საზოგადოება

„საქართველოში არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა, ამას კომენტარები არ სჭირდება“

მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა

კორონავირუსით დაავადებულ პაციენტებთან დაკავშირებით ჩვენთან არსებული ყველა მონაცემი არის სწორი, დამალული არც ერთი შემთხვევა არ არის, – ასე გამოეხმაურა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, რომლემაც საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემების სიზუსტეში ეჭვი შეიტანა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს ქვეყანაში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 728 პაციენტს.

„აქ ჩემს აზრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჭეშმარიტება ერთია, ქვეყნაში არის 728 დადასტურებული შემთხვევა. ფაქტების დამალვას აზრი არ აქვს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა აზრი აქვს. არის 728 დადასტურებული შემთხვევა და დამთავრდა.  ამას კომენტარები არ სჭირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მონაცემებში ეჭვი შეიტანა. სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე მინისტრმა  განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

„ჩვენი ეპიდემიის საწინააღმდეგო სისტემა უკეთესია. ამას ვამბობ როგორც ფაქტს, რადგან ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ ჩვენ მეზობლებს ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო ძლიერი სისტემა ჰქონდეს. შესაძლოა, რომ 40 ათასი ტესტიდან, რომელიც საქართველოში გაკეთდა, ყველა პი-სი-არ ტესტი არ ყოფილა, არამედ მათი ნაწილი სწრაფი ტესტები იყო. ჩვენთან სწრაფ ტესტებს არ აკეთებენ, ვინაიდან ისინი არ არის ზუსტი და სარწმუნო. საჭიროა იმის გაგება, გადიან თუ არა ტესტირებას პირები, ვისაც მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია გააჩნია. მათ შორის შესაძლოა, იყვნენ კოვიდ-19-ის იოლი ფორმის მატარებლები, პნევმონიით გარდაცვლილი ყველა ადამიანი იყო თუ არა სტატისტიკაში შეყვანილი. საქართველოდან სომხეთში ჩასულ ადამიანებს შორის ბევრს გამოუვლინდა კოვიდ-19, მათ შორის მძღოლებს. სომხეთი გამჭვირვალედ წარმოადგენს თავის სტატისტიკას” – განაცხადა არსენ ტოროსიანმა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close