საზოგადოება

ამ დროს ქურდებმა გამოიარეს და ჰკითხეს – ჰა, აფერისტო ვერავინ ვერ გააბრიყვეო?

მან 30 წელი გაატარა სასჯელაღსრულების სხვადასხვა ადგილებში, სხვადასხვა ბრალით. სწორედ ამიტომ – რა არის თქვენთვის პატიოსნება? – ამ კითხვით დაიწყო „პროგრესნიუსმა“ გიორგი კიტრიაშვილთან ინტერვიუ:

_ პატიოსნება? ბევრს პატიოსნება ჰგონია, რომ შრომობ, ხნავ, თესავ, მოსავალს იღებ, ან ჯამაგირს მიაცულნცულებ სახლში, ოჯახს ასაზრდოებ. ბევრი მინახავს ასეთები, რომლებიც გვერდზე არ გაიხედავენ, ვის უჭირს, არ დაინახავენ, არ გაიზიარებენ, არ დაეხმარებიან. ეს არ არის პატიოსანი ცხოვრება. ჩემთვის პატიოსნება რა არის?

ერთი მეგობარი მყავდა (ავჭალის კოლონიაში დავმეგობრდით), რომელსაც კრიმინალური წარსული ჰქონდა. კოლონიაში დაიწყო ეკლესიური ცხოვრება და შეინანა ყველა ცოდვა. პოლიტიკურ პატიმრებთან, ძმებ ზვიად და კობა ძიძიგურებთან, ზაურ ქობალიასთან, მეც მათთან ერთად ავაშენეთ ეკლესია. ამ კაცმა, ხატები ქვაზე მოაპირკეთა. ჰოდა, ასეთი რამ მიამბო:  ნაძარცვიდან დაუგროვდა დიდი რაოდენობის ოქრო-ვერცხლი. ოქრო მალევე გაყიდა, დარჩა 4 კილოგრამი ვერცხლი. გადაწყვიტა, ყველაზე გაჭირვებულისთვის ეჩუქებია. ვაგზლის მოედანზე ერთი ბებო მზესუმზირას ყიდდა. მისულა და უთხოვია, ეს შეფუთული პარკი შემინახე, საღამომდე თუ არ მოვედი, წაიღე და შენი იყოსო. მესამე დღეს ისევ იმ ადგილას მისულა, შორიდან შეუხედავს, თურმე, ბებო თავის პარკიანად ისევ იქ იჯდა, მზესუმზირას ყიდდა და ამ კაცს ელოდებოდა. ერთი კვირის შემდეგ კიდევ გაუვლია და ისევ ის სურათი დახვდა, იჯდა ბებო იმ პარკიანად და ელოდა. აი, ეს ბებო არის ნამდვილი პატიოსნება.

კიდევ ერთი ისტორია: სოფელში, ჩემს უბანში ერთ მოხუც კაცს ძალიან ლამაზი დანა ჰქონდა. მაშინ 8 წლისა ვიქნებოდი. ერთხელაც, ,,ბირჟაზე” ვაშლს თლიდა. უცებ დანა დაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და ჩაიცუცქა. გვერდით მივუჯექი. დანა ჯიბიდან გადმოუვარდა, ავიღე და სახლში წამოვედი. ბებიამ თვალი მოკრა დანას. მკითხა, საიდან გაქვსო. ვუთხარი, ვიპოვე-მეთქი. ბებიამ არ დამიჯერა და ჩამაცივდა, სიმართლე მითხარიო. გამოვუტყდი, ტუხა პაპას ჯიბიდან დაუვარდა და ავიღე-თქო. მომკიდა ხელი, დანა ხელში დამაჭარენა და მიმიყვანა ტუხა პაპას სახლში. მას ბოდიში მოუხადა, შენი დანა ჩემს შვილიშვილს აუღიაო და დაუბრუნა. ბებოს საქციელიც არის ჩემთვის პატიოსნება.
_ რამდენიმე ციხე-კოლონიაში იცხოვრეთ. ამ დაწესებულებების რეჟიმი და ხელმძღვანელობა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა…
_ კოლონიის ხელმძღვანელობის გონიერ დამოკიდებულებას შეუძლია სრულიად შეცვალოს პატიმრის ფსიქოლოგია. ავჭალის კოლონიაში 9 წელი მომიწია სასჯელის მოხდა. იმ დროს კოლონიის უფროსი ზაურ ებრალიძე იყო. ერთხელაც, ბავშვების (წინა ქორწინებიდან) წერილი მივიღე, მწერდნენ, შეშა არ გვაქვს სიცივეში ვართ, ვიყინებით, არც საჭმელი გვაქვს, გვშიაო. კოლონიის ეზოში წინ და უკან დავდიოდი, მოსვენება დავკარგე, განადგურებული ვიყავი. თურმე ბატონი ზაური კაბინეტის ფანჯრიდან მიყურებდა. მოვიდა და მითხრა, რა მოხდა, რატომ ხარ დაღონებულიო. შემრცხვა და არ გავუმხილე. შენ ასეთი არ ყოფილხარ არასდროს, რაღაც მოხდა და მითხარიო, –  ჩამაცივდა. იძულებული გავხდი სიმართლე მეთქვა. არც დაფიქრებულა, მითხრა –  მე მივხედავ მაგ საქმესო. გავმეხდი. არ ვიცოდი რა მეთქვა. ყველაზე დიდი მანქანა დაუტვირთია შეშით და სოფელში, ბავშვებისთვის გაუგზავნია. გაგიგიათ მსგავსი რამ კოლონიის ხელმძღვანელს გაეკეთებინოს სადმე ვინმესთვის?..
_ არა, ასეთი არაფერი მსმენია. თუმცა, ზოგჯერ რაღაც შეღავათებს უწევდნენ პატიმრებს და მის ოჯახებს.
_ შვილის წერილი მივიღე, ისევ გასაჭირზე მწერდნენ. თანაც, დაზარალებული ავიწროებდა. გავმწარდი, რომ ჩემს გამო ბავშვებს ავურიე ცხოვრება. გაქცევა დავაპირე. კოლონიის ეზოში მიტოვებული შენობა იყო, ავბობღდი სახურავზე. ტროსს გულა გამოვაცალე, გარშემო გავუკეთე რამდენიმე კაუჭი, რომ გადაღმა სხვა შენობაზე გადამესროლა და დამემაგრებინა. მერე ტროსზე ჩამოკიდებული წამში გავსრიალდებოდი და გავიქცეოდი. შემთხვევით, თანამშრომელი ავიდა სახურავზე, ტელევიზორის ანტენას ამაგრებდა და ტროსი ნახა. მაშინვე აცნობა ხელმძღვანელობას. იქვე მდგარი 4 პატიმარი დაიჭირეს და დააბრალეს, თითქოს გაქცევას აპირებდნენ.

მოკლედ, ამ პატიმრებს ,,კრიტში” გამწესება და სასჯელის დამატება ელოდათ. ვერ მოვითმინე, მივედი და ვუთხარი, მაგათ არ გაუკეთებიათ, მე ვაპირებდი გაქცევას-თქო. ებრალიძე გაოგნებული მიყურებდა. მკითხა, იცი რა გელის ახლა გაქცევის გამო? მე ეს საქმე უნდა გადავცე, ასე ვერ დავტოვებო. ვუპასუხე, ვიცი, სხვა გზა არ მქონდა-თქო. ბატონი ზაური მეკითხება, რატომ გარბოდიო. მეც გულახდილად მოვუყევი ყველაფერი. დამპირდა, მე შენს ნათქვამს გადავამოწმებ და თუ ეს მართალი აღმოჩნდება, მე დაგეხმარებიო. მართლაც, ბატონი ზაური მოადგილესთან ერთად ჩასულა ჩემს სოფელში, იქ მოუძიებია ყველა ინფორმაცია, მერე მისულა ჩემთან სახლში, უნახავს რა სიღატაკეში ცხოვრობდნენ ბავშვები, მაგიდაზე გადაფარებულ სუფრის ქვეშ თანხა დაუტოვებია და ისე წამოსულა. ბევრი იბრძოლა, რომ ჩემთვის არ დაემატებინათ სასჯელი და მიაღწია კიდეც.
_ რამდენადაც ვიცი, ამ საქმეს თავად ებრალიძე კინაღამ შეეწირა.
_ ვისაც არ შეუძლია სიკეთის კეთება და უანგაროდ სამსახური, ის ყველაფერს იკადრებს. იქვე, კოლონიის ერთ-ერთმა მოადგილემ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ანონიმური წერილით ცილი დასწამა ზაურ ებრალიძეს, თითქოს მე მისთვის ქრთამი გადამეხადოს. ამის გამო დიდი სკანდალი ატყდა. არადა, ქრთამის ფული რომ მქონოდა, შვილებს დავაპურებდი და არც გაქცევაზე ვიფიქრებდი. ბოლოს, კომისიაზე გამიყვანეს და მითხრეს, მომეყოლა რა მოხდა. სიმართლემ გაიმარჯვა. სიკეთესაც ბევრი მტერი ჰყავს.
_ ებრალიძე სხვა მსჯავრდებულების მიმართაც ასეთი თანამდგომი იყო?
_ წარმოიდგინეთ, აბსოლუტურად ყველა მსჯავრდებულთან ჰქონდა კეთილდამოკიდებული მიდგომა. ერთელაც, ებრალიძე ასაკის გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან. მას შემდეგ კოლონიამ 4 უფროსი გამოიცვალა, მაგრამ ვერცერთმა ვერ შეძლო მართვა და იძულებულნი გახდნენ, ისევ ებრალიძე დაებრუნებინათ.
_  თქვენს მიმართ განხორციელებულა ძალადობა?
_ იცით რა, ახლა რომ გადავხედე განვლილ შავ-ბნელი წარსულის 30 წლის მონაკვეთს, სიმართლე უნდა ითქვას, დაუმსახურებლად და დიდი უსამართლობით, თითქმის არასოდეს არ დავსჯილვარ. ვგულსხმობ, სასჯელის ზომას. მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსენდება მწარედ. 1994 წელი იყო, საბურთალოს რაიონის მილიციამ დამაკავა მანქანის გატაცების ფაქტზე, მედავებოდნენ ყაჩაღობის აღიარებას და თანამომაწილის დასახელებას. ამ მილიციაში უფროსის მოადგილე იყო ნარკომანი და სადისტი (გვარი არ მახსოვს), ის კაიფს და დიდ სიამოვნებას იღებდა, როცა ვინმეს აწამებდა. ხოდა, ეს მილიციელი, სხვა მილიციის თანამშრომლებთან ერთად, ღამის 3 საათზე გამიყვანდნენ და იქამდე მცემდნენ, სანამ არ გავითიშებოდი: „პარკეტი” ფეხის გულებში, რეზინის „დუბინკა” მონოტონურად თავში, თითებზე ბრტყელტუჩით მოჭერა… ამ დროს, ხელები უკან ხელბორკილით გაქვს გაკავებული.
ერთ ღამეს სინათლე ჩაქრა. ზეწარი დავხიე და თოკი დავგრიხე. ერთიან საკანში ვიჯექი. რკინის გისოსებზე გამოვაბი და თავი ჩამოვიკიდე. უცებ გავითიშე, ფართხალის ხმაზე შემოვარდა მილიციის მაიორი (გვარი ზუსტად არ მახსოვს, მგონი გაგუა იყო)… საბედნიეროდ, ყველგან გამოჩნდება დიდსულოვანი პიროვნება. მან გადამარჩინა. თანამშრომლებს ეჩხუბა და აგინა, ხომ გითხარით, ჩემს მორიგეობაზე ხელი არ ახლოთო. ამ კაცის მორეგეობაზე არავის სცემდნენ. მეორე დღესვე ციხეზე გადამიყვანეს.
_ ამ მძიმე მოგონების შემდეგ, იქნება კურიოზიც გაიხსენოთ?
_  ავჭალის კოლონიაში იჯდა ერთი პროფესიონალი ჯიგბირი, მეტსახელად, აფერისტო. ნაბახუსევზე იყო და ფული არ ჰქონდა, რომ ალკოჰოლური სასმელით გამოსულიყო ,,პახმელიაზე”. იდგა კოლონიის ცენტრში, სეირის მაყურებლებით გარშემორტყმული. თავისებურად ოხუნჯობდა და ჩალიჩობდა, რომ ვინმესთვის სასმელის ფული დაეცინცლა. ამ დროს ქურდებმა გამოიარეს და ჰკითხეს, ჰა, აფერისტო ვერავინ ვერ გააბრიყვეო? აფერისტომ უთხრა, აი, ზუსტად თქვენ გელოდებდით, ფულის მეტი რა გაქვთ, იკისრეთ რამე, მაგარ ,,პახმელიაზე” ვარო. ქურდებმა ჰკითხეს, შენ რას იკისრებო? აფერისტომ გაიხედ-გამოიხედა, ამ დროს კოლონიაში ,,ვახტიდან” შემოდის უფრსის მოადგილე. აფერისტომ უთხრა, ქურდებს, გინდათ, ამას ჯიბდან ამოვაცლი საბუთებსო. ქურდებს გაუკვირდათ და დაპირდნენ, შენ თუ მაგას გააკეთებ, ორმაგად ვკისრულობთ მაღარიჩსო. აფერისტო გადავიდა აკრძალულ ზონაზე და ვითომ ვერ ამჩნევდა მოადგილეს, გვერდით ჩაუქროლა. მოადგილემ დაუძახა, სად მიდიხარ, აფერისტო? აფერისტო მივიდა მასთან და ხელებით, მთელი ემოციებით რაღაცას უხსნიდა, ხან ერთ მხარეს გაახედებდა, ხან მეორე მხარეს ატრიალა. ასე, 2 წუთში დაემშვიდობა და წამოვიდა ქურდებისკენ. აფერისტომ მოადგილის გულის ჯიბიდან მოპარული საფულე ამოიღო და ქურდებს აჩვენა. ქურდებმა ჯერ გულიანად იცინეს და დანაპირები მაშინვე შეუსრულეს, 4 ბოთლი არაყი უყიდეს. აფერისტომ კი, ცალკე მოადგილესაც მაღარიჩი აკისრებინა ,,ვაზვრატის” სანაცვლოდ.
კიდევ გამახსენდა ერთი ისტორია. ავჭალის კოლონიის უფროსი ებრალიძე პატიმრებთან ერთად ხშირად თამაშობდა ფეხბურთს. პენალტებზეც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ასეთი გარიგება ჰქონდათ, თუ ებრალიძე პენალტებს წააგებდა, მაშინ ,,კარცერიდან” ,,კაი ბიჭების” მეგობრებს გამოუშვებდა, თუ მოიგებდა, მაშინ მათ ზურგზე უნდა შეესვათ ყველაზე დაბეჩავებული და დაჩაჩანაკებული პატიმარი და ასე ეტარებინათ…
_ და ასრულებდნენ დანაპირებს?
_ აბა რა? ებრალიძე ხშირად იგებდა, რადგან ადრე ფეხბურთელი იყო. ყოფილა შემთხვევა, თამაში წაუგია, მაგრამ სიტყვა არ გაუტეხავს და მართლა გაუშვია ,,კარცერიდან” ბიჭები. მაგრამ მეორე მხარე როცა აგებდა, ისინიც ასრულებდნენ გარიგების პირობებს და ეზოში ზურგით დაჰყავდათ პატიმრები. რა თქმა უნდა, ეს სახალისო იყო და ერთმანეთთან ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტს გვავალდებულებდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close