მთავარი»სამართალი»ზურაბ ჯაფარიძეს საქართველოში მოქმედი ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს

ზურაბ ჯაფარიძეს საქართველოში მოქმედი ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს

9
Shares
Pinterest Google+

 

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, პოლიტიკოსს ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საქართველოს კომერციულ ბანკებში არსებული ყველა ანგარიში დაყადაღდა. ამასთან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ორგანიზაციის სასარგებლოდ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, საბანკო ანგარიშებზე ყადაღის ღონისძიება კი ვალდებულების უზრუნველყოფამდე გაგრძელდება. პოლიტიკოსმა პატივი არ სცა კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებას, ნებაყოფლობით არ აღასრულა მოთხოვნა, რითაც ორგანიზაციამ კანონით გათვალისწინებულ შემდგომ იძულებით ღონისძიებას მიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიმართ გაკეთებული განცხადება “ცილისწამებად” შეფასდა და ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გავრცელებული ცნობების უარყოფა დაევალა. შესაბამისად, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ორგანიზაციის სააპელაციო საჩივარი და მოთხოვნა, რითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ დავა ეფუძნებოდა შემდეგ გარემოებებს. ორგანიზაციამ 2015 წლის 9 თებერვალს, სხვა ორგანიზაციებსა და პროფესიულ ჯგუფებთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარუდგინა ნინო გვენეტაძის კანდიდატურა. 17 თებერვალს პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურა დასამტკიცებლად შესთავაზა. სწორედ ამ დღეს, ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „იმედის“ 17:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა შემდეგი სახის განცხადება: „ეს არის წარდგენილი ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული“. პოლიტიკოსის განცხადება უცვლელად განთავსდა ახალი ამბების სხვადასხვა სააგენტოზე. ორგანიზაციამ 18 თებერვალს სპეციალური განცხადება გააკეთა და ზურაბ ჯაფარიძეს მოსთხოვა, დაედასტურებინა ან მოეხდინა ყოფილი პრემიერმინისტრის მხრიდან ორგანიზაციის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციის უარყოფა, რაც გამოხმაურების გარეშე დარჩა. პოლიტიკოსის განცხადებამ გავლენა იქონია ორგანიზაციის პარტნიორებთან ურთიერთობის პროცესსა და ნდობის საკითხზე. ორგანიზაცია, სამმხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ახორციელებდა ერთ-ერთი პროექტის სამართლებრივ დახმარებას. შესაბამისად, დონორმა მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დროებით შეჩერებაზე, რითაც „ახალგაზრდა ადვოკატებმა“, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მომსახურებისთვის ვერ მიიღო 5050 ლარი.
ორგანიზაციამ დაასაბუთა, რომ მიადგა ზიანი და გაცხადებული ფაქტის მცდარობა ზურაბ ჯაფარიძისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან პოლიტიკოსმა გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცვლელი განცხადების გავრცელება. პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევდა, რომ ზურაბ ჯაფარიძის სადავო გამონათქვამი არ ამტკიცებდა მის ნამდვილობას და სადავო გამონათქვამები სარგებლობდა აზრის აბსოლუტური პრივილეგიით, რაც, საქმის მასალების საფუძვლიანი კვლევის შედეგად, მათ შორის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს სხვადასხვა გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. პალატის განმარტებით, პოლიტიკოსის განცხადება გამოხატვის თავისუფლების იმ სტანდარტში არ მოიაზრება, რომელიც გამორიცხავს ცილისწამებას.
ცნობისთვის, ორგანიზაციამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ სააღსრულებლო წარმოების დაწყება 2019 წლის 14 ივნისს მოითხოვა. 17 ივნისს დაიწყო სააღსრულებლო წარმოება. 19 ივნისს მხარეს ჩაბარდა შეტყობინება მოთხოვნის ნებაყოფლობით შესრულებაზე. 13 და 14 აგვისტოს მდგომარეობით, დაყადაღდა პოლიტიკოსის საბანკო ანგარიშები. 19 აგვისტოს გაიგზავნა ინკასოს მოთხოვნა. რაც შეეხება უშუალოდ ორგანიზაციის სარჩელს – სასამართლოში წარდგენილ იქნა 2015 წლის 23 მარტს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე მოსამართლე ქეთევან კუჭავამ განიხილა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში: დიანა ბერეკაშვილმა, ქეთევან დუგლაძემ და ბესარიონ ტაბაღუამ. ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო გადაწყვეტილების დადგენილი ცნობების უარყოფის იძულებითი ღონისძიება, რომელიც ნებაყოფლობით, აგრეთვე, პოლიტიკოსმა არ შეასრულა. დავას ორგანიზაციისთვის პრინციპული და პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

წინა სტატია

ქობულეთში, თხილის ბაღებში, დათვი გამოჩნდა

შემდეგი სტატია

საპენსიო სააგენტო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს