მთავარი»Slider»„ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას საბანკო, იპოთეკური და სხვა ვალების განულებისთვის“

„ვიწყებთ გადამწყვეტ ბრძოლას საბანკო, იპოთეკური და სხვა ვალების განულებისთვის“

21
Shares
Pinterest Google+

ხვალ, 11 სექტემბერს შედგება ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია, რომელიც ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მევახშეების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებას აანონსებს. „პროგრესნიუსს“ახალი მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი, მამისა ჯაფარაშვილი ესაუბრა:

_ ხვალ, 11 სექტემბერს, 2 ის ნახევარზე, კინოს სახლში შედგება ახალი მოძრაობის პრეზენტაცია. ეს იქნება წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის მოძრაობა, რომლის მიზანია ბანკების, მიკროსაფინანსოების და მევახშეების წინააღმდეგ ბრძოლა სესხების განულების მოთხოვნით. საქართველოში არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ ეს მანკიერი სისტემა დანაშაულებრივ სისტემად გამოაცხადოს. ბაზარზე საშინელება ხდება. იმის გამო, რომ გაჭირვებულ ხალხს ბანკებიდან ფული ვერ გამოაქვს, მევახშეობამ 10 და 15% მიაღწია. გაჭირვებულ ხალხს ვერ გამოაქვს, თორემ ბანკებთან დაახლოვებულ პირებს იცოცხლე, იმდენი გამოაქვთ, რომ მოსახლეობაზე აპროცენტებენ.
_  კონკრეტული მაგალითების დასახელება შეგიძლიათ?
_ რა თქმა უნდა. მაგალითად, „საქართველოს ბანკი“ მასთან დაახლოებულ ოჯახს გასაპროცენტებელ ფულს აძლევს. ამ ხალხის სახელები და გვარებიც ვიცი. ყალბი ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებებს დებენ და მერე სახლებს იფორმებენ. მე რაც ვიცი, 7 სახლი უკვე წაღებული აქვთ და რაც არ ვიცი, უამრავია.. დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ამის დროც მოვა. არ ვაჭარბებ, ამ წუთებში 100 000-ობით მოთხოვნაა გამოსახლებაზე. ბანკებს ათასობით უძრავი ქონება გადაფორმებული აქვთ და ხალხი წლების მანძილზე შიშის კანკალით ცხოვრობს. თუ საზოგადოების წინააღმდეგობა არ იქნა და ხელისუფლება არ ვაიძულეთ, ამ ხალხს ქუჩაში გამოყრიან.
_ ბანკებმაც რა ქნან? მსესხებელმა ვალი არ უნდა დააბრუნოს?
_ აუცილებლად უნდა დააბრუნოს, მაგრამ ჩვენთან ბანკმა და ფულმა თავისი ფუნქცია დაკარგა. ფული განვითარებას უნდა ემსახურებოდეს და არა ადამიანების გაუბედურებას. ზღვარი რომ არ იყო დაწესებული, იმიტომ მივედით აქამდე. პირადად მე, სესხად აღებული 28 000 დოლარის სანაცვლოდ,  66 000 დოლარი გადავიხადე და ამის მიუხედავად, კიდევ ვალი მაქვს და სახლიც და მიწაც წართმეული მაქვს. ამას ბანკი ქვია და მისი ფული ადამიანის კეთილდღეობას ემსახურება? კეთილდღეობას კი არა, პირდაპირ მკვლელობას ემსახურება, ოღონდ ნელა კლავს. აი, ახლა ხელში მიჭირავს სტატისტიკა, რომლის თანახმად, მარტო 2014-2015 წელს 5043 ოჯახი გამოასახლეს. დანარჩენი მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ უბრალოდ, არ მომცა. 2016 წლიდან  „ქარულმა ოცნებამ“ საპოლიციო გამოსახლებები გააჩერა  და პროცესები მეტ-ნაკლებად დროში გაჭიანურდა, მაგრამ პრობლემა არ მოგვარებულა და ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება დღესაც გრძელდება.
ხელისუფლება ისე არის მსოფლიო ბანკის თუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბანკების მარყუჟში მოქცეული, რომ  პროცესებს ვერ მართავს. ასე თუ გაგრძელდა ხალხის ქვეყნიდან გაქცევა, მალე ერი აღარ იარსებობს. 11 სექტემბერს ჩვენ ველოდებით ყველა რაიონიდან აქტივისტებს. შევიკრიბებით, კინოს სახლიდან რუსთაველზე წავალთ და ჩვენს სათქმელს აუცილებლად ვეტყვით ხელისუფლებას.
_რომელ პოლიტიკურ პარტიებთან აპირებთ თანამშრომლობას?
_ არც ერთთან! ძველ ტიკებში ახალ ღვინოს არ ასხამენ,ამიტომ ჩვენ შევქმნით სრულიად ახალ, სუფთა ძალას, რომელიც ამ უსამართლობას დაუპირისპირდება. თავი გაწირული გვაქვს, რომ ეს ბოროტების სისტემა  დავანგრიოთ. იმისთვისაც კი მზად ვართ, რომ დაგვარბევენ ან დაგვხოცავენ იმიტომ, რომ ასეთ საქართველოში ცხოვრება უკვე შეუძლებელია.
„პროგრესნიუსი“

წინა სტატია

„ბევრს ვაკრიტიკებდი და ახლა რაღაცნაირი სინანულის გრძნობა მაქვს“

შემდეგი სტატია

ირმა ინაშვილი დევიდ კრამერს დაუპირისპირდა