადით, ხელთათმანით, სადეზინფექციო ხსნარით. მათ გადაადგილებას აკონტროლებს პატრული. ის, რომ ვირუსი მოხვდეს სურსათის ზედაპირს და იქედან ადამიანის ორგანიზმში აღმოჩნდეს, ეს არის თეორიული რისკი, რაც პრაქტიკაში დადასტურებული არ არის. ამიტომ ჩვენ, ექიმები მოვუწოდებთ ყველას, რომ არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ საერთოდ, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები“, – განაცხადა კალანდაძემ.

მისივე თქმით, მომხმარებლებმა ხილი და ბოსტნეული საპნით უნდა გარეცხონ.

„ვიძლევი რეკომენდაციას, რომ ხილ-ბოსტნეული გაირეცხოს საპნით, რომ ჩამოვაშოროთ ბაქტერიები. სასურველია ასევე, რომ პროდუქტმა გაიაროს თერმული დამუშავება. პროდუქტი, რომელსაც უმად მივირთმევთ, კარგად უნდა გავრეცხოთ, დავამუშავოთ და შევინახოთ. უმი ბოსტნეული – სტაფილო და ჭარხალი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, უნდა გავრეცხოთ, გავთალოთ და კვლავ გავრეცხოთ. ამ შემთხვევაში ის რისკს არ წარმოადგენს“, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ და დასძინა, რომ ვირუსის გავრცელების რისკი ნაკლებად არის აგრარულ ბაზრებზე. ამასთან, კალანდაძის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ყველა ღია და დახურულ აგრარულ ბაზარს მისცა რეკომენდაცია, კონკრეტული წესები დაიცვან.

„შესასვლელ-გამოსასვლელში უნდა განათავსონ სადეზინფექციო ხსნარით მოწყობილობები, რაც უკვე განთავსებულია, უნდა გააორმაგონ რეცხვა-დეზინფექციის პროცედურები, ასევე, სასურველია მომსახურე პერსონალს ჰქონდეს პირბადე და ხელთათმანი და ხშირად იტარებდნენ ჰიგიენის პროცედურას. ამის კონტროლი მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს კონტროლს, არ მოვდუნებულვართ. ტემპერატურული რეჟიმები, დახლებზე პროდუქტის განთავსება, სამაცივრე პროდუქტის სწორად განთავსებაზე კონტროლი ჩვეულებრივ გრძელდება. ასევე, მაღაზიებში გავეცით დისტანციის დაცვის რეკომენდაცია, რაც ყოველ 2-3 წუთში ცხადდება ხმოვანი შეტყობინებით და ამას აკონტროლებს კიდეც დაცვის სამსახური“, – განაცხადა კალანდაძემ.

მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში დახლებიდან ვადაგასული პროდუქცია გაიყიდა. „ასეთი ფაქტზე მე არ მსმენია. ვადაგადსული პროდუქცია ჩვენ იქ არ შეგვინიშნავს. მაგრამ მოვუწოდებ მომხმარებელს, თუ მათ რაიმე ფაქტი ექნებათ ვადაგასულ ან გაფუჭებულ პროდუქციასთან დაკავშირებით, ჩვენს ცხელ ხაზზე – 15 01 დაგვირეკონ და გვაცნობონ, რაზეც მყისიერ რეაგირებას მოვახდენთ“, – განაცხადა კალანდაძემ.

ipn.ge

წინა პოსტი

„ნუ გათიშავთ ინტერნეტს და მობილურ კავშირს!“ - ბონდო მძინარაშვილი მობილურ ოპერატორებსა და ინტერნეტპროვაიდერებს მიმართავს

შემდეგი პოსტი

ისრაელის ბიზნესპალატა და ისრაელის სახლი StopCov.ფონდში 18 ათას ლარს შეიტანენ