Sliderსამართალი

არ დეიწყო ღამე ტირილი, მალე ჩამუალ მე და ლამაზ კაბას გიყიდი – 9 მაისი

ისტორიები, რომელსაც სრული ერთი წელი 9 მაისიდან 9 მაისამდე ფეისბუქზე ვაგროვებდი…

მოხუცი, რომელსაც ე.წ. მთავარ ფოტოზე ხედავთ თავისი ბატალიონის უკანასკნელი ჯარისკაცია. ფოტო წლების წინაა გადაღებული. ღმერთმა კარგად ამყოფოს ბაბუ, თუ ცოცხალია, თუ არადა, ნათელი არ მოკლებოდეს.

ის ფაშიზმზე გამარჯვეის აღსანიშნავად მივიდა, იქ, სადაც წლების განმავლობაში იკრიბებოდნენ მისი თანამებრძოლები და, როცა ზეიმზე არავინ დახვდა…

თითქმის ერთი წელი ვაგროვებდი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ სტატუსებს, მოგონებებს, ისტორიებიდან ამონარიდებს. სამწუხაროდ, ერთწლიანი შრომა ტექნიკურმა ხარვეზმა წამიშალა. გთავაზობთ ფეისბუქზე გამოქვეყნებული სტატუსების იმ ნაწილს რაც წაშლას გადარჩა, ან რაც ამ დილით მოვიძიე…

ეს ჩვენი ისტორიაა….

“77 წლის წინ ქერჩიდან გამოგზავნილი წერილი, რომელსაც ჩემი ბებია და ბაბუა სათუთად ინახავდა…. წერილის ავტორი ბიძაჩემი გიორგი ჩხიკვაძე მაშინ 20 წლის იყო და მარად ახალგაზრდად დარჩა.,,მე მოვკვდები სამშობლოსთვის,,-წერილის ეს ფრაგმენტი , შეგიძლიათ აქ ამოიკითხოთ. მე კი ბავშვობიდან მისით ვამაყობდი – ნაგო ბუხაიძე.

“დღეს მთელი მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვებას ზეიმობს, ხოლო სვანეთს ფაშისტებივით გვექცევიან ჰესების აშენებით, მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებდა ახალი დასკვნებისა და პროექტის დადებას დაარღვიეს და წუხელ ტრაქტორი შემოიყვანეს დაცვის პოლიციის თანხლებით მესტიაჭალა ჰესის მშენებლობისათვის და დღეს სპეცრაზმის მანქანები შემოვიდნენ.. ეს მხოლოდ სვანეთის პრობლემა არ არის, მთელმა საქართველომ უნდა დავიცვათ ჩვენი ბუნება! გადავარჩინოთ სვანეთი, ადგილობრივ მოსახლეობას არად გვაგდებენ, გავერთიანდეთ!!!” – მაია კახიანი.

“მამა მიყვებოდა რომ ლენინგრადში ბლოკადის დროს(7წლის იყო) მისი საოცნებო კერძი სუპი იყო კარტოფილის ნაფრცქვენებისგან.რომელიც მხოლოდ ერთხელ ჰქონდა-დაბადების დღეს. და ეს იყო ყველაზე მაგარი დაბადების დღე მის ბავშვობაში. სიცოცხლის ბოლომდე ვერ იტანდა თვიმფრინავის გუგუნს.ამბობდა რომ საჰაერო დაბომბვებს ახსენებდა…მამიდა კი რომელიც კიდევ უფრო პატარა იყო დღემდე ვერ ივიწყებს საევაკუაციო ეშელონის ცეცხლმოკიდებულ ვაგონებს.სადაც ის მამაჩემთან ერთად იყო”. – ნინო ბურჭულაძე.

“როგორ არ მინდოდა ამ თემაზე დაწერა!!

არაფერი არ მოუყოლია მამაჩემს ჩემთვის ომზე.

ისე ეჯავრებოდა გახსენება არაფრით არ უსარგებლია ინვალიდობის საბუთის მქონეს.

რამოდენიმე ამბავი ისიც დედაჩემისაგან ვიცი.

როდესაც სანგრიდან სანგარში გადავრბოდით ტყვიების წვიმაში რაც შეიძლება მალე მოკლე გზით ჩქარა უნდა გადაგერბინა და ჩამალულიყავიო

მომხდარა იმდენი მკვდარი ეფინა ზედ დაბიჯებით გადარბოდნენო

არასოდეს დამიბიჯებია ფეხი!! სულ ვფიქრობდი უფალო დაე მოვკვდე მარა მკვდარს ფეხს არ დავაბიჯებ ამიტომ ზიგზაგებით და გვერდის ავლით სულ ჩამორჩენილი გადავრბოდიო

ქერჩში იყო ქერჩში !!

სიკვდილისას რომელიც ისევ ჭრილობების გამო დაუდგა
სანამ აზრს დაკარგავდა დედაჩემი გააფრთხილა ვკვდები და ნუ გადაირევიო

მერე ბიძაჩემს უთხრა ბიჭიკონა სანთელი აანთე და ხელში ჩამიდე

რად გინდა ევტიხოო

გზა უნდა გავინათო იქეთო

მისმა პატარა ძმამ დავითმა წვერი ჯარში გაიპარსა პირველად და სადაა მისი ძვლები არავინ იცის!!

ბებიაჩემი სიკვდილამდე ელოდა უმცროს ძმას უშანგის!!

თქვე ახვრებო ასეთები არ იყვნენ გმირები!??” – ლევან ადეიშვილი.

“არ ვიცი ბაბუაჩემის საფლავი სადაა, მაგრამ ვიცი ერთი რამ: მამაჩემი რომ დაიბადა, ბებიაჩემმა იულიამ, სევერიანეს, ომში მოხალისედ წასულს, ბარათი გაუგზავნა, სადაც ერთადერთი “სიტყვა” – მამაჩემის პაწაწინა ხელი იყო დახატული.
მამაჩემს მამამისი არასდროს უნახავს”, – დარეჯან მეფარიშვილი.

“ჩვენ მოვახდენთ ლენინგრადის ბლოკირებას, დავანგრევთ ქალაქს ავიაციისა და არტილერიის საშუალებით, გაზაფხულზე შევალთ ქალაქში, გავიყვანთ ყველას ვინც გადარჩა ქალაქში, ნაწილს ტყვედ ავიყვანთ, დანარჩენს გადავასახლებთ ღრმად რუსეთში. მიწასთან გავასწორებთ ქალაქს და და ჩრდილოეთ რაიონს გადავცემთ ფინეთს”.
გერმანული მოხსენების თეზისებიდან-ლენინგრადის ბლოკადის შესახებ”, – 1941 წლის 21 სექტემბერი.გერმანია, ბერლინი.
871 დღიანი ბლოკადის დროს (1941 წლის 8 სექტემბრიდან-1944 წლის18 იანვრემდე) ოფიციალური სტატისტიკით 700 000-მდე ადამინი შიმშილით დაიღუპა, 16 747 ადამაინი დაიღუპა დამომბვის შედეგად,33 782 კი დაიჭრა.
21 სექტემბერს, ღამით, მხოლოდ ერთ დღეში ქალაქში ჩამოაგდეს 6327 ბომბი, ქალაქი შავ კვამლში გაეხვია და ნანგრევებად იქცა. ამ დროისათვის ქალაქში დარჩენილი იყო 2 544 000 ადამიანი (მათ შორის 400 000 ბავშვი), მეომრები, რომლებიც იცავდნენ ქალაქს.
სასოწარკვეთილი ხალხი ჭამდა ყველაფერს ცხოველებს, ძაღლებს, კატებს, ვირთხებს.ჭამდნენ ფრინველებს. წებოსაგან ხარშავდნენ სუფს, ყლაპავდნენ წამლებს გლიცერინს, ვაზელინს. ადგილი ჰქონდა კანიბალიზმსაც ხალხმა დაიყო მკვდარი ადამიანების ჭამა, რომლითაც სავსე იყო ქალაქი. იყო შემთხვევა როცა მამამ შვილიც კი შეჭამა.
რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს მუშაობდა ქარხნები, ამზადებდნენ სამხედრო იარაღს, ფუნქციონირებდა თეატრი და დგამნენ სპექტაკლებს, მუშაობდა მუზეუმები. არ შეწყვეტილა რადიომაუწყებლობა. ერთადერთი კავშირი გარესამყაოსთან და სასიცოცხლო არტერია იყო ტბა-ლადოგი, საიდანაც მცირე რაოდენობით შემოდიოდა სურსათი და პროდუქტები.თუმცა დაბომბვისა და შემოდგომაზე დიდი შტორმის გამო აქ ნავიგაცია გმირობის ტოლი იყო. მას ხალხმა “სიცოცხლის გზაც” დაარქვა.ზამთარში როცა ის გაიყინა, გადაადგილება უფრო გაადვილდა და ხლხის ნაწილმა დატოვა ქალაქი, გაიყვანეს ბავშვები.
ბლოკადას გადაურჩა მილიონნახევარი ადამიანი, უამრავი დაავადდა და დაინვალიდდა”.

“გასულ წელს, ისინი ასამდე იყვნენ . . . მხოლოდ 47 დარჩნენ, უმეტესობა ქალბატონები.
მათგან ყველაზე ახალგაზრდა 91 წლისაა . . .
მოვეფეროთ და მოვუაროთ მათ, ვინც 70 წლის წინ, მსოფლიო ფაშიზმისაგან იხსნა.

განსაკუთრებულად გილოცავთ ქუთაისელო ვეტერანებო!” – ლია გვენეტაძე.

ქერჩის ქართული ტრაგედია — მოვლენა, რომელიც მოხდა მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში, როდესაც ქერჩის ნახევარკუნძულზე ფაშისტური გერმანიის ჯარები თავს დაესხა საბჭოთა ჯარებს, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული იყო ეთნიკური ქართველებით.
1942 წლის მაისში, ფაშისტურმა გერმანიამ დაიწყო სწრაფი ოპერაცია საბჭოთა არმიის წინააღმდეგ, რომელიც იცავდა ქერჩის ნახევარკუნძულს, ყირიმის, უკრაინის სსრ აღმოსავლეთ ნაწილში. საბჭოთა ჯარების მობილიზაცია მოხდა მას შემდეგ, რაც გერმანელებმა დაიკავეს უკრაინის სსრ. ოპერაცია დაიწყო 1942 წლის 8 მაისს და დასრულდა 1942 წლის 18 მაისს საბჭოთა ჯარების სრული განადგურებით. საბჭოთა ქართული რაზმები, ფელდმარშალ ერიხ ფონ მანშტაინის შეიარაღებული ძალების ალყაში მოექცნენ და მოხვდნენ მძლავრი ცეცხლისა და დაბომბვის ქვეშ მოიერიშე თვითმფრინავებიდან. ჯარისკაცებმა ზღვით სცადეს უკან დახევა, მაგრამ ამაოდ. საბოლოოდ, 10 დღიანი ბრძოლის შემდეგ დაახლოებით 120 ათასი ეთნიკური ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა”.

ქეთი ბიგანიშვილი: ჩემი პაპაც და მისი ძმებიც ქერჩში დაიღუპნენ. იქნებ გვერდი გვერდ იბრძოდენ… უფალმა დაუმკვიდროთ სასუფეველი

მიშა თავხელიძე: „გილოცავთ 9 მაისს – ცივილიზებულ სამყაროზე სტალინის გამარჯვების დღეს!“

“ეს ფოტო რომ გადაუღია რამდენიმე თვეში ომი დაწყებულა და 1941 წელს ბაბუაჩემი ერემი ცინცაძე პირველ ნაკადში ფრონტზე გაუწვევიათ, არც უფიქრია მისი დედისერთობით ან სამი არასრულწლოვანი შვილის მიზეზით თავი დაეხსნა. (ნაბოლარა დედაჩემი წლის და სამი თვის დაუტოვებია)
ბაბუა ქერჩათან დაღუპულა… ამ ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი განადგურდა, იმ 350 ათას დაღუპულ ქართველ ჯარისკაცში ჩემებიც იყვნენ, ბებუა- ერემი ცინცაძე, ანტუშა ლომთათიძე, ვასო და კოლია ხომერიკები, დაიღუპნენ ისე, რომ გულწრფელად სჯეროდათ, სამშობლოსთვის იბრძოდნენ. როგორ წაღმა-უკუღმა იბლანდება ისტორია დედამიწაზე, ის “ზა როდინუ” დღეს ჩემი პატარა თავგანწირული და გულწრფელი ქვეყნის ოკუპანტია, მტაცებელია, მოსისხლე მტერია… რამდენი ქართველის სიცოცხლე დასრულდა “ზა როდინუს” რწმენით…
ვულოცავ 9 მაისს ყველა ქართველს, ვისთვისაც ეს დღე გამარჯვების დღეა, გამარჯვება არ მოკლებოდეს ჩემ ნაბრძოლ, დაღლილ და უსამართლოდ დასჯილ ქვეყანას, გამარჯვების სიხარული და გამარჯვებით შეხორცებული ჭრილობები!!!” – ნინო კვაჭანტირაძე.

ოპერაცია ბაგრატიონი (1944, 22 ივნისი-16 აგვისტო)
ეს იყო უდიდესი შეტევითი ბრძოლა კაცობრიობის ისტორიაში, ეს ბრძოლა საბჭოთა კავშირმა დაიწყო, რათა გაენადგურებინა გერმანული დივიზია და პოლონეთი გაენთავისუფლებინა.ამ სასტიკ ბრძოლაში ჩართული იყო 2.330.000 რუსული საჯარისო ნაწილები და 900.000 შეიარაღებული გერმანელი. მართალია, ეს მნიშვნელოვანი ბრძოლა საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ორივე მხარეს დანაკარგი ძალიან დიდი იყო.

კურსკის ბრძოლა (1943. 5 ივლისი-13 ივლისი)
ეს ბრძოლა ისტორიაში ჩაიწერა როგორც ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა. ამ ბრძოლამ გერმანია ისევ უკან დახია, თუმცა მსხვერპლი აქაც დიდი იყო. გერმანელების მხრიდან დაიღუპა 100.000 მებრძოლი, ხოლო საბჭოთა კავშირის მხრიდან 250.000 მებრძოლი და განადგურდა ტანკების ნახევარი.

მანჩო რამიშვილი: “ჩემი სამი ბიძა დაიღუპა მაგ ომში და შინ დარჩენილ პატარა დებს წერდნენ: ,,შენ არ შეშინდე დაია. საქართველოს მიწაზე ფეხს არ გავაჭაჭანებიებთ პირსისხლიან გერმანელებს. არ დეიწყო ღამე ტირილი, მალე ჩამუალ მე და ლამაზ კაბას გიყიდი”.

“არ ვიცი, როგორ ითამაშებდა ამ როლს სპარტაკ ბაღაშვილი, მაგრამ ფაქტია, რეზო ჩხეიძემ თავისი გაიტანა და როლზე სერგო ზაქარიაძე დაამტკიცეს, და დღეს ძნელია წარმოიდგინო სხვანაირი ჯარისკაცის მამა. უბრალოდ შეუძლებელია, ხო..
საგრიმიოროში დავადექიო თავზე, იხსენებდა ჩხეიძე, გრიმს უკეთებდენო და ეტყობა არ მოსწონდაო რაღაც, და მე არც მომაქცია სალამზე ყურადღებაო. არც მაშინ გამომხედაო, რომ ვუთხარი, ბატონო სერგო, სცენარი მოგიტანეთო.
და ავდექიო მეც, და უნებართვოდ, იქავე დავიწყეო ამბავის მოყოლა.
ხოლოდ მაშინ ასწია თავი ზაქარიაძემ , როცა იმ ადგილამდე მივედი, ჰოსპიტალში რომ არ დახვდაო მახარაშვილს შვილი. მხოლოდ აქ ამომხედაო, დაინტერესებულმა.
და მერე რა ჰქნა შენმა მახარაშვილმაო, მკითხაო.
და გავაგრძელეო მეც , თუ როგორ მოხვდა კახელი გლეხი ომის წინა ხაზზე, როგორ დაატოვებინა თავი გენერალს ნაწილში , როგორ ომობდა და როგორ დაეძებდა მთელ ფრონტზე შვილს, დღეები, თვეები, წლები, და როგორ იპოვა ბერლინში, ნანგრევებში, როგორ იცნო ხმაზე, სიმღერაზე..
მერე? მერე რა მოხდაო? აქ სერგო უკვე ფეხზე წამოდგაო და მომიახლოვდაო, და გავაგრძელეო მეც, და როცა მივედი იმ ადგილამდე , სადაც მამა უკვე ხელში ჩამკვდარ შვილს ეუბნება, დედაშენს რა ვუთხრაო, ბიჭო? პატარა ბავშვივით აუთამაშდა სახე ზაქარიაძეს. ცრემლები მოაწვაო და ატირდაო , ზაქარიაძე. ტიროდაო ზაქარიაძე.
და მივხვდიო, ჩხეიძემ, რომ არ შევმცდარვარო და რომ მან, და მხოლოდ მან უნდა ითამაშოსო ეს როლი, და ვუთხარიო კიდეც სათქმელი და მეო? ჩამეკითხაო ზაქარიაძე. წუთით გაჩუმდაო და რო გაიაზრა კიდევ ერთხელ ყველაფერი გრიმი გვერდით გადადო და კვლავ ტირილი დაიწყოო და ავტირდიო მეც..

ამ ცრემლებიდან დაიწყო ყველაფერი. მის შემდეგ 55 წელი გავიდა და ამ წლების განმავლობაში მილიონობით , სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ფილმის ნახვისას ზუსტად ისევე იქცეოდა , როგორც იმ დღეს ის ორი დიდი ნიჭის, უზარმაზარი ნიჭის მქონე ქართველი.
ქართველი, ხო, ქართველი, შენი სისხლი და ხორცი” – გუჯა შვანგირაძე.

“ჩემს ოჯახში მეორე სამამულო ომის მონაწილე ცხოვრობდა – მაგრამ, ჩემს ოჯახში არ აუღნიშნავთ 9 მაისი არასოდეს. არც ერთხელ – 1945 წლიდან მოყოლებული.

ბაბუა ტყვედ ჩავარდა ომის დროს – გაქცევა სცადა ერთ ტყვესთან ერთად – დაიჭირეს და დახვრეტა მიუსაჯეს. ღამით გადაუწყვეტიათ, ისევ გაქცეულიყვნენ – დილით მანც დაგვხვრეტენ და მეტი რაღა უნდა დაგვემართოსო. მიხოხავდნენ – უცებ თავი ასწიეს და პირდაპირ გერმანელი ჯარისკაცის თვალებს წააწყდნენ. რამდენიმე წამი უყურებდნენ ერთმანეთს თვალებში და გერმანელმა ჯარისკაცმა ზურგი შეაქცია – ზურგსუკან ხელით ანიშნა, გზა გააგრძელეთო.

არ უყვარდა ამაზე საუბარი, მაგრამ, ერთხელ მოყვა, რომ თვეობით იყო გზაში, სანამ ნაწილამდე მივიდოდა. დღისით იმალებოდნენ და ღამით დადიოდნენ. თქვა, რომ ისეთი რამე აქვს ნაჭამი, შიმშილისგან რომ არ მოკვდარიყო, რის ჭამასაც ვერც წარმოიდგენდა.

ნაწილში დაბრუნებული მოღალატედ მიიჩნიეს და გადაასახლეს.

ომი დასრულდა – ბაბუა არ დაბრუნდა. დედ-მამამ და დედმამიშვილებმა მისი ტანისამოსი დაკრძალეს, რომ საფლავი მაინც ჰქონოდათ.

12 წელი იყო ბაბუა გადასახლებაში, 12 წელი არ ჰქონდა წერილის გამოგზავნის უფლება. 12 წლის მერე იქნა რეაბილიტირებული. დეპეშა გამოუგზავნია: ილიკო ვარ. ცოცხალი ვარ. ზეგ სამტრედიაში ვიქნები. დამხვდით.

ძმა დახვდა. ვერ იცნო. მანამდე ეძება, სანამ ვაგზალი სრულად არ დაიცალა. ბოლოს მარტო დარჩენილ ერთადერთ მგზავრთან მივიდა, რამდენჯერმე დაარტყა წრე – უნდოდა ენახა, ქონდა თუ არა ტატუ ხელზე, რადგან ეს ერთადერთი ნიშანი იყო, რომელიც ახსოვდა.

ასე დაბრუნდა ბაბუა ოჯახში. არც ომზე საუბრობდა, არც გადასახლებაზე. არ უყვარდა 9 მაისი. არასოდეს წასულა ვეტერანებისთვის მოწყობილ შეკრებებზე. სიმართლეს გაუმარჯოს, არც გერმანელები უყვარდა, თუ მათზე საუბარი ჩამოვარდებოდა – იხსენებდა, რომ ერთ გერმანელ ოფიცერს, ცოლად საკუთარი და ჰყავდა და არავის უკვირდა – ამბობდა, რომ გერმანელთა უმეტესობას ადამიანის სახე ჰქონდა დაკარგული და ამიტომ, შეუძლებელი იყო, მათ ეს ომი მოეგოთ, ღმერთი ამას არ დაუშვებდა.

და როცა მაღაზიიდან უზარმაზარ ჩანთებს მოზიდავდა – როცა კარადებს ავსებდა სანოვაგით – სულ ვიცოდი, რომ იმ რამდენიმე თვეზე ფიქრობდა, როცა შიმშილობდა, დღე იმალებოდა და ღამე ხოხვით მიდიოდა, როცა ისეთი რამის ჭამა უწევდა, რასაც სხვა დროს არ შეჭამდა – რადგან, ცოცხალი უნდოდა მისულიყო ნაწილამდე, ცოცხალი უნდოდა ჩამოსულიყო ოჯახში.

ზოგჯერ ვფიქრობ და არ ვიცი – ნეტავი, ვისი უფრო მადლიერი იყო, იმ გერმანელი ჯარისკაცის, თუ…” – თამო კეშელავა.

მელიტონ ქანთარიას სახლი ოჩამჩირეში

დიანა საღრიშვილი: “არ მიყვარს პირადულზე წერა,მაგრამ დღეს რომ არ დავწერო,არ შემიძლია.მინდა გავიხსენო ჩემი ბაბუა,ევტიხი საღრიშვილი.ვანის რაიონის სოფელ დიხაშხოში დაიბადა.5 და-ძმა იყვნენ.დაამთავრა ქუთაისის პედინსტიტუტი საბუნებისმეტყველო განხრით.მუშაობდა თბილისში,სადაც გაიცნო ბებია,დაქორწინდნენ და ორივე გაანაწილეს გორის რაიონის სოფელ შინდისში.ბაბუა ასწავლიდა ბიოლოგიას,ბებია- დაწყებით კლასებს.მამაჩემი წლინახევრის იყო,როცა ომი დაიწყო.ბაბუა გაიწვიეს.ბებია გვიამბობდა,რომ შინდისელი ახალგაზრდები,რომლებსაც არ მოუვიდათ უწყება,ჩასულან კომისარიატში და უთქვამთ ევტიხი მასწავლებელი არ წაიყვანოთ,ჩვენ წაგვიყვანეთ მის მაგივრადო.ძალიან ყვარებიათ სოფელში.დიდი ხანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა ბაბუა.ამ ოციოდე წლის წინ წიგნი რომ გამოვიდა დაღუპული მეომრების სიებით,იქ აღმოვაჩინე.1944 წლის 9 მაისს დაღუპულა და ბუქარესტშია დაკრძალული ძმათა სასაფლაოზე.იმედი მაქვს,როდესმე მოვახერხებ იქ ჩასვლას და პატივის მიგებას მისი ხსოვნისთვის.”

“ჩემი ერთი პაპა – უბრალო ჯარისკაცი, ომის დროს გემით გადაყავდათ სხვა ლოკაციაზე. დაბომბეს ფაშისტებმა გემი და კახელი კაცი, რომელსაც ზღვა არ ენახა მანამდე და არც ცურვა იცოდა, დარჩა ღია ზღვაში გემის ნარჩენებზე ჩაბღაუჭებული. ყველა დაიღუპა იმ გემიდან, მხოლოდ პაპაჩემის გადარჩენა შეძლეს მესამე დღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა.

მეორე პაპა დაჭრილი და გონწასული ტყვედ წაიყვანეს ფაშისტებმა. ბანაკიდან მხოლოდ მესამე გაქცევა გამოდგა შედეგიანი. წვიმა დაიწყო და ტყეში ძაღლებმა სუნი ვეღარ აიღეს. მას შემდეგ პარტიზანულად იბრძოდა ომის დასრულებამდე და სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა წვიმა.

მერე გამოხტება ვიღაცა და ჩვენი ომი არ იყოო…
P.S. ერთი პაპა მაშინ 19 წლის იყო. მეორე – 21-ის” (სამწუხაროდ ავტორის ვინაობა არ ვიცი).

“თურქეთი გერმანიის “ეკონომიკური” მოკავშირე იყო და 1942 წელს საქართველოს საზღვრებთან 50 დივიზია მოაყენა, სტალინგრადის დაცემისთანავე აპირებდა შემოჭრას.
მგონი, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს რაც გველოდა… საბედნიეროდ სტალინგრადი არ დაეცა და 1943 წელს საბჭოთა კავშირი გადავიდა კონტრშეტევაზე … აქედან, თურქეთი, იწყებს დიპლომატიურ თამაშებს აქეთ-იქეთ, როგორც სჩვევია…
თურქეთმა მხოლოდ 1944 წელს გაწყვიტა დიპლომატიური, და ეკონომიკური ურთიერთობა გერმანიასთან და 1945 წელს, თებერვალში გამოუცხადა ომი და “რატომღაც” ზუსტად ამ პერიოდს (17 მარტი) ემთხვევა გერმანიის მიერ საქართველოს წარმომადგენლობის აღიარება… მანამდე , მიუხედავად ქართველთა სამეკავშირეო შტაბის მოთხოვნებისა, ომის შემდგომი კავკასიის მოწყობაზე არანაირი დაპირებები გერმანიის მთავრობისგან არ მიუღიათ…
რაც ელოდა საქართველოს, მგონი ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს” , – მანჩო გიორგობიანი.

მირიან ყარაულაშვილი: “9 მაისს- მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს ვულოცავ მსოფლიოს ფაშიზმს გადარჩენილ კაცობრიობას, მათ შორის- ყველა ქართველ ვეტერანს, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ !

მამაჩემის , ალექსანდრე (სანდრო ) ყარაულაშვილის და ბიძების გიორგი მდივნიშვილის , ერასტი და ნიკოლოზ კობიაშვილების სახით მეორე მსოფლიო ომის ყველა აწ უკვე გარდაცვლილ ვეტერანს სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა!

მამაჩემის ძმის – დიმიტრი (მიტო) ყარაულაშვილის სახით მეორე მსოფლიო ომიდან ყველა შინმოუსვლელი გმირის დიდება ინებოს უფალმა!”

“ყველა ჩვენთაგანი ვალდებულია, პატივი მივაგოთ ჩვენი წინაპრების თავდადებას!
ჩემი ბაბუ შალვა პაიჭაძე 1917 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ჯვარცმაში დაიბადა(ამჟამად ჩოხატაურის რაიონის სოფელი ჩაისუბანი), აზნური ერმილე პაიჭაძის ოჯახში. ერმილე პაიჭაძე პირველი მსოფლიო ომიდან ცალი ფეხით დაბრუნდა, კავალერიის ოფიცერი გალიციის ბრძოლისას დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა ავსტრიელებთან. იგი გურულმა სიმღერამ გადაარჩინა ეს საოცარი ისტორია ცალკე მოყოლის ღირსია. ერმილე სახლში დაინვალიდებული, მაგრამ წმინდა გიორგის ჯვრით გულდამშვენებული დაბრუნდა.სამხედრო ტრადიციებმა თვისი ზეგავლენა იქონია და ბაბუაჩემი შალვა პაიჭაზე, 1937 წელს თავისი ნებით სტალინგრადს გემგზავრა. იქ სამხედრო საავიაციო სასწავლებელში ჩაირიცხა. 1940 წელს დაქორწილდა ვოლგისპირეთის კაზაკთა ატამანის ქალიშვილზე ( მაშინ უკვე რეპრესირებულ) მარია პავლოვნა მედვედევაზე.1941 წლის 7 აპრილს დედაჩემი ვერიჩკა დაიბადა, 22 ივნისს კი ომის დაწყებსთანავე შალვა ფრონტზე გაიწვიეს. პირველი შეტაკებებს სევასტოპოლის ფრონტზე შეხვდა. ავიაგამანადგურებელ У-2 მაჩვენებლებით ჩამორჩებოდა გერმანულ მსსერშმიდტებს . მიუხედავად ამისა ყირიმის ცაში შეტაკებისას , დაზიანებული თვითმფრინავის დისლოკაციის აეროდრომზე დასმა მაინც შეძლო. 1942 წლის ბოლოს , სტალინგარდის დასაცვად სურდა წასვლა, სადაც თავისი ოჯახი ეგულებოდა. გენერალ ლესელიძესაც მიმართა , მაგარამ ლენინგრადისკენ გადაისროლეს , სიცოცხლის გზის დასაცავად. ეს ეთადერთი გზა იყო ლადოგის ტბაზე გამავალი , რომლითაც ფაშისტების მიერ ბლოკირებული ლენინგრადი შიმშილს და განადგურებას ებრძოდა. ბებიაჩემმა სტალინგრადიდან ევაკუაცია მოასწრო და სრულიად უცნობ საქართველოში , კასპიის ზღვისა და ბაქოს გავლით მცირეწლოვან ვერასთან ერთად ჩააღწია.თბილსის ვაზგალზე ჩემი დიდი ბებიის ძმის, კეკელიძეების ოჯახი დახვდა. მათივე ინიციატივით დედაჩემი ვერიჩაკა პაიჭაძე მაშინდელი საქართველოს პატრიარქს კალისტრატე ცინცაძეს მოანათლინეს და ისე გაამგზავრეს გურიაში.1943 წლის ბოლოს ბაბუაჩემმა, ლენინგარადის ზეცაში შეტაკებისას გერმანული თვითმფრინავი ჩამოაგდო , მაგრამ თვითონაც ცეცხლმოკიდებული ლადოგის ყინულს დაენარცხა. შემთხვევით, ყინულზე მიმავალი სურსათით დატვირთული ქარვნის, სატვირთო მახნქანების მძღოლებმა შეამჩნიეს. სანამ თვითმფრინავი გაპობილი ყინულის ქვეშ ჩაეშვებოდა , ფეხებგადამსხვრეული და გონებადაკარგული შალვას კაბინიდან ამოყვანა მოასწრეს. ასე მოხვდა ბაბუაჩემი ხარკოვის ჰოსპიტალში , სადაც ქრთველი გოგონას თამარა ბერაიას ალერსით მალე განიკურნა და ჩემი უსაყვარლესი დეიდა ეთერი გაჩნდა . შალვა პაიჭაძე მალევე დაუბრუნდა თავის სამხედრო შენაერთს . საბჭოთა შეიარაღებული ძალები მაშინ უკვე მესამე რეიხის სზღვრებს უტევდნენ. შალვა პაიჭაძის ესკადრილია აღმოსავლეთ პრუსიაში ბაზირებდა. ხშირად უთქვამს , კიონინსბერგის აღებისას გერმანელებს გამოუცდელი პილოტები ჰავდათ და ადვილად უმკლავდებოდნენ მათ. შეუპოვარი სვლით, ერთერთი პირველები იყვნენ , რომელთაც ბერლინის დამცავ გერმანულ ავიაციას შეუტიეს და გზა გაუხსნეს მარშალ ჟუკოვის საბოლოო შეტევას და გიტლერის ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას. ჩემმა საამაყო ბაბუმ 95 წელი იცხოვრა , მე – 5-ე თაობას მოესწრო. მისი შვილებისგან ვერა, ლუდა, ეთერი,ვიტალი და დათოს შათმომავლები, შვილისშვილის – შვილისშვილების ჩათვლით 56 ადამიანს ითვლის. მრავალ ორდენებშემკობილი შალვა პაიჭაძეზე და მის განვლილ ცხოვრებისეულ გზაზე , შეიძლება წიგნები დაიწეროს!
მისი თამადობით , ფაშიზმის დამარცხება და მეორე მსოფლიო ომში გამარგვაბა, ყოველი წლის 9 მაისს განსაკუთრებულად აღინიშნებოდა ჩვენს საახლობლოში და ეხლაც ვინარჩუნებთ ამ ტრადიციას.
სამამულო ომში საქართველომ პროცენტულად ყველაზე მეტი მეომერი გამოიყვანა 700 000, საიდანაც 300 000-ზე მეტმა სიცოცხლე შესწირა გამარჯვებას. ყველა ჩვენთაგანი ვალდებულია, პატივი მივაგოთ ჩვენი წინაპრების თავდადებას!” – ლევან მამალაძე.

მაია მანაგაძე: “ჩემო სამშობლოვ! ალბათ როდისმე იკითხავ შენი შვილების ამბავს, მაგრამ არ ვიცით შეიტყობ თუ არა..
ტყვეობა უფრო მძიმეა ვიდრე ცეცხლის ხაზი, მაგრამ ტყვეობა გმირობა არაა, გმირობა ბრძოლის ველზე სიკვდილია, არც ჩვენ მოვმკვდარვართ ტყვეობაში, ჩვენც ბრძოლის ველზე დავიხოცენით. ჰოლანდიის მიწაზე ჩვენს სამშობლოს ვიცავდით, შენს ნამუსს ვიცავდით ჩემო სამშობლოვ..
ამ მიწაზე ერთ საფლავში განისვენებს 560 ქართველი ვაჟკაცი, ყიველ 4 მაისს ჰოლანდიელი მოსახლეობა პატივს მიაგებს მათ საფლავს…
დიდება გმირებს
მეზიზღება ჩვენი დღევადელობა, მეზიზღება ეს უმადური, გაუმაძღარი. სატანის შვილი მთავრობის წევრები…”

მაკა იმერლიშვილი: “ჩემი ბაბუა … დედის მამა…
პოლკოვნიკი ლადო დვალი

დიდება გმირებს”

მალხაზ ლომსაძე: “ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლის იუბილე მინდა მიულოცო დიდი სამამულო ომის ვეტერანებს. ღმერთმა ჯანმრთელობა და სიხარული არ მოაკლოთ. რომ არა ისინი, მსოფლიოს საფრთხე შეექმნებოდა. საქართველოდან ფრონტზე გაიწვიეს 700 000 კაცი. საქართველოს გენოფონდი დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. დაცარიელდა ქალაქები და სოფლები. შრომის მთელი სიმძიმე მოხუცებს, ქალებსა და ბავშვებს დააწვათ. ქართველები მონაწილეობდნენ გერმანიის მიერ ოკუპირებული ევროპის ქვეყნების პარტიზანულ ბრძოლებში. ამგვარ ბრძოლებში თავი გამოიჩინეს: პოლონეთში-ვასილ მანჯავიძემ, იტალიაში- ფორე მოსულიშვილმა, კოტე ლეჟავამ, ნოე კუბლაშვილმა, საფრანგეთში- ვახტანგ სეხიაშვილმა, ოთარ იშხნელმა. 1945 წელს გერმანიის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო ჰოლანდიაში, კუნძულ ტექსელზე განლაგებულმა ქართულმა ბატალიონმა. მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა 300 000 ქართველი.
ჩვენი მუნიციპალიტეტიდან ორ მებრძოლს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. ესენი იყვნენ გიორგი პაპუაშვილი დუმაცხობიდან (1913-1943) და გრიგოლ სამხარაძე წაღვლიდან(1917-1965).
პაპაჩემი დაიბადა 1908 წელს და ფრინტზე დაიღუპა. მისი საფლავი ნაპოვნი არაა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის მივიხსენიებთ ხოლმე. პაპის ძმა – პლატონ ლომსაძე რომ დაბრუნდა ფრონტიდან ამის შესახებ არაფერს ამბობდა. სიკვდილის წინ, 1953 წელს უთქვამს-ჩემი ძმა საკუთარი ხელით დავასაფლავეო. მოგვიანებით, 2000 წლებში ჩემმა ძმამ გამოითხოვა საბუთები მოსკოვის უშიშროების კომიტეტის არქივებიდან და დადგინდა- პაპა 1942 წელის მარტის თვეში ქერჩთან დაღუპულა.
დიდება მათ ხსოვნას!”

თემურ ჩილაჩავა: მამაჩემი იპოლიტე გრიგოლის ძე ჩილაჩავა იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მონაწილეობდა ბერლინის აღების ოპერაციებში (უფროსი ლეიტენანტი). 9 მაისს თვლიდა მეორე დაბადების დღედ.
ის იყო პროფესიით მათემატიკოსი, თითქმის 40 წელი იმუშავა შოთა რუსთაველის სახელობის გულრიფშის საშუალო სკოლაში, მათემატიკის მასწავლებლად. მან შემაყვარა მათემატიკა. ის იყო ჩემთვის ყველაფერში მაგალითი. როცა მე პატარა წარმატებებს ვაღწევდი, ის ყოველთვის იყო ჩემს გვერდით.
მან პირადი მაგალითით მასწავლა მთავარი: როგორ უნდა იცხოვრო ამ უსამართლო სამყაროში პატიოსნად, ღირსეულად, რომ წინაპრების სახელი არ შეარცხვინო.

გილოცავ მამა 9 მაისს! მე არასოდეს შენ და დედას არ შეგარცხვენთ”.

იამზე ასანიშვილი: ჩემი ლადო პაპა ომში რომ წასულა, შინ ხუთი შვილი და მეექვსე ბავშვზე ორსული ცოლი დაუტოვებია. მალევე მოსულა ცნობა _ ომში დაიკარგაო. ნინა ბებომ იმ გაჭირვებაში ექვსი შვილი როგორ გაზარდა, ამაზე არაფერს ვამბობ. სულ სხვა რამის თქმა მინდა.
ჩემი ნინა ბებო ავად რომ გახდა, უკვე დიდი ვიყავი. 15 წლის. რაღაცები მესმოდა, რაღაცებს ვხვდებოდი. სენმა ჩააწვინაა ლოგინად. შვილები თავს ევლებოდნენ, თან საკუთარ უსუსურობაზე ბრაზობდნენ, გრძნობდნენ, რომ ვეღარ შველოდნენ. სულ _ იქნებ რამე გინდა, იქნებ რამეს ისურვებო, ეკითხებოდნენ.
და ერთხელაც ისურვა
_ ნეტა, ეხლა ლადო შემოახედა, მეტი არაფერი მინდაო.
მაშინ ფიქრი და აზრი არ იყო, მაშინ მხოლოდ ემოცია იყო. მერე, წლების მერე, ბევრჯერ გახსენებულ ამ ამბავზე ბევრჯერ მიფიქრია და მივხვდი…
მე რა თქმა უნდა, არ ვიცნობდი ლადო პაპას. სამაგიეროდ ძალიან კარგად ვიცნობდი და მახსოვს ნინა ბებო. ამიტომ ვამბობ სრულიად დარწმუნებით _ ნინა ბებოს სურვილი თუ ნატვრა მხოლოდ ორმოცწლიანი მოლოდინის და უსაშველო მონატრების ამოთქმა კი არ იყო, არა!
ლადო პაპა ის კაცი იყო, რომლის სახელი, პათეტიკაში ნუ ჩამომართმევთ და, სანთლად ენთო მისთვის. იმ სანთლის კვალზე იცხოვრა, მისი საზომით ზომა ყველა ნაბიჯი და სიტყვა…
დღეს მომინდა ამაზე დაწერა. იმაზე, რომ იყვნენ ასეთი კაცები. და ქალები. 

დალი კუკავა:  მამაჩემი ოთარი ალექსანდრეს ძე კუკავა ომის ვეტერანი გახლდათ. იბრძოდა ქერჩში, მის ძმასთან დავითთან ერთად წაიყვანეს. ისტორია ასეთი იყო: ზამთარში, როცა იქ წელამდე თოვლია და საშინელი ყინვა, მის ბატალიონს ამცნეს საფრთხის შესახებ, ბატალიონი ღამე სასწრაფოდ გავიდა უბანში, თეთრი ფერის სპეციალური ფორმები ეცვათ, რომ თოვლში მტრისთვის შეუმჩნევლები ყოფილიყვნენ. მაგრამ მტერი ჩასაფრებული იყო და ბომბი ჩამოაგდეს, მამა შორს კი იყო იმ ადგილიდან, თუმცა ბომბისგან წამოსული ნამსხვრევებისგან დაიჭრა მხარში და თურმე სისხლი ნაკადად სდიოდა, მაგრამ ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო, მაგარი ყინვა ყოფილა და ჭრილობა გაეყინა, სისხლდენა შეწყდა დროებით. შემდეგ მაშველებიც მოვიდნენ, ამდენ მიცვალებულებში რთული იყო ცოცხლის ამოცნობა, ვინაიდან უკუნი სიბნელე იყო, ყვიროდნენ ვინა ხართ ცოცხალიო, მამას ესმოდა ყველაფერი, მაგრამ ენერგია არ ყოფნიდა ხმა ამოეღო. მაშველები დარწმუნდნენ იმაში, რომ არავინ იყო ცოცხალი და წასვლა დააპირეს, მამამ ამ დროს მაქსიმალურად მოიკრიბა ძალა და დაიკვნესა, მაშველებმა გაიგეს და მობრუნდნენ. ერთი მაშველი ეუბნება მეორეს, მაინც ვერ გადარჩება, რა ძალა გვადგას, არ წავიყვანოთო, მაგრამ მეორე გამოდგა ღვთისნიერი, გულიანი და ბოლო-ბოლო გადაწყვიტეს საავადმყოფოში წაეყვანათ. საავადმყოფოს კარებთან დაჭრილების 10 კმ-მდე რიგია, სანამ მამას მოუწევდა რიგი, დაიღუპებოდა. შემდეგ საავადმყოფოში გადაწყვიტეს ვინც მძიმედ დაჭრილი იყო და სასწრაფოდ საოპერაციო, ისინი შეეყვანათ პირველები. მოკლედ მამას დამტვრეული მხრის ძვლები ამოაცალეს და ბავშვის ასაკის მხარი დაუტოვეს, მართალია ვიზუალი შეუნარჩუნეს, მაგრამ ხელს ვერ ამოძრავებდა. როცა მამა მიყვებოდა ამ თავგადასავალს, მადლიერების უსაზღვრო გრძნობით ვივსებოდი მის მიმართ. გაანათლოს და მარადიული ხსოვნა მამას დ ყველას, ვინც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა.

მაყვალა დავითაძე: ჩვენმა ოჯახიდან სამი კაცი შეიწირა ომმა…. პაპაჩემი, პაპაჩემის ძმა და ძმისშვილი…. დარჩა ბებიაჩემი ექვსი წვრილი შვილით მარტო… გაჭირვებითა და ვაებით დაზარდა შვილები… ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, კიდევ ელოდა შინმოუსვლელ მეუღლეს….
პაპაჩემის ძმას ორი ვაჟიშვილი ჰყავდა: თვითონ და ერთი შვილი, ფრონტიდან აღარ დაბრუნებულან… ხოლო მეორე შვილი, ვაჟია/ ასაკის გამო არ წაიყვანეს ომში. სამაგიეროდ შიმშილმა და უბედურებამ თავისი ჰქნა, სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა. დარჩა პაპაჩემის ძმის ცოლი/ლუბა ბაბო(ასე ვეძახდი) მარტო… ოთარაანთ ქვრივზე უფრო ძლიერი ქალი… ვერ ათქმევინებდი ქმარი და შვილი ომში მომიკვდაო… ისიც ელოდა… კერია არ გაუციებია… ქმარსა და შვილს კენოტაფიც გაუკეთა… ნამუსით იცხოვრა და წავიდა ბოლოს ამ სოფლიდან. ასე ამოწყდა ერთი ოჯახი… ლუბა ბაბოს ლექსი ჰქონდა დაწერილი, ეპიტაფია… ეს ეპიტაფია და ავტორის ხსოვნა ჩემს წიგნში–საფლავის ქვის სიმფონიაში შევიტანე და ასე მივაგე პატივი.. ლუბა ტალახაძის ქალი იყო… ქმარი და შვილი ფრონტზე დაკარგა, მეორე შვილი ხელში ჩააკვდა… მეტირება, რომ მაგონდება, როგორ ერთგულებითა და სიფაქიზით უვლიდა ოჯახს… არ გაბოროტებულა, უხაროდა და უყვარდა ადამიანი. მისი შვება გარდაცვლილი ოჯახის წევრების გადიდებული სურათები იყო… ბავშვობიდან მახსოვს სულ ის სევდიანი სურათები და ლუბა ბაბო… თავისი სიკეთით….
პ.ს. უნამუსობის პიკი ვნახე დღეს, ვაკის პარკში კვერცხებით შეიარაღებული ურაპატრიოტების ღრიანცელით…. ცხრა მაისი ჩემთვის სევდიანი და ამავდროულად საამაყო დღეა… ჩემი წინაპრების მოგონების დღე…

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close