პოლიტიკა

„ირაკლი ოქრუაშვილმა პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა“

პირდაპირ ეთერში აღიარებითი ჩვენება მისცა, ყველამ ყველაფერი იცოდა, თუ რა იყო, ზოგადად, ყველგან არსებობს პოლიტიკური მორალი, ამის სტანდარტები, სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური კულტურა ამ დონემდე არ არის,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

კერძოდ, ოქრუაშვილმა „ღამის მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისს ხელისუფლებამ კატასტროფული შეცდომა დაუშვა: „ყოველგვარი ტრაბახისა და დაკნინების გარეშე ვიტყვი, რომ ეს შეცდომა ჩვენ კარგი გაგებით მას დავაშვებინეთ. მან გაისროლა. ყველაზე დიდი შეცდომა მისი მხრიდან იყო, რომ გაისროლა. ეს არის უპატიებელი შეცდომა, რომელიც სწორად იქნა შეფასებული საზოგადოების მხრიდან“.

კალაძის თქმით, ისეთი ოპოზიციის არსებობა, რომელიც გამარგინალებულია, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის.

„როდესაც ჩვენ პოლიტიკაში ვხედავთ ისეთ ადამიანებს, როგორიც არის ოქრუაშვილი, უგულავა და კიდევ სხვა, ახლა აღარ გავაგრძელებ, ერთი მხრივ ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის, რა თქმა უნდა, კომფორტულია ასეთი ადამიანების არსებობა ოპოზიციაში, ჩვენ ხომ ჩვენი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივართ. რა თქმა უნდა, ასეთი ოპოზიციის არსებობა, რომელიც არის გამარგინალებული, ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, მაშინ, როდესაც უნდა იმართებოდეს დებატები და პოლემიკა ქვეყნისთვის საჭირბოროტოდ მნიშვნელოვან საკითხებზე. გვაქვს განსხვავებული რეალობა, განსხვავებული მდგომარეობა, თუმცა ამ ყველაფრის შეცვლაც შესაძლებელია და ეს ყველაფერი შეუძლია შეცვალოს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, როგორც ყოველთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობა გონიერ გადაწყვეტულებას მიიღებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close