საზოგადოება

გიორგი გახარია გამოდგა შესანიშნავი კრიზის მენეჯერი

საგანგებო ზომების მიღება დროზე დავიწყეთ და ეს დიდი დამსახურებაა ჩვენი ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ვერტიკალის, დაწყებული ექიმიდან, დამთავრებული პრემიერით, რომელიც გამოდგა შესანიშნავი კრიზის მენეჯერი, – აცხადებს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ქვეყანამ მიაღწია იმას, რომ ყველა საპასუხო ზომა გატარდა დროულად, ეფექტურად და ადეკვატურად.

„საგანგებო ზომების მიღება დროზე დავიწყეთ და ეს დიდი დამსახურებაა ჩვენი ხელმძღვანელობის და ჩვენი ვერტიკალის. ჩვენმა სახელმწიფო ვერტიკალმა, დაწყებული ექიმიდან, დამთავრებული პრემიერ-მინისტრით, რომელიც გამოდგა შესანიშნავი კრიზის მენეჯერი, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხში, მე არ ვიცი, რა იქნება სხვაგან, მიაღწია იმას, რომ ყველა საპასუხო ზომა გატარებული იყო დროულად, ეფექტურად და ადეკვატურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ყველაფერი ეს იყო საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების პირობებში. დღეს ეს მოიხსნა, მოიხსნა ნაწილობრივ, მაგრამ მაინც, მოიხსნა. აი, ახლა ვართ ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაში. ძალიან საინტერესოა, რა მოხდება ახლა, რა მოხდება უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში. ერთი-ორი კვირის მერე ვისაუბროთ, რა მოხდა, ამის ანალიზი იქნება ძალიან საინტერესო.

შეზღუდვების მოხსნის შემდეგაც რომ შევინარჩუნოთ ჩვენ ეს მდგომარეობა, ამისთვის ჩემი მოწოდება არის ასეთი – ის, რაც ჩვენ გამოგვიმუშავდა ამ ხნის განმავლობაში, რასაც ასე თუ ისე შევეჩვიეთ, ხშირად ხელების დაბანა, პირბადის გაკეთება. ხომ არ გვქონდა ეს თვისება? ახლა შევიძინეთ, თუნდაც ხელის არ ჩამორთმევა მისალმების დროს, თავის შეკავება ხალხმრავალი ქელეხებისგან, ხომ ყოფილა შესაძლებელი? აი, ყველაფერი ეს, რასაც აქამდე ასე თუ ისე შევეჩვიეთ, ნებაყოფლობით უკვე და არა იძულებით, შევინარჩუნოთ. აი, ეს გადაგვარჩენს“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე თქმით, საზოგადოება მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეს და თავშეკავებული იყოს.

„არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში. ზოგჯერ ბავშვს ძალიან მკაცრად რომ ზრდი, შემდეგ რომ გაუშვებ და გადაირევა, ასე არ უნდა დაგვემართოს. არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში, რომ აი, ჩვენ ახლა მოგვეცა ნება, მოგვეხსნა შეზღუდვები და მოდი, თუ რამე დავიკელით წინა ორი თვე, ახლა გავაკეთოთ – ეს არ უნდა იყოს. უნდა მივეჩვიოთ, რომ რაღაც დროის განმავლობაში, სანამ გადაივლის ეს ინფექცია ან ვიდრე გაჩნდება ვაქცინა, ვიდრე გაჩნდება მედიკამენტი, ვიყოთ თავშეკავებული“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close