მთავარი»ეკონომიკა»ციფრული ვალუტის საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება გაორმაგდა

ციფრული ვალუტის საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება გაორმაგდა

8
Shares
Pinterest Google+

 

ციფრული ვალუტის საწარმოების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება, შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა. მწარმოებლების მიერ დახარჯული ელექტროენერგია სამ-ოთხჯერ აღემატება ისეთი მსხვილი კომპანიების მოხმარებას, როგორებიც ,,ჰაიდელბერგცემენტი”, “ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია” და “რუსთავის ფოლადი” არიან. კრიპტოვალუტის “მაინინგს” ქვეყნის ენერგოსისტემა კოლაფსისკენ მიჰყავს.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2019 წლის ივნისში, კრიპტოვალუტის მწარმოებელმა “ბიეფდისიმ” 63.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც შარშანდელ ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე (31.01 მლნ კვტ/სთ) ორჯერ მეტია. ამავე კომპანიამ 6 თვეში ჯამურად, 216.4 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია დახარჯა, რაც 2018 წლის პირველი ნახევრის მაჩვენებელზე (64.01 მლნ კვტ/სთ) 238%-ით მეტია.

რაც შეეხება კრიპტოვალუტის მეორე მსხვილ მწარმოებელს – “ჯეო სერვერსს”, ესკო-ს მიხედვით, 2019 წლის ივნისის ჩათვლით, მას მხოლოდ იანვარში, 12 ათასი კვტ/სთ ელექტროენერგიის მოხმარება უფიქსირდება, გასული წლის განმავლობაში კი – 107.9 მლნ კვტ.სთ.

 ეს ორი კომპანია ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები არიან, ანუ ელექტროენერგიას სადისტრიბუციო კომპანიების გარეშე, თავისუფალ ბაზარზე ყიდულობენ.

ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში დენის მოხმარება თითქმის 20 პროცენტით მოიმატებს. 2017 წლის ბალანსის მიხედვით, მოხმარება 11,875 მილიარდ კვტ/სთ იყო, 2018 წელს – 12,595 მილიარდი კვტ/სთ, 2019 წლის პროგნოზით – 13,376 მილიარდი კვტ/სთ, 2020 წელს კი – 14,188 მილიარდი კვტ/სთ იქნება.

ბალანსის მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზრდება პირდაპირი მომხმარებლების, ანუ მსხვილი კომპანიების ელექტროენერგიის მოხმარება. მოსალოდნელია მზარდი მოთხოვნა “თელასის”, “ენერგო-პრო ჯორჯიასა” და აფხაზეთის აბონენტებშიც.

სახეზეა ელექტროენერგიის არნახულად მზარდი ტენდენცია, რაც არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის გასაჭირი. ამაზე წერენ ამერიკაში, ევროპაში და უკვე ჩვენთანაც საეჭვოდ იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. ეს მაშინ, როცა წარმოება ვერ ვითარდება და დასაქმების მხრივ ვითარება არ უმჯობესდება.

ამ დრო ციფრული ვალუტის გამომმუშავებელ დატა-ცენტრებს სულ უფრო მეტი დენი სჭირდებათ. მაგალითად, ,,ბიეფდისის” მიერ მოხმარებული კილოვატები, მეტია ვიდრე ,,ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის” მოხმარება, რაც წლის პირველ ნახევარში 86 მლნ კვტ/სთ შეადგენს. მისი თვიური მოხმარება კი სამ ოთხჯერ აღემატება ისეთი მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიების თვიურ ხარჯს, როგორებიც ,,ჭიათურ მანგანუმ ჯორჯია”, ,,ჰაიდელბერგცემენტი” და ,,რუსთავის ფოლადი”.

მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისში, “ბიეფდისი”-მ 63.5 მლნ კვტ/სთ მოიხმარა, ,,ჰაიდელბერგმა” – 18.6 მლნ კვტ/სთ, ,,ჭიათურის მანგანუმ ჯორჯიამ” – 8.7 მლნ კვტ/სთ, ხოლო ,,რუსთავის ფოლადმა” – 14.2 კვტ/სთ.

ენერგეტიკოსი, გია არაბიძე ამბობს, რომ ჩვენი მოცულობისა და განვითარების ეკონომიკისათვის, კრიპტოვალუტის საწარმოების განვითარება და დენის ამ მასშტაბის მოხმარება ძალიან არასასურველია. ამის ორი მიზეზი არსებობს:

“ელექროენერგიის მოხმარების ზრდა, თავისთავად პრობლემა, რა თქმა უნდა, არ არის, პირიქით. არსებობს ასეთი კოეფიციენტი, რომ ერთი ბრუნდება სამად, თუმცა ეს არ ეხება კრიპტოვალუტას და სწორედ ესაა მთავარი პრობლემა. ელექტროენერგიის ხარჯვის მატებით არ იზრდება ეკონომიკა. კრიპტოვალუტის წარმოების განვითარება ძალიან კარგია, წელში გამართული ეკონომიკის ქვეყნებისათვის, ჩვენთან კი მას უკუშედეგი მოაქვს, მით უფრო იმ პირობებში, როცა წლიდან წლამდე ზრდიან ხარჯს, საქართველოს კი ამ დეფიციტური დანახარჯის შევსება სხვა ქვყენებში დენის ყიდვით უწევს.

ეს პრობლემა უფრო მწვავედ დადგება 2020 წლიდან, როცა ენგური დაიხურება სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო და ჩვენ უზომოდ ბევრი ელექტროენერგიის შესყიდვა მოგვიწევს. თავისუფალ ბაზარზე ნაყიდი დენი არ დაბრუნდება ეკონომიკაში. ამიტომაა სავალალო, როცა დიდ მწარმოებლებზე მეტი დანახარჯი კრიპტოვალუტის კომპანიებს აქვთ”, -ამბობს არაბიძე ,,რეზონანსთან”.

დენის მოხმარების მასშტაბურ ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა, მისი თქმითაც, მთავარია ამის პარალელურად, გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკაც.

,,ენერგოსისტემის მოწყობისა და მისი მდგრადობის საკითხი არის გადასახედი და შესაცვლელი. მოთხოვნა უნდა იყოს ისეთ დანადგარებზე, რომლებიც ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად იქნება თანაზიარი. აუცილებელია მცირე ელექტროსადგურების აშენება, მაგრამ გლობალური ამოცანაც უნდა გადაიჭრას, რაც ეკონომიკის განვითარების უზრუნველყოფაა. ეს დამოკიდებულია ზამთრის ენერგიაზე, რასაც გარანტირებულ ელექტროენერგიას ვუწოდებთ. ეს იქნება თბოსადგურები, წყალსაცავიანი და სხვა სადგურები (მაგალითად, ნახშირი), რაც სამომავლოდ უნდა აშენდეს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” ჭითანავამ.

რეზონანსი

წინა სტატია

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბიზნესმენ ირაკლი გიორგობიანს ყური მოაჭრა

შემდეგი სტატია

„ იმან დედა შეაგინა და ეტყობა, ამან გულში ჩაიდო“ - ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები