ეს საინტერესოა

ავსტრალიაში უკბილო დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს

ავსტრალიაში მოხალისის მიერ ნაპოვნი ნამარხი, როგორც ჩანს იშვიათ უკბილო დინოზავრს, ელაპროზავრს ეკუთვნოდა, რომელიც 100 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა, – ამის შესახევ ბი-ბი-სი იტყობინება.
ხუთი სანტიმეტრის სიგრძის ხერხემლის მალები 2015 წელს, ოტვეის კონცხზე აღმოაჩინეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ელაპროზავრის ძვლები ავსტრალიაში იპოვეს.
ნამარხი მოხალისე ჯესიკა პარკერმა აღმოაჩინა, რომელიც მელბურნის მუზეუმის ყოველწლიურ გათხრებში იღებდა მონაწილეობას.
თავდაპირველად ეგონათ, რომ ძვლები მფრინავ რეპტილიას, პტეროზავრს ეკუთვნოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მელბურნში ნამარხი უკეთ შეისწავლეს, მიხვდნენ, რომ საქმე სხვა არსებასთან ჰქონდათ.
“ელაპროზავრებს გრძელი კისრები, მსხვილი მკლავები და პატარა ხელები ჰქონდათ”, — განაცხადა პროფესორმა სტივენ პოროპატმა.
ნამარხის შესწავლით გაირკვა, რომ ცხოველი დაახლოებით ორი მეტრის სიმაღლის იყო, თუმცა ტანზანიაში, ჩინეთსა და არგენტინაში აქამდე ნაპოვნი ნამარხები გვიჩვენებს, რომ ისინი ექვს მეტრსაც კი აღწევდნენ.
“ელაპროზავრები სხვა დინოზავრებთან შედარებით უცნაური არსებები იყვნენ. მათმა რამდენიმე თავის ქალამ აჩვენა, რომ ახალგაზრდობაში მათ კბილები ჰქონდათ, თუმცა ზრდასრულობაში ისინი კბილებს კარგავდნენ და მათ მაგივრად რქისებრი ნისკარტი ამოსდიოდათ. ჩვენ ჯერ არ ვიცით რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს ავსტრალიელი ელაპროზავრისთვის, მაგრამ თუკი თავის ქალას ვიპოვით ამის დადგენას შევძლებთ” – აცხადებს პოროპატი.
ოტვეის კონცხი, სადაც ნამარხი იპოვეს, საკმაოდ მდიდარი ადგილია აღმოჩენებისთვის. კონცხზე ათობით სხვა ცხოველის და ხუთი დინოზავრის ნამარხები აღმოუჩენიათ, მათ შორის ბალახისმჭამელი დინოზავრის 2018 წელს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close