მთავარი»სხვადასხვა»ვლადიმერ პუტინი – პრაგმატიკოსი თუ ექსპანსიონისტი? – ხედვა ინდოეთიდან

ვლადიმერ პუტინი – პრაგმატიკოსი თუ ექსპანსიონისტი? – ხედვა ინდოეთიდან

0
Shares
Pinterest Google+

ინდოეთის სამეცნიერო-პოპულარულმა გამოცემამ Strategic News International-მა გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, რომელშიც ინდური ხედვაა გადმოცემული რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ გატარებული საგარეო პოლიტიკის მიმართ (ავტორი – კანვალ სიბალი, მკვლევარი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„რუსეთის საგარეო პოლიტიკას, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით, ჩვენ დასავლური პრიზმით კი არა, ჩვენი – ინდური პრიზმით უნდა შევხედოთ. სამწუხაროდ, რუსეთის მიმართ ინდური საზოგადოების აღქმაზე ძლიერ გავლენას ახდენს დასავლელი პოლიტიკოსების გამონათქვამები და მასმედიაში გავრცელებული თვალსაზრისები.

ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირი, აშშ-სთან ერთად, ზესახელმწიფოდ ითვლებოდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთმა ეს სტატუსი დაკარგა, ჩაეფლო მძიმე საშინაოპოლიტიკურ კრიზისში. მისი რესურსები ოლიგარქებმა მიიტაცეს და გაანიავეს, ხოლო დემოკრატიისა და საბაზრო ურთიერთობების დანერგვის საკითხში ამერიკელ მრჩეველთა ხელმძღვანელობით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა სიტუაცია უფრო გააუარესა, ვიდრე გააუმჯობესა.

თუ ამ სიტუაციიდან ვლადიმერ პუტინმა ის დასკვნა გააკეთა, რომ რუსეთს არ მიესადაგება არც დემოკრატიის დასავლური სტილი და არც საბაზრო ეკონომიკა, მაშინ, შესაძლოა, იგი არ შემცდარა. საშინაო და საგარეოპოლიტიკურ არენაზე ვლადიმერ პუტინი მიზნად ისახავდა რუსეთის ხელისუფლების განმტკიცებას და მისი გავლენის აღდგენას, მოსკოვის ინტერესების დაცვას პოლიტიკის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, მართვის ავტორიტარული და დემოკრატიული სტილის ერთმანეთთან შეხამებით, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების გარკვეული შეზღუდვით, მაგრამ ქვეყნის პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე კონტროლის აღდგენით.

იმის თქმა, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა ექსპანსიონისტურიაო, სწორი არ იქნებოდა. არსებითად, დასაწყისიდანვე მის მოქმედებას თავდაცვითი ხასიათი ჰქონდა. რუსეთის ლიდერი ხედავდა, თუ როგორ მიმდინარეობდა აღმოსავლეთ ევროპაში ნატოსა და ევროკავშირის ექსპანსია. ორივე ორგანიზაცია თავისი წევრების რაოდენობას ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებით (ყოფილი ვარშავის ხელშეკრულების მონაწილეებით) აფართოებდა, შემდეგ კი ბალტიისპირეთის ექს-საბჭოთა რესპუბლიკებით, მოგვიანებით კი გაფართოების პროცესში, ასოცირების შეთანხმებებით,  უკრაინაც და საქართველოც ჩაითრიეს – მათ ნატოში მიღებაც კი აღუთქვეს. რუსეთში ეს ყველაფერი დასავლეთის ექსპანსიონიზმად აღიქმებოდა, რომელიც მიმართული იყო მოსკოვის ისტორიულ-ბუნებრივი გავლენის სფეროში არსებული ქვეყნების გადასაბირებლად, რუსეთის იზოლაციაში მოსაქცევად, მის დასასუსტებლად და თავდაცვაში ბზარის გასაჩენად.

დასავლეთის ინტერვენციამ დაშალა იუგოსლავია და რუსეთის საზღვრებთან ახლოს ცვლილებები გამოიწვია. ნატომ ბალკანეთში გაფართოება დაიწყო: 2017 წელს მისი წევრი გახდა ჩერნოგორია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მაკედონიაც მიჰყვა. შეერთებულმა შტატებმა თავისი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის კომპონენტები პოლონეთსა და რუმინეთში განათავსა, რამაც აშშ-სა და რუსეთს შორის დადებული საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების შემცირების ხელშეკრულების მიმართ აზრთა მწვავე დაპირისპირება გამოიწვია: ამერიკამ ჩათვალა, რომ დოკუმენტის მოთხოვნების შესრულება სავალდებულო აღარ იყო.

ყირიმის ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ეთნიკური რუსი მოსახლეობისადმი მხარდაჭერა სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ და არა როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად და ახალი რუსული იმპერიის მშენებლობად. უკრაინის პრობლემის ფესვები აღმოსავლეთისაკენ, რუსეთის საზღვრებისაკენ  ნატოსა და ევროკავშირის მცოცავი ექსპანსიაში იმალება, რომლის სანუკვარ მიზანს უკრაინა წარმოადგენს. დასავლეთს უფრო წინდახედულად უნდა ემოქმედა და ხელი არ უნდა შეეწყო უკრაინის კრიზისისათვის, უნდა გაეთვალისწინებინა ქვეყნის აღმოსავლეთ და  დასავლეთ ნაწილებში მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა თვალსაზრისები, მათი უთანხმოება ბევრ საკითხში, მათი რელიგიურიგანსხვავება (აღმოსავლეთში და სამხრეთში – ქრისტიან-მართლმადიდებლები, დასავლეთში – ქრისტიანი კათოლიკეები), არაფერი რომ არ ვთქვათ თვით რუსეთის პოლიტიკურ-ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და სოციოკულტურულ ინტერესებზე უკრაინის მიმართ.

დასავლეთი შეიჭრა ერაყში, ლიბიაში, მას ვხედავთ სირიაში, ასევე  ვხედავთ, თუ რას აკეთებს დასავლეთი ვენესუელის მიმართაც. რუსეთი თვალს ადევნებდა, თუ როგორ ანგრევდა აშშ ერაყს, ლიბიას და როგორ სურდა ვაშინგტონს ხელისუფლების შეცვლა სირიაში. რუსეთმა ითმინა და ბოლოს გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა – მოსკოვი სირიის საკითხებში ჩაერია. ეს გაბედული მოქმედება იყო: თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ თითქოსდა რუსეთი პოზიციებს თმობდა, სინამდვილეში კი წარმატებული აღმოჩნდა.

რუსეთს თავისი პოზიცია აქვს „ისლამური სახელმწიფოს“ („დაიშ“) წარმოშობაზე. მოსკოვის აზრით, „დაიში“, გეოპოლიტიკური მიზეზებით, დასავლეთის მიერ იმართებოდა, სამიზნეს კი რუსეთი წარმოადგენდა. დღეს დასავლეთი სირიის ამბებში ვერცერთ გადაწყვეტილებას ვერ იღებს რუსეთის გარეშე. კრემლის წარმატებულმა ჩარევამ სირიის მიმართ რეგიონული არაბი მოთამაშეების დამოკიდებულებაც შეცვალა – მათ დაინახეს რუსეთის ძლიერება, რომელიც უკვე ანგარიშგასაწევი გახდა. „ისლამურ სახელმწიფოსტან ბრძოლაში რუსეთს შესაძლებლობა მიეცა თავისი მაღალტექნოლოგიური ზუსტი იარაღის დემონსტრირება მოეხდინა. რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა სირიის საკითხი პრაგმატულ ურთიერტგაგებას მიაღწიეს, რომელიც სამივე ქვეყნის ინტერესებს პასუხობს.

სირიის საკითხში ირანთან და თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობასთან ერთად, რუსეთმა ასეთივე დამოკიდებულება დამყარა მათ რეგიონულ მოწინააღმდეგესთან – საუდის არაბეთთან, ნავთობის მოპოვების სფეროში. 2018 წლის დეკემბერში რუსეთმა და „ოპეკ“-მა (რომელზეც ერ-რიადს დიდი გავლენა აქვს), ფასების სტაბილიზების მიზნით, მოილაპარაკეს ნავთობის ამოღება დღე-ღამეში 1,2 მილიონ ბარელამდე შეემცირებინათ.

რუსეთს სურს, რომ ნავთობზე ფასები შემცირების ტემპი შეაჩეროს და ამიტომ ეწინააღმდეგება აშშ-ის მცდელობას საუდის არაბეთზე გავლენის მოხდენის მიზნით (ვაშინგტონს უნდა, რომ ერ-რიადმა რაც შეიძლება მეტი ნავთობი ამოიღოს და ფასები კიდევ უფრო შეამციროს, რომ ამით რუსეთი და ირანი დაზარალდეს). გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს სარგებელი მიიღოს ამერიკა საუდის არაბეთის ურთიერთობის გაუარესებისაგან – ჟურნალისტ ხაშოგის მკვლელობის გამო. სწორედ ამით უნდა აიხსნას ვლადიმერ პუტინისა და საუდის პრინცის მუჰამედ ბენ სალმანის გულთბილი ხელის ჩამორთმევა „დიდი ოცეულის“ სამიტზე არტგენტინაში.

დღეს დასავლეთი რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის დემონიზაციას ახდენს. მოსკოვის სავარაუდო ჩარევა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომლის შედეგად პრეზიდენტად რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აირჩიეს, ამერიკის შიდაპოლიტიკური ბრძოლის მიზეზი გახდა. დემოკრატები დღემდე ცდილობენ, რომ არჩევნები არალეგიტიმურად ჩაითვალოს, ხოლო კონგრესი, სადაც უმრავლესობას დემოკრატები შეადგენენ, მიზეზებს ეძებს რუსეთისათვის უმკაცრესი სანქციების გამოსაცხადებლად. აშშ-სა და რუსეთს შორის დიალოგი, ფაქტიურად, გაწყვეტილია.

ამერიკამ რუსეთი თავის მთავარ მტრად შერაცხა. უკრაინის ამბების გამო აშშ-სა და ევროკავშირისაგან მუდმივი სანქციების ფონზე, რასაც „სკრიპალების საქმეც“ დაემატა, რუსეთმა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა განამტკიცა, რასაც ინდოეთისთვისაც საყურადღებოა. ვლადიმერ პუტინი დღეს ამერიკას ყველაგან ეწინააღმდეგება, სადაც კი ამის შესაძლებლობა აქვს და ეკონომიკური სანქციების ფონზე, უახლესი იარაღის დემონტრირებას ახდენს. იგი ამას დიდი თავდაჯერებულობით აკეთებს მას შემდეგ, რაც სირიაში ამერიკელები დააშამათა.

ვლადიმერ პუტინის მიდგომა  საერთაშორისო პრობლემებთან პრაგმატულია და პირველ რიგში, რუსეთის ინტერესებს ემსახურება. მან მიაღწია თურქეთის ლიდერ რეჯეფ ერდოღანთან ურთიერთგაგებას, ნატოს წევრი ქვეყნის პრეზიდენტთან, რომელსაც ამჯამად საკმაოდ რთული ურთიერთობები აქვს აშშ-სთან და ევროკავშირთან. ვლადიმერ პუტინმა კონტაქტები დაამყარა პაკისტანთან, რომელიც ვაშინგტონისაგან ზეწოლას განიცდის, ავღანური ტრორიზმის მიმართ ორმაგი პოლიტიკის გატარების გამო. რუსი სამხედროები პაკისტანის არმიასთან ერთობლივ წრთვნებს ატარებენ, მიმდინარეობს სამხედრო ტექნიკით ვაჭრობაც (რუსეთმა პაკისტანს რამდენიმე ვერტმფრენი მიჰყიდა). მოსკოვმა დიალოგი თალიბანთანაც კი დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ თვითონვე შერაცხა ისინი ტერორისტულ ორგანიზაციად. ამ ყველაფერმა ინდოეთის გაოცება გამოიწვია, რადგან ადრე ტრადიციულად, ინდოეთი, რუსეთთან და ირანთან ერთად, ყოველთვის იყო ჩართული თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში, დღეს კი მოსკოვი და თეირანი ავღანურ პოლიტიკას ნიუ-დელის გარეშე აწარმოებენ. უფრო მეტიც – ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსეთი და ირანი ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების დაბრუნებას ემხრობიან.

შეძლებს რუსეთი თალიბებზე ზეგავლენას, როცა ქვეყნიდან აშშ-ის ჯარები გავლენ? ან მათი რადიკალური ისლამიზმის მოთვიენერებას, რელიგიური ექსტრემიზმის აღმოფხვრას, რომელიც ავღანეთიდან ცენტრალურ აზიაშიც გადადის? ეს სერიოზული საკითხებია.

ინდოეთ-რუსეთის ურთიერთობა ჯერ-ჯერობით მტკიცე რჩება, მაგრამ ახალი გამოწვევებისა და საერთაშორისო არენაზე მზარდი პრობლემების გამო, რომლებიც ორივე სახელმწიფოს მანევრების შესაძლებლობებზე ახდენენ გავლენას, ინდოეთმა მაინც სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს“.

 

 

წყარო: https://sniwire.com/russia/vladimir-putin-expansionist-or-pragmatic/

 

პროგრესნიუსი“

 

 

 

წინა სტატია

"გაღლეტილი" მიჰას "სავსე" სალარო

შემდეგი სტატია

"სომხური" მართვის მოწმობები - გზა ციხისკენ

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *