მთავარი»პოლიტიკა»„თუ შეიძლება, რომ ელენე ხოშტარიამ დედა აგინოს ნებისმიერს, შესაძლოა სხვამაც იგივე დამოკიდებულება გამოამჟღავნოს“

„თუ შეიძლება, რომ ელენე ხოშტარიამ დედა აგინოს ნებისმიერს, შესაძლოა სხვამაც იგივე დამოკიდებულება გამოამჟღავნოს“

6
გაზიარებები
Pinterest Google+

თუ შეიძლება, რომ სასამართლოს შენობაში ელენე ხოშტარიამ დედა აგინოს ნებისმიერ ადამიანს და ეს პრობლემა არ არის, მაშინ სხვამაც შესაძლოა იგივე დამოკიდებულება გამოამჟღავნოს, – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ არ ჰქონდა პოლიციას რეაგირება გუშინ „ქართული ოცნების” ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე. მისი შეფასებით, როდესაც ერთი მხარის მიერ უწმაწურ სიტყვების გამოყენებაზე კითხვები ისმება, ასევე კითხვები უნდა დაისვას მეორე მხარის ქმედებებზეც.

ამასთან, მდინარაძის მტკიცებით, „ქართული ოცნების” ოფისთან გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას პოლიციისთვის უცენზუროდ არავის მიუმართავს.

„ყველას ძალიან გთხოვთ, განსაკუთრებით მედიას, როცა ცუდი სიტყვების გამოყენებაზეა საუბარი, ნუ ვიქნებით ტენდენციურები და გავიხსენოთ მაგალითად, სასამართლოს შენობაში ნათქვამი უწმაწური სიტყვები. თუ იმაზე იგივე კითხვები არ ისმება, ამაზეც არ დაისვას. თუ შეიძლება, რომ სასამართლოს შენობაში ელენე ხოშტარიამ დედა აგინოს ნებისმიერ ადამიანს და ეს პრობლემა არ არის, მაშინ სხვამაც შესაძლოა იგივე დამოკიდებულება გამოამჟღავნოს. მიმაჩნია, რომ თუ კითხვები ისმება ერთი მიმართულებით, უნდა დაისვას მეორე მიმართულებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოუწოდა, არ ჩაერიონ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

„ის, რომ პოლიციას ვინმე აგინებდა, მტკნარი სიცრუეა. აღარავინ ვიკადროთ, რომ საზოგადოებას ტყუილები მოვახვიოთ თავს. ყურადღებით ვადევნებ თვალყური და არავის იქ პოლიციისთვის არ შეუგინებია. ზოგადად, გინება და ძალადობა ძალიან ცუდია. ახლა შემიძლია „ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელობას მოვუწოდო და მეტიც, დავალებად მიიღონ, რომ არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ შევიდნენ, რაც არ უნდა ხდებოდეს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეორე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს გულწრფელად სჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ, მათი ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც დღე და ღამე ტყუიან. „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს და მათ სატელიტ პარტიებს ფიზიკური დაპირისპირება აწყობთ და ნუ მივცემთ მათ საშუალებას, რომ დაპირისპირების ფონი შექმნან. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ცუდია, იმიტომ ვაძლევთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას ამ დავალებას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” არ მივცემთ საშუალებას, რომ მათ სცენარში ამოქმედონ ახალგაზრდები.

რაც უნდა მძიმე, პროვოკაციული და ამორალური იყოს მეორე მხრიდან დემონსტრანტების მხრიდან მოქმედება, არ უნდა მივცეთ საშუალება, მათ სცენარში ჩავებათ,”- განაცხადა მდინარაძემ.

წინა პოსტი

„ფრთხილად იყავით, თორემ სახელებით და გვარებით მოგაკითხავთ ყველას“ - გუბაზ სანიკიძე

შემდეგი პოსტი

რატომ გაემგზავრა ნინო ბურჯანაძე შვილთან ერთად მოსკოვში?!