მთავარი»მწერლობა და პოეზია»უცნაური რამ მოხდა ლიზიკოს საფლავზე – აკაციის ჯვარი აღმართვიდან მეორმოცე დღეს მწვანედ შეიმოსა

უცნაური რამ მოხდა ლიზიკოს საფლავზე – აკაციის ჯვარი აღმართვიდან მეორმოცე დღეს მწვანედ შეიმოსა

0
Shares
Pinterest Google+
ის ორი კვირა მზიანი დღეები დაიჭირა, მაგრამ, არა, დასვენება ვერ გამოუვიდა. ხან ვინ შეხვდებოდა, ხან ვინ. ცოტა მოვწრუპოთო – და ერთი კვირა გადააბა. გადაწყვიტა დილიდანვე ბოტანიკურ ბაღში ევლო, მაგრამ პირველივე დღეს იქაც ნაცნობები. კიდევ რამდენიმე დღე არ გამოფხიზლებულა. ვერაფერი დაწერა. რაღაცაები კი ჩაინიშნა, მაგრამ ფხიზელზე ვერაფერი გაარჩია და ვერც ვერაფერი გაიხსენა.
იმ დილით სიზმარმა გააღვიძა: ბებიის ბიძაშვილი ლიზიკო ნახა, სულ თეთრებში გამოწყობილი.
უთხრა – ვიცი ბათუმში რომ ხარ და წესიერად ვერ ისვენებო, ლოთაობას გადაყევიო. იცოდე, უკან გზაზე ჩემთან აუცილებლად უნდა გამეიაროო, რაცხა საქმე მაქო.
ბავშვობიდანვე ლიზიკოს ეძახდა.
გაუთხოვარი დარჩა ლიზიკო და ახლა იქნებოდა ასე ას წლამდე.
თავისებური ქალი იყო, საოცრად თავისუფალი, უფრო ზუსტად ნამდვილი დემოკრატი. არავისი გულისმოგებას არ ცდილობდა, ყველას ეურთიერთებოდა და სოფელში ყველაზე წამხდარი კაციც კი აუგს არ და ვერ იტყოდა ლიზიკოსთან დაკავშირებით.
არ არსებობდა საკითხი რომელზეც საუბარი არ შეეძლო. ყოველგვარი ტერმინოლოგიის გარეშე, ისე, თავისი სიტყვებით, ლეღვივით გაგირჩევდა საკითხს. არ აღელვებდა სხვას რა მოსაზრება ჰქონდა ამ საკითხთან დაკავშირებით, კი, მოუსმენდა, მაგრამ მთავარი ის იყო თითონ რას ფიქრობდა.
თითქმის წელიწადი არ ენახა მოხუცი, მიხვდა რომ მონატრებოდა და გადაწყვიტა ჩასულიყო. ლურჯად შეღებილ ლიზიკოს ჭიშკარს რომ მიადგა გასძახა:
– ლიზიკოო!
ლიზიკომ ბახჩიდან გამოსძახა:
– არ თქვა ახლა ნიაზიე ვარო?!
– რომ ვარ?
– ჰო, და რომ ხარ, ჩამოი ეზოში და მეიჩოჩე ჩემსკენ, იქნება დაგინახო, აგერ ბახჩაში ვარ!
ბარგი სახლის წინ დადო, ლიზიკოსთან მივიდა, ხელები წელზე შემოხვია, მაღლა ასწია და ღიმილით უცქერდა მოხუცს.
– რას შობი, ბებია, გადირიე თუ? ჩაგენსხროვი ხელეფში!
– ნუ გეშენია, ლიზიკო, არ ჩამენსხროვი – წაუგურულა ნიაზიმაც.
– რაფერ დაგემართა რომ ჩამოი?
– ბათუმში ვიყავი, და არ მიქნა გულმა
– ხომ არ დეგესიზმრე, ნიაზია?
რადგან ეს კითხვა მოულოდნელი აღმოჩნდა, ნიაზმა დაბნეული ღიმილით გახედა და:
– კი, ლიზიკო, დამესიზმრე, ხომ იცი!
– კარგათ ქე მაინც?
– ჩამოსვლას მთხოვდი – თეთრები მეცვა, ბიჯო?
ეს სწორედ ისეთი კითხვა გახლდათ, რომელმაც ნიაზის ოდნავ, მაგრამ პირი მაინც დააღებინა.
– დამუწე, ბიჯო, მაი პირი! რა გჭირს ? ესე იგი ჩამოსვლას გთხოვდი?
– …კი…მთხოვდი… – უყურე შენ! რეიზა ნეტა?
– აი, ეგ არ გითქვამს
– მაი აფერი! ეგერ, ე,ზეით გეიხედე, მიაწყვიტე იი კიტრი
– ყუნწს რომ ვერ ვწვდები?
– საცხა სტობი დაუტრალე და მოწყდება მალევე მოხუცი ტაბლას აწყობდა. ნადუღიო, ყველიო, ნიგვზიანი ბადრიჯანიო, მოხარშული ვარიკაო, მწვანილო, სალათიო, მჭადიო და რა ღა თქმა უნდა ადესა დაცვარულ დოქში ნიაზის რომ ჭიდან ამოაღებინა.
– ბებია, რაცხაა აია, მიირთვი, ღვინოც მიაყოლე და ერი ჭიქა მეც დაისხი. არაყიც მაქ, გინდა?
– არა, არა, ღვინო მირჩევნია.
– ჰო, და მაგერაა ნიაზი გემრიელად შეექცეოდა. თვალებმოჭუტული ლიზიკო ღიმილით უცქერდა. ერთი კი არა და სამ-სამი ჭიქა დალიეს.
– ლიზიკო, რამდენის ხარ? – ჰკითხა ნიაზმა
– უფ, ბებია, იმდენის რომე არ ითქმება!
– რატომ არ ითქმება?
– არ ითქმება, ბებია, არა, ხანდახან მცხვენია კიდეც
– რისი, ლიზიკო? – აგერ გასულ სამშაბათს მეზობელი მოკტა. 57 წლის კაცი იყო, ოთხი ობოლი დატია. იმ თვეში იმფერი ბაღანა დეიხჩვა ზღვაში რომე მთელი სოფელი ბღაოდა. რამდენი წევიდა იქით და მე ქე ვარ
– ეგ ღვთის ნებაა, ლიზიკო
– სუ, ბიჯო, ნუ ჩივი აბდლურს!
– აბდლური რატომ არის?
– რეიზა, ნენა, და სა ცალია ღმერთს ყველას სადევნად? მეტი საქმე არა აქ ახლა მაგაზე იფიქროს რომე ლიზიკომ ამდენი იცოცხლოს და დურმიშხანამ ამდენიო!
– დურმიშხანა ვინ არის?
– რა ვიცი მე ვინაა, ისე ვთქვი!
– აბა რა საქმე აქვს ღმერთს?
– ბეური!
– ჰო, და რა?
– მაი არ ვიცი მე! იიი ვიცი რომე არ გაჩერდება!
– ლიზიკო, ყველაზე სრულყოფილი რაც შექმნა ღმერთმა ადამიანია და ვითომ უყურადღებოდ ეყოლება?
– აღარ გეიმიორო მაი, ნიაზია! რაფერაა ადამიანი ყველაზე სრულყოფილი? მასე რომ იყოს ამდენს დავაშავებდით?
– რას გულისხმობ?
– ტიტუუუ, გადამრევ შენ! ერთი სფერო დამისახელე რომე არ დეეშავებიოს!
– მეცნიერება!
– რას ჩივი, ბებია? კაკ რაზ მაქანე ყველაზე მეტი დააშავა! კაი, კაი გაჩერდი! ეტყობა პაწას ფიქროფ, თვარა მაგას არ იტყოდი. შენ იიი მითხარი კიდომ წერ?
– ხანდახან
– ახლა იიი მითხარი რამდენ ხანს რჩები?
– ასე 3-4 დღე
– არა, ბებია! ათი დღეი უნდა გამიჩერდე აქანე იცოდე! საქმე მაქ და ვარი არ მითხრა!
– კარგი, ლიზიკო, მასე იყოს
– ჰო, და გეიხარე, ბებია. საჭმელ-სასმელს არ მოგაკლეფ და ქე იყაი, რა გაქ ზორი? ზეით დაწობი თუ ქვეით?
– ჯერ არ მინდა დაწოლა
– ნიაზია აბდალავ, როის გითხარი ახლა დაწეი მეთქინ?
ნიაზმა სიცილით უპასუხა:
– სულერთია
– ზეით გირჩევ, ქვეით პაწა ნესტია
– როგორც იტყვი, ლიზიკო
– ლები რბილი გიყვარს?
– არა, რბილი არა
– მეც მასთე ვარ. ფიცარი მიდუანა ქვეშიდან, თუ გინდა შენდაც დავდოფ
– მე დავდებ
– სუ, ახლა! ჩემი კრაოტია და უკეთესათ ვიზამ!
– მასე იყოს – ლიზიკო,
დეიდააა – დაიძაღეს ჭიშკართან
– მოი, რომელი ხარ?
– ღუნჭულიე ვარ
– ჩამოი მერე!
ასე ორმოცდაათწლამდე იქნებოდა მეზობელი ღუნჭულია:
– გამარჯობა, უი, არ ვიცოდი სტუმარი თუ გყავდა თვარა არ მევიდოდი
– აფერს არ გიშლის მაი სტუმარი, ღუნჭულია, მითხარი რა გინდა
– ლიზიკო ბებია, ჩემს პაკუსიას ნემსებს ვეღარ უკეთებ და მასწავლე რამე
– რეიზა ვერ უკეთეფ?
– ჯემალიეს მანქანა რომ დეეჯახა იმას მერე ხომ ვერ იდგა ფეხზე და თუთხმეტი ნემსი დუუნიშნეს, რვაი რომ გუუკეთე და პაწა მეიხედა ახლა აღარ მიჩერდება
– არც გაგიჩერდება! ვის უხარია ტრაკზე ნემსი?
– არავის
– გიდელი გააქ?
– გიდელი როვა არ მაქ, გათხუო თუ?
– ღუნჭულია, გადამრევ შენ! ჯერემ ერთი ყურძენი ჯერ არ დამწიფებულა, მეორე კიდომ
– როის იყო ან შენ ან ვინმეს რამე ვთხუე?
– არცაროის
– ჰო, და ეიღე იი გიდელი, წამუაწვინე მიწაზე, რაც შენს პაკუსიას უყვარს იი პაწა შუუგდე შით და რომ შეყოფს თავს წამოწიე იი გიდელი, მიხთი? – კი, როვა არა!
– აბა მითხარი ტრაკი სა ექნება პაკუსიას?
– ზეით!
– ჰო, და ქე დაარჭვე იი ნემსი
– გადამრევ შენ, ლიზიკო დეიდა, მაი სიდან იცოდი?
– სიდან ვიცი და რაც გავჩთი მას მერე ნაავარიებ ძაღლებს ნემსებს ვარჭობ ტრაკზე! წაი ახლა და მიხედე შენს პაკუსიას
– უი, ლიზიკო დეიდა, გეიგე ჯემალიამ მანქანა რომ დაამტრია?
– თითონ რაფერაა?
– კარქათაა! უწიეს პაკუსიეს ცოდვებმა!
– ღუნჭულია, სუ ახლა იცოდე! მაგფერი აბდრული მეტი აღარ გეიმიორო! მთლათ მაგიზა დაამტრია მაშინა ჯემალიამ რომე შენ ძაღლს დეეჯახა? რაია? გეეკიდა დეეწია და დეეჯახა თუ?
– რა ვიცი მე
– თუ არ იცი, მაშინ სუ!
– კაი, წევედი მე და მადლობა
– არასფრის ღუნჭილიე წავიდა.
– ნიაზი, ახლა ფიცარს დავდოფ შენლეიბსქვეშ და ხვალ იმ ვარიკას დაგიკლავ თვალს რომ ვერ აშორეფ.
ნიაზს გულიანად გაეცინა:
– ისე მართლა გავიფიქრე
– გემრიელი იქნება მეთქი
– ხომ იცი შენ!
– რომ ვიცი, იმიზა დაგიკლავ იმ ღამით ნიაზს კარგად ეძინა.
ადრიანად გაიღვიძა.
აივანზე გავიდა.
ლიზიკომ ძროხა გადადენა.
– დილა მშვიდობის, ლიზიკო
– მშვიდობა მოგცეს ბუნების ძალამ, ბებია. ჩამოი იზაკუსკე, ნიაზი. ყოლისფერი მზათაა
– პირზე წყალს შევისხამ და მოვალ გუშინდელ მენიუს ერბო კვერცხიც შეემატა.
– ლიზიკო, ეს ღვინო შენია?
– შენ ეზოს თუ მუავლე თვალი?
– ისე რა
– აბა არ თქვა მწერალი ვარო!
– რატომ? – გაეცინა ნიაზს
– მწერალს ბუნება თუ არ უყვარს ვეფერს ვერ დაწერს!
– ვინ გითხრა – არ მიყვარსო?
– აბა, ბებია, გუშინს მერე ეზო რეიზა არ დაათვალიერე?
– სად წავიდოდა ეგ ეზო, ლიზიკო?
– ეზო არსათ არ წევიდოდა, მარა მე ასე ვიზამდი, მარა მაი აფერი. ყოლიფერი მაქ, რა ხილი გინდა
– ცხრაი ხეი დავამყნე, სამი ატამი, სამი, ვიშნა-ბალი, სამი ვაშლი. ჰო, კიდომ ერთი მსხალი. ე,გეიხედე იქით, ღელისკენ, იიი დემირა ვაშლია, წელს მომცა ნიშანი
– ეგ ის არის თვრამეტი წლის შემდეგ რომ ისხამს?
– გცოდნია! ახლა აგერ იქით, ნაცარა ვაშლმაც გეიხარა, იმის იქით თავრუჯულაა, კიდომ იქით ხეჭეჭურია, პაწა გუუჭირდა მარა ქე ხარობს. ისე ამინდები შეიცვალა. ასე თუ გაგძელდა გადაშენდება კაცთამოდგმა.
– ღმერთი დაუშვებს?
– ნიაზია, ყოლისფერზე
– ღმერთი, ღმერთიო – რომ იძახი რა ქნას ერთი იმ ღმერთმა მითხარი? ტვინი მოგიტრუალოს? მაგას არ იზამს იმიზა რომე მაი შენ უნდა ქნა! ადამიანმა უნდა მიატანოს პაწა აზრი! ბჯოს! არ შეაწუხეს აი ღმერთი?!
– ყველაფერზე ღვთის ნებაა, ლიზიკოოო
– ა, კიდო! კია! მარა მაი სულ არ ნიშნავს რომე შენი დასრილი გაწმინდოს!
– მასე რატომ ამბობ?
– ბიჯო, გლახის მეტი თუ ხთება რამე, მითხარი?
– არ არის მთლად მასე, კარგიც ხდება
– დამისახელე ერთი
– კაი ქალაქები შენდება, მედიცინა წინ მიდის, აი, მეცნიერებაში რამდენი სიახლეა
– ბებია, ყორისფელი კეთდება ერთი მიზნით – გასამდიდრებლათ! მეტი საქმე არ აქვენ ახლა ვინცხა ქიმიკოსეფს და ბიოლოგებს რომე ლიზიკოს და ნიაზიას წამალი გმუუგონონ რომე დითხანს იცოცხლონო!კაკ რაზ მაგ წამალმა შეიძლება უფრო მოკლას კაცი!
– წამალმა რატომ უნდა მოკლას?
– გასამდიდრებლათ, ნიაზი, და აღარ მკითხო აფერი! შენ ჯერ …. კაი, იი მითხარი შენი ბაღანა რაფერაა?
– კარგად, კონსერვატორიას ამთავრებს, სიმფონიურ ორკესტრში აიყვანეს
– უყურე, შენ! მაი კაია! სკრიპკაზე უკრავს?
– არა, არფაზე – იმფერი უურჩევია რომე თავს ვერ გამეიჩენს
– არ უყვარს თავის გამოჩენა – მაი კაი თვისებაა. ლამაზი გოგო გეიზარდა ხომ?
– უშნო არ არის – ღმერთმა ბედნიერი გიმყოფოს, ბებია! ყველას უმყოფოს! – მადლობა, ლიზიკო – ბებია, ახლა მე პაწა საქმე მაქ, შენ დეისვენე, აგერ გამაკი და ჩაჯეი თუ გინდა – ორი კვირა ვისვენებდი, ლიზიკო, რამე დამავალე
– შენს ასაკში დასვენება არ იციან ჯერემ. დასვენებას სიბძნე ჭირდება, ბებია. თქვენ რომ დასვენებას უძახით, მაი დროის ფლანგვაა
– ზოგჯერ ეგეც რომ საჭიროა ?
– ე, მაგის გაკეთება რომ აღარ მოგინდება და იმ დროს სარგებლიანათ გამეიყენეფ, რომ გიყვარს იმ საქმეს რომ გააკეთეფ, იმას ქვია დასვენება. ამას ისე გიჩივი თვარა ყველაფერს თავისი დროი აქ და ამითაა ცხოვრება საინტერესო. თუ გამაკში არ გინდა, გამეიტანე იი ჭილოფი და წამოწეი ეგერ მოლაზე, ცას გახედე, ქვეით დეიხედე, ბუნებას გახედე და იქნება დაწერო რამე კაი. ისე რა სტილში წერ?
– ყველა სტილს ვეპოტინები, ლიზიკო
– იქნება სამე რამე გამევიდესო?
ნიზას გულიანდ გაეცინა:
– უმაგისობაც არ არის
– ისე ხომ იცი ერთმა იაპონელმა რა თქვა?
– რა? – პაწა ილაპარიკე, ბეური იფიქრე და აფერი არ დაწეროო
– მასე რომ ძნელია?
– ძნელი რომაა, იმაზაა ბრძენების ნაკლებობა
– ლიზიკო, დუმილი ყოველთვის რომ სიბრძნეს არ ნიშნავს?
– მართალია, არ ნიშნავს, მარა ჭკუიანს და უჭკუოს სხადასხვაი დუმილი აქვენ
– კი, ეგ მასე არის
– მეც მაი ვთქვი
– ისე ყველა ბრძენი ვერ იქნება
– არც აბდალია ყველა, მარა სიბრძნე რაფერაა იცი?
– როგორ?
– კაცმა მისი საქმე ძირფესვიანათ თუ იცის, იი მის საქმეში ბრძენია. არ ჭირდება იმას მეტი. იი მეტი იმიზა ტვინისჭყლეტა იქნება, ხთება მაგას და არ იწუხეფს თავს. ისე, ნიაზი, შენ გიყვარს ხომ ტვინის გაბარტყუნება?
– შენ უფრო გიყვარს, ლიზიკო
– მე აღარასფერი აღარ მიყვარს, ბებია
– ეგ, როგორ?
– ჩემს გულში სიყვარული რაცხამ შეცვალა
– სიყვარული რას უნდა შეეცვალა?
– არ ვიცი, ბებია, რა ქვია მაგას მარა იქნება მუახერხო და აგიხსნა. ა, მაგალითად ჩემი სისხლი ხარ და მიყვარდი აგერ შენ..
– ახლა აღარ გიყვარვარ?
– მაცა პაწა. ჰო, და რომ მიყვარდი სულ მინდოდა დამენახე, შენ, სხვაი ჩემიანები, მინდოდა ჩემს გვერდით ყოფილყაით, მწყინდა რომ არ ჩამოდიოდით, ვდარდობდი, თქვენზე ბეურს…
– ახლა?
– სა გეჩქარება, ბებია, მაფიქრე პაწა.! არაა იოლი ასახსნელი…
– არ გაჩქარებ, ლიზიკო, ყურადღებით გისმენ
– ჰო, და მასთე… ახლა რაფერაა იცი? ახლა გამიქრა დარდიც და ფიქრიც. ახლა დილას რომ ავდგები და საღამოს რომ ვწობი გულში ყველას გადავავლეფ თვალს, მოგეფერებით და დაგლოცავთ. ახლა თუ გინდა სულ ნუ დამენახებით, ოღონდ თქვენ იყაით კარგათ…
– ეგ ხომ უფრო დიდი სიყვარულია, ლიზიკო?
– მარტოობაშიმყოფი, იქითმიმავალი ადამიანის სიყვარულია, ბებია
– ,,იქით,, ნუ ჩქარობ, ლიზიკო
– არსა არ მეჩქარება, ნიაზია, მე. არც იქით და არც აქით, მე ახლა ვიტკპოფ ყველა წამს, რომ იცოდე რაფერ მიღოღავს დროი… ასე მგონია ასის კი არა, ორასის ვარ… ორასი წლის პაწა ბაღანა…
– აი ეგ ვერ გავიგე
– თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს, ნიაზი, იი ვითარდება კიდევაც. ჰო, და ე, იმ განვითარებას ბაღნობამდე მიყავხარ
– ყველაფერი გახარეფს, ყოლისფერს უღიმი რაფერც ჩვილი. იმ განსხვავებით, ბებია, რომე უკვე ცხოვრებაგამოვლილი ხარ. შენ გინახავს ამფერი? – პირველად ვხედავ ახლა…
– ბიჯოს! მიმხთარხარ!
– რაღაც ნამეტანი ზერელად მიყურებ, ლიზიკო
– როვა გეკადრება, ბებია! მაი შენ უყურეფ ზერელეთ ცხოვრებას და მაგას ხვედავ მე! მეტი აფერი!
– მეტი აფერი, ხომ?
– პაწა რაცხა კია კიდომ
– რა?
– ფიქრი გიყვარს და დაკვირვებული ხარ. მაი კაია
– ესე იგი მეშველება ?
– რაც გითხარი, მაი უკვე ნაშველია! დროი უნდა და იქნება ქე დაანებო წერას თავი.
– ისე ჩემი არაფერი წაგიკითხავს და იქნება მთლად მასე არა არის ჩემი საქმე?
– მე უფრო უკეთესზე გელაპარიკები, მე რომ გიჩივი იი წერაზე მეტია, ბებია, იი ცხოვრებაა. შენ ახლა რაცხა რომ მოგეწონება კალმით ქახალძე გადაგაქ, ამ დროს რაც შენ მოგეწონება სულ არ ნიშნავს რომ სხვასაც მეეწონება და ბოლოს გამუა რომე ტყულა დაგიხარჯავს დროი. მარა შენ თუ ბაღანასავით დეინახავ ქვეყანას და ყოლისფერს სხვას, დეინახავ სუფთათ, დეინახავ ეჭვის გარეშე, დაგეხურება მაი ორი თვალი და გაგეხსნება მესამე. მაშინ იტყვი
– რაფერი აბდალა ვიყავი მაშინ, თავი რომ ჭკვიანი მეგონაო.
– შენ არ თქვი
– ყველაფერს თავისი დრო აქვსო?
– მაი ჩემამდე თქვეს, მე გევიმიორე… კი აქ, მარა მგონია რომე ამაზე შენ იფიქრეფ და ე, მაი მინდა მე! უფ…რაცხა ვერ ვარ კარგათ
– რატომ?
– მაი არ ვიცი მე. წავალ წამოვწობი პაწა ხანს
ნიაზმა შეამჩნია რომ მოხუცმა ფერი დაკარგა, წამოდგა და, ისე რომ ხელი არ შუშველებია, მოხუცი ოთახამდე მიაცილა. იმ დღის შემდეგ ლიზიკო იშვიათად თუ წამოდგებოდა. ნიაზი არაფერზე შეუწუხებია. თავს თითონ უვლიდა. სადილსაც უმზადებდა ნიაზს. კი ეუბნებოდა ნიაზი – მივხედავ თავს-ო, მაგრამ არ გაუვიდა. მეოთხე დღე იყო რაც ლიზიკო ცუდად გახდა. საღამოსპირას ნიაზს სთხოვა მასთან შესულიყო. ლიზიკოს ფერი კიდევ უფრო დაეკარგა. გამხდარიყო. ფითქინა პაწია ხელები საბნის ზემოდან დაელაგებინა.
– ნიაზი, ბებია, ერთი სათხუარი მაქ
– მთხოვე, ლიზიკო
– ხვალიდან სტუმრები მეყოლება. მე გამიჭირდება ადგომა და სტუმრებსაც და თავსაც შენ უნდა მიხედო
– კარგი, ლიზიკო. ვინ მოვა და რამდენი იქნება?
– დღეს უკვე იყვენ… ხვალ ერთი დეემატება ნიაზი გაოცებულ-დამფრთხალი უყურებდა მოხუცს.
– დღეს ვინ იყო?
– დედა, მამა, ჩემი ძმა, ჩემი და… ხვალ გაბოც მოვა… ვიცი… მიხვდა ნიაზი.
– გაბო ვინ არის ?
– ნიაზია, შენ გგონია მე არ მყავდა შეყვარებული? ფიქროფ რომე სულ მალაზონი ვიყაი? გგონია შეუხადავი ვიყავი?
…კი ვიყავი ერთი ქალი… მიყვარდა გაბო და ველოდებოდი….დიდხანს… არ ჩამევიდა ომიდან…არც ჩემი და მისი ბედი არ იყო… კაი გარეგნობის და ხასაითის იყო… მორცხვი იყო…ერთხელ მაკოცა ლოყაზე… რომ წევიდა მაშინ…ხვალ მუა, ჩემებმა მითხრეს. თურმე უთქვამს – უნდა გათხოვილყოო, მარა მე ვიცი რომ გულში უხაროდა სხვა კაცთან რომ არ დავწეი… ვერ ვქენი…ვერ უღალატე… ხვალ მუა და იმას ვფიქროფ თუ მიცნობს… თითონ 33 წლის არის, მე…აუფ…მოკლედ ხვალ რომ ამოხვალ ჩემებიზა და გაბოზა პრიბორები ამეიტანე, იქინე, ბუფეტ-შკაფი რომაა კაი სერვიზი დევს… ღვინო ჩაციებული გქონდეს… ბოდიში ამდენს რომ გავალეფ, მარა კი გამიგეფ შენ…წაი ახლა და იბორიალე ეზოში ან დეისვენე, მე დღეს მეტს არ შეგაწუხეფ.
– არ ვწუხდები, ლიზიკო
– და კიდომ არ შეგეშინდეს, დღეს არ მოვკტები
– ეგ კარგია – შეეცადა ეხუმრა – მაი კაციშვილმა არ იცის, ამ დროს კაი რაია… წაი ახლა… უხმოდ გავიდა.
იმ ღამით ვერ იძინებდა, მარამ თავს ძალა დაატანა, რადგან ხვდებოდა რომ გამოძინებული უფრო საჭირო იქნებოდა.
ადრინად ადგა.
მეზობელი ბეჟანა დაინახა და მიესალმა.
ერთმანეთი მოიკითხეს. მერე მოხუცის კარზე მორიდებით დააკაკუნა.
ლიზიკომ -შემოდიო- და შევიდა.
– როგორ ხარ, ლიზიკო?
– ა, შემოდიან სტუმრები…
– მოვიტანო?
– კაი იქნება სუფრა ლამაზად გააწყო.
თუ რამ იყო ყოველივე სუფრაზე დაალაგა. თითონ კართან სკამზე ჩამოჯდა. იჯდა ასე ერთი საათი. მოხუცს ხმა არ ამოუღია. ზოგჯერ თუ გაიღიმებდა. მერე:
– მიცნო!…ცრემლი დუუნახე…ეჰ… ნიაზი, აალაგე ახლა მაი სუფრა… კაი ბიჭი ხარ
– წავიდნენ?
– კი
– რატომ არ გამოელაპარაკე?
– უსიტყვოთ უგებდით
– მეიცა!
… ცოტა ხანში:
– ნიაზი, ყურადღებით მომისმინე… ჩემი დასამარხი ფული ლობიით ქოთანი რომ დგანა ბუფეთში იქინე დევს… ქელეხი არ გადეიხადო… მაგ ფულიდან ნახევარი ზურიე ბაჯელიძის ოჯახს მიეცი, რვაი ბაღანა ყავს, უჭირს მაგენს… საფლავზე მარტო აკაციის ჯვარი დაასვე… მეტი არა საჭირო… ზევიდან ბალახი თუ იქნება კაია… სულისახსნა და ორმოცი ქე გადამიხადე… მერე თუ ვინმეს ნახავ ამ სახლ-კარის მომვლელს, ქე დააყენე, თვარა გინდა გაყიდე, გინდა დეიტიე…ხომ იზამ ამ საქმეს, ნიაზია?
– კი….
– კიდომ მაქ სათქმელი
– გისმენ, ლიზიკო
– მიქელ-გაბრიელი იყო ჩემთან…
– რა მინდაო?
– ნიაზია, ნუ გადამრიე, ბიჯო… რა უნდა მიქელ-გაბრიელს არ გაგიგონია?…- სუსტად გაეცინა მოხუცს – ასე მითხრა ოც წუთში მოგაკითხაო… მანამდე ბეჟანას შუუვლიო
– ვინ ბეჟანას? – სწრაფად იკითხა გაოცებულმა ნიაზმა
– ბეჟანა ერთი გვყავს სოფელში, ნიაზია,… შენც იცნოფ
– რას ამბობ, ლიზიკო? სანამ შენთან შემოვიდოდი ბეჟანას მივესალმე! საღ-სალამათი სიმინიდითსავსე გოდრით სახლისკენ მიდიოდა!
– რა ვიცი… ასე კი მითხრა და.. . ნიაზი.. ბებია… პური ჩამიწე ღვინოში და მომეცი…
ასეც მოიქცა.
– მადლობა, ბებია…გეიხარე… შენ არ იცი რამხელა მადლი მეისხი… მე როის და ვინ მნახვდა…
ეს კი თქვა ლიზიკომ და საშინელი წივილ-კივილი ატყდა!
ნიაზი გარეთ გავარდა.
ხმები საიდანაც მოდიოდა იქით გაიქცა. ინსტიქტურად გარბოდა.
გზად ვალიკოს ბიჭი გენოიე შეხვდა:
– რა მოხდა, გენოია, თუ იცი?
– ბეჟანას ნალიაზე გოდრით სიმინდი აქონდა კიბის საფეხური ჩუუტყდა ჩამუარდა ძირს და გლახათ დაარტყა თავი! – ერთამოსუნთქვაზე ამცნო გენადიამ .
– მერე?
– მერე დალია სული!
ნიაზი ლიზიკოს სახლისკენ შეტრიალდა და ახლა იქით გაიქცა.
ეზოში შევარდა, კიბე აირბინა და მოხუცის ოთახის კარი უკვე ფრთხილად შეაღო…
– ნიაზი – სუსტი ხმით დაიძხა
– გისმენ, ლიზიკო
– აგერ ჩემს სასთუმალქვეშ ლოცვების წიგნია…. გვერდი წითელი ძაფით მაქ მონიშნული და წამიკითხე.. ნუ მეტყვი უარს… ნიაზმა წიგნი გადაშალა.
სულისგაყრის წინ წასაკითხი ლოცვები იყო…
სამჯერ დაიკვნესა ლიზიკომ…
რადგან მკითხველს სამი პაუზა ჰქონდა ცრემლის შესაწმენდათ…
ნიაზმა ყოველივე შეუსრულა ლიზიკოს…
ერთი უცნაური რამ მოხდა ლიზიკოს საფლავზე – აკაციის ჯვარის აღმართვიდან მეორმოცე დღეს იგი სიმწვანით შეიმოსა.
მერაბ ჩხაიძე
წინა სტატია

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული ახალგაზრდა 20-21 ივნისის მოვლენებშიც ფიგურირებს

შემდეგი სტატია

ხობში 63 წლის მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა