პოლიტიკა

„რატომ ვერ დაასაბუთეს ირაკლი კობახიძემ და დანარჩენებმა, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არ არიან?“

მინდა კობახიძისგან მეტი კონკრეტიკა მოვისმინო – თუ ვინმემ პოლიტპატიმრების საკითხი დააყენა ამაზე თანხმობა გასცეს, პასუხისმგებელი ვინ არის? – ამ კითხვით მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პოლიტიკოსი და უფლებადამცველი სოფო ხორგუანი.

სოფო ხორგუანი: მე გეტყვით, ჩემთვის რა არის ძალიან უხერხული და მინდა მოვისმინო უფრო მეტი კონკრეტიკა ირაკლი კობახიძისგან, რომელიც დადიოდა მოლაპარაკებებზე რეალურად. თუ მან ან ვინმემ გასცა ასეთი პირობა, რომ გაათავისუფლებდნენ… მე მახსოვს გახარიას განცხადება, რომ შეუძლებელია ჩემი გუნდიდან ეს პირობა ვინმეს გაეცაო…

ჩემთვის ყველაზე უხერხული აქ არის ის, რომ თუ ვინმემ დააყენა პირობა, რომ პოლიტპატიმრები გყავს და შენ ამ პირობაზე წახვედი, ამაზე პასუხისმგებელი ვინ არის, მე ეგ მაინტერესებს. რატომ ვერ შეძლო და ვერ დაასაბუთა ირაკლი კობახიძემ და დანარჩენებმა, ვინც ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ისხდნენ, რომ დაესაბუთებინათ, რომ ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკური პატიმრები? რატომ ვერ შეძლეს საკუთარი პოზიციის დადასტურება და თუ ასეთი პირობა დადეს, ასეთი პირობის დადება როგორ გაბედეს? სასამრთლოზე ზეგავლენის მოხდენის პირობის დადება წარმოუდგენელია, როდესაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სახელისუფლებო შტოებია სასამართლო და პარლამენტი.

თან ამბობ, რომ არ არიან პოლიტპატიმრები და თან მსგავს პირობაზე წახვედი? როდესაც ამბობ, რომ პოლიტიკური ნიშნით მართლმსაჯულება არ იქნება, ეს გასაგებია. ამით პირდაპირ იღებ ვალდებულებას, რომ პოლიტიკური პროცესი არ ჩაერევა სასამართლო პროცესში. ყველაზე უხერხული არის ეს, დანარჩენს ყველაფერს აქვს ლოგიკური ახსნა.

მაგრამ, როდესაც ზიხარ მოლაპარაკების მაგიდასთან და ეს არის პოლიტიკური მოლპარაკება და შენ ამბობ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იქნება, იქ არ უნდა დარჩეს კითხვები. როდესაც ასეთი ტიპის შეთანხმება ფორმდება, იქ ორაზროვანი განმარტებების შესაძლებლობა არ უნდა დატოვო.

_ ანუ, კონკრეტული განმარტებები უნდა ყოფილიყო დოკუმენტში?

_ რა თქმა უნდა. პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი სანამ რაღაცას ხელს მოაწერს, აუცილებლად უნდა გათვალოს ყველა შესაძლო შედეგი. როდესაც ხელშეკრულებას ხელს აწერ, ხომ კითხულობ? და თუ კითხვა გაქვს, ხომ სვამ ამ კითხვას? ასეთ შემთხვევაშიც თუ ხარ პრაგმატული, გამოცდილი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ყველა შედეგი. როდესაც ხელს აწერ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იქნება და არ ამბობ, ამაში რას გულისხმობ… როგორ შეიძლება ამაში გულისხმობდე სასამართლოს საქმეებში ჩარევას?! არ ვიცი რატომ დაემართათ ეს ირაკლი კობახიძესა და სხვებს, ვინც იმ შეხვედრაზე იყვნენ. პოლიტიკური გამოცდილება არ ეყოთ, ცოდნა თუ რა, ეს მე არ ვიცი. ეს არის უხერხული და არა ის, რომ პრეზიდენტი იღებს შეწყალების გადაწყვეტილებას.

„აიპრესი“

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close