ეკონომიკა

95 მილიონი ლარი – მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის

მთავრობა ე.წ. რიყის დოქებს ყიდის. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შენობის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარია.

„ვაპირებთ, 100 საინვესტიციო ბიზნესის ფარგლებში შევიტანოთ ე.წ. რიყის დოქები. გარკვეული მომზადება დასჭირდა ამ ობიექტს. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამ პროექტის მშენებლობაზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა ვერ იპოვა თავისი სწორი გამოყენება, ვერ იპოვა თავისი ფუნქცია, არადა ობიექტი ძალიან საინტერესო ადგილას არის. ამ ადგილს ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. შეფასება, რომელიც გაკეთდა არის 95 მილიონი ლარი, რაც რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზეც, რომ თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ამის აშენებაში.

ჩვენ სწორედაც ამ გამჭვირვალე აუქციონის გზით შევძლებთ გავტესტოთ რამდენად რელევანტურია ეს ფასი დღევანდელი საბაზრო მოთხოვნების მიმართ. ჩვენი ამოცანაა, რომ ღია საჯარო აუქციონის გზით სწორი გამოყენება ვუპოვოთ „რიყის დოქებს”, – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ობიექტი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ არის შეფასებული.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, ბიზნესს მთავრობა წინასწარ არ კარნახობს თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონდეს ე.წ. რიყის დოქებს.

როგორც მან განმარტა, „აქცენტი გაკეთდება კომერციულ და მიზანშეწონილ გამოყენებაზე“.

მისივე თქმით, აუქციონის დაწყება მომავალი კვირიდან იქნება შესაძლებელი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close