Slider

მათთვის, ვინც დისტანციურ სწავლებაში ჩართვა ვერ მოახერხა, დამატებითი მეცადინეობები უნდა დააწესონ – მანანა ნიკოლაიშვილი

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემდეგ საზოგადოებაში უამრავი კითხვა გაჩნდა: რა ბერკეტი აქვს პედაგოგს მოსწავლეებთან ურთიერთობისას, საჭიროა თუ არა ქულების დაწერა, გაუარესდა თუ არა განათლების ხარისხის დონე საქართველოში, როგორ მოხდება სასწავლო წლის დახურვა მოსწავლეებისთვის და რის მიხედვით შეფასდებიან ისინი? ზოგი ექსპერტის მხრიდან ისეთი მოსაზრებაც კი გაჟღერდა, რომ მოსწავლეთა ქულებით შეფასება დაძლია/არ დაძლიას პრინციპით უნდა შეიცვალოს, თუმცა ბევრი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. სასკოლო შეფასების მოდელზე და პრობლემებზე „პროგრესნიუსს“ განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი ესაუბრა:

_ ამ ბოლო დროს, სასკოლო შეფასებასთან დაკავშირებით ზოგი ექსპერტის მხრიდან გაჟღერდა მოსაზრება, რომ წლიური, ქულებით შეფასება  დაძლია ვერ დაძლიათი უნდა შეიცვალოს. გარდა იმისა, რომ ეს არის სრული აბსურდი,  ჩვენი კანონმდებლობის დარღვევაც გახლავთ. სად წერია, რომ მოსწავლეები სიტყვიერად უნდა შეფასდნენ? არსებობს განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება. აქედან განმსაზღვრელი შეფასებით მოსწავლე ფასდება სემესტრულად, წლიურად, გამოცდაზე  და საბოლოო არის საფეხურის შეფასების ერთიანი ქულა. ეს ყველაფერი რიცხობრივად, ქულებში გამოიხატება და ამის შეცვლა უამრავ გაუგებრობას გამოიწვევს.
_ თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგ შემთხვევაში, სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში სრულყოფილად  წარმართვა ვერ ხერხდება, იქნებ ჯობს, რომ შეფასების უნივერსალური მექანიზმი დროებით შეიცვალოს?
_ თუ დისტანციური სწავლებით ფინეთის შემდეგ ვართ და პირველ-მეორე ადგილებს ვინაწილებთ, როგორც მინისტრმა განაცხადა, რა პრობლემაა? იმ დისტანციური სწავლების დროს მოსწავლის გამოკითხვაც ხდება, შეფასებაც, გაკვეთილის ახსნაც, საშინაო დავალებების შემოწმებაც და საკლასო სამუშაოც. მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენთან უამრავმა მოსწავლემ დისტანციურ სწავლებაში ჩართვა ვერ მოახერხა. ამის მიზეზებზე საუბარი შორს წაგვიყვანს, მთავარი ისაა რატომ არ უდევს სამინისტროს და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 40 000-მდე მეთორმეტე კლასელის სახელობითი სია და რატომ არ იციან რამდენი ბავშვი არ არის ჩართული დისტანციური სწავლების არც ერთ ფორმაში.
_ ამის ცოდნა რას შეცვლის?
_ ბავშვებისთვის, რომლებმაც  დისტანციურ სწავლებაში ჩართვა ვერ მოახერხეს, ერთკვირიანი ან ორკვირიანი ვადა უნდა გამოიყოს, რომ გაცდენილი მასალა დაძლიონ და  და კლასიდან კლასში გადავიდნენ. არ ვიცი რატომ გვიანდება ეს პროცესები, რატომ ავიწყდებათ, რომ 600 000 მოსწავლეზე მეტი შესაფასებელია, რატომ იძლევიან ისეთ დირექტივებს, რომ სადაც დისტანციურად სრულფასოვანი გაკვეთილები ჩატარდა, ბავშვები იქაც არ  შეაფასონ. სკოლებში დისტანციური სწავლება მარტიდან მიმდინარეობს და მასწავლებლებს შეფასებას არ აწერინებენ იქ, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია. ეს უკვე დანაშაულებრივი მიდგომაა.
სწორედ ამ პრობლემების გამო მიმაჩნდა, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები უნდა გაუქმებულიყო ან გადავადებულიყო.  ისეთ დაძაბულ ფონზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი, როგორც ფსიქოლოგიური, ისე უსაფრთხოების კუთხით, გამოცდების ჩატარება სასურველად არ მიმაჩნია, მაგრამ მაგრამ მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ახლა შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close