საზოგადოება

“უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო…”

სოციალური ქსელის მომხმარებელი მანანა ჯინჭარაძე ჩოხატაურში 26 წლის ავთო კალანდაძის მკვლელობას ემოციური პოსტით ეხმიანება:

“ყოფილი მოსწავლე არ არსებობს.

დღეს ჩემი საუკეთესო მოსწავლე მოკლეს, –
შეუდარებელი ადამიანი და უნიჭიერესი ახალგაზრდა; ბიჭი, რომელიც სხეულით ბედნიერებას და სიცოხლეს დაატარებდა, – სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც, უბანშიც;
უნიჭიერესი, ჭკუასაკითხავი კაცი, ჩემი შვილის კლასელი და მეგობარი;

გულით რომ მდომოდა, ერთ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი, ისეთი პასუხისმგებლიანი იყო;
ყველა რომ გამემტყუნებინა, მას ვერასოდეს ვაკადრებდი შენიშვნას, – ენა არ მომიბრუნდებოდა;
ღიმილს საგზალივით დაატარებდა, – სულ მომღერალი და მოცეკვავე…
არც მახსოვს, ვინმესთან ედავოს, ეჩხუბოს, ეკამათოს;
აქეთ გირჩევდა და დაგაკვალიანებდა…
არავისთვის არასოდეს არაფერი დაუშავებია…
არც მკვლელისთვის…
“ჭირი მართალსო” – აი, ასე უდანაშაულოდ მომიკლეს 26 წლის მოსწავლე და აღარ ვიცი, ვინ ვანუგეშო…
დღეს მე, მოგებული რომ მეგონა, ის ომი წავაგე – მეც და მკვლელის მასწავლებელმაც.

ვზივარ ახლა გაოგნებული და თქვენთვის ვწერ, ჩემო კოლეგებო…
არ გაჩერდეთ, ილაპარაკეთ, გაუჩერებლად და ძალიან ბევრი, რომ:
ზიზღი, სიძულვილი, აგრესია, რადიკალიზმი, ცივსისხლიანობა და გაუნათლებლობა კლავს უდანაშაულო ადამიანებს, საუკეთესო ახალგაზრდებს…
არ ახსნათ არცერთი გაკვეთილი მანამ, სანამ ამით არ დაიწყებთ…
არ დაასრულოთ, თუ ეს არ უთხარით…
დღეს ჩემი და შენი წილი სიმართლე არ არსებობს –
დამარცხებულები ვართ” – წერს მანანა ჯინჭარაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close