მთავარი»ეს საინტერესოა»ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს

ვენეციის კომისია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ რეფორმას დადებითად აფასებს

7
Shares
Pinterest Google+
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა სამინისტროში კრიმინალური პოლიციის რეფორმის პარალელურად მიმდინარეობს და საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნის გზით, გამოძიების ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.
2018 წლის ბოლოს სამინისტრომ შეიმუშავა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია, რომლის შესაფასებლად ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფი საქართველოში 2019 წლის 11-12 თებერვალს იმყოფებოდა. ჯგუფმა სამუშაო შეხვედრები სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ადვოკატთა კორპუსის წარმომადგენლებთან, მოსამართლეებთან და პარლამენტარებთან გამართა.
რეფორმის კონცეფციის თანახმად, გამომძიებელსა და პროკურორს შორის გამოძიების მიმდინარეობისას უფლებამოსილებები მკვეთრად გაიმიჯნება. გამომძიებელი პასუხისმგებელი იქნება გამოძიების დაწყებასა და მის დამოუკიდებლად ჩატარებაზე, ხოლო პროკურორი – სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაზე, საქმის სასამართლოში წარმართვასა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე. განსხვავებული სახით შენარჩუნდება საპროკურორო კონტროლის კომპონენტი. კერძოდ, პროკურორი განახორციელებს მიმდინარე გამოძიების საპროცესო ზედამხედველობას და აღარ იქნება გამოძიების აქტიური მონაწილე ან/და გამოძიების მიმართულების განმსაზღვრელი.
რეფორმის კონცეფციაზე დასკვნა ვენეციის კომისიამ რიგით 118-ე სესიაზე, 2019 წლის 15-16 მარტს დაამტკიცა. კომისიის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილე – გიორგი გოგაძე, იუსტიციის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვენეციის კომისიის შეფასებით, რეფორმის კონცეფცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ უქმნის საფრთხეს გამოძიების ეფექტიანობას.
ამასთან, რეფორმის შემდგომ, სისხლის სამართლის პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, კომისია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების განსაზღვრისას დაიცვას ბალანსი, შეიმუშავოს პრაქტიკაში რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ამსახველი შესაბამისი გეგმა და ახალი კანონმდებლობა ეტაპობრივად აამოქმედოს.
რეფორმის კონცეფციისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.
საკანონმდებლო რეფორმის პარალელურად, სისტემური განახლების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ მუშაობას გამოძიების ხარისხის ამაღლების მიმართულებით. კერძოდ, შეიქმნა გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც სრული დატვირთვით მუშაობას 2019 წლის აპრილიდან შეუდგება, სისტემის შიგნით თბილისის მასშტაბით უკვე გაიმიჯნა საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო ფუნქციები, მიმდინარეობს მოქმედი გამომძიებლების გადამზადება, დაწყებულია გაზრდილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით ახალი გამომძიებლების მიღების პროცესი.
წინა სტატია

კლავს თუ არა კვერცხის ჭამა - რას ამბობს ქართველი ექიმი დასავლური კვლევის შესახებ? (ვიდეო)

შემდეგი სტატია

გადავადებით სარგებლობს ხუთი მუსლიმი, 50 მართლმადიდებელი, იეღოვას 165 მოწმე და ბიბლიური თავისუფლების 6 908 წარმომადგენელი - სესიაშვილი

კომენტარები არ არის

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.