პოლიტიკა

ასლან ბჟანია: „ქართველები და საქართველოს სახელმწიფო ჩვენი მეზობლები არიან და მოლაპარაკებების ორმხრივი პლატფორმა სჭირდებათ“

საქართველოსა და აფხაზეთს მოლაპარაკებების ორმხრივი პლატფორმა სჭირდებათ – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ასლან ბჟანიამ განაცხადა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

ქართველები და საქართველოს სახელმწიფო – ჩვენი მეზობლები არიან. გვინდა თუ არ გვინდა, თუმცა ჩვენ გვაქვს მრავალი კონტაქტი საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქეების დონეზე. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ, კვეთენ საზღვარს, ჩადიან იქ. ამ ადამიანებს სხვადასხვა პრობლემა ექმნებათ. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მოქალაქე იძულებულია, გაემგზავროს იქ კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მისაღებად. ხდება ისეც, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე სჩადიან დანაშაულს და იმალებიან საქართველოში. ხდება საპირისპიროც. თქვენ იცით, რომ ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ ენერგეტიკული კომპლექსის „ენგურ-ჰესის“ ექსპლუატაციას. ეს ასევე კონტაქტების გარკვეული დონეა.

ასეთი საკითხების განსახილველად და გადასაჭრელად შესაძლებელია, მოლაპარაკებების განსხვავებული ფორმატის ჩამოყალიბება.

ეს შეიძლება იყოს არა ასეთი ტერიტორიულად მოშორებული პლატფორმა, როგორც ჟენევის დისკუსიებია. აქ, საზღვარზე ან სადმე.  აფხაზეთი იღებს საქართველოს სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტისგან გზავნილებს. ეს მიანიშნებს, რომ საქართველოში გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს უფრო ინტენსიური დიალოგის დამყარება სურთ“, – განაცხადა  ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ასლან ბჟანიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა.

ასლან ბჟანიამ ხმების 56% მიიღო,ადგურ არძინბამ კი 35.42%.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 24 მარტს გამოცხადდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close