მთავარი»Slider»„თავადაც ხომ ორმაგი მოქალაქე იყო“ -რატომ უთხრა პრეზიდენტმა ინგილო სპორტსმენს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი?

„თავადაც ხომ ორმაგი მოქალაქე იყო“ -რატომ უთხრა პრეზიდენტმა ინგილო სპორტსმენს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი?

14
გაზიარებები
Pinterest Google+

კახის რაიონში მცხოვრები 24 წლის ინგილო სპორტსმენი რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ითხოვს, რომ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებზე არა აზერბაიჯანის, არამედ საქართველოს სახელით იასპარეზოს, თუმცა უშედეგოდ.
საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირმა“ ბაჩო ისაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა, თუმცა ამჯერადაც უარი მიიღო. რატომ იქცა საქართველოს პასპორტი ინგილო სპორტსმენისთვის აუხდენელ ოცნებად, ამაზე „პროგრესნიუსს“ საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტთა კავშირის“ ლიდერი თამად დადიანი ესაუბრა:

– 18 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობას და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტს საინგილოს მკვიდრის, 24 წლის ბაჩო ისაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მივმართეთ.  ეს ადამიანი ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ კახის რაიონში მცხოვრები წარმატებული სპორტსმენი გახლავთ, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოს მოქალაქეობას უშედეგოდ ითხოვს. არის სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ტურნირის გამარჯვებული, მოპოვებული აქვს ევრაზიის თასი კუნგ-ფუ სანდაში, კავკასიის ჩემპიონია ხელჩართულ ჩხუბში, თბილისის პირველობის გამარჯვებულია MMA-ში, არის ასევე კუდოს მესამე კიუს მწვანე ქამრის მფლობელი და კუდოს საქართველოს ჩემპიონი. ბაჩოს ერთადერთი სურვილი აქვს, რომ სპორტულ შეჯიბრებებზე საქართველოს სახელით იასპარეზოს, მაგრამ ამ სურვილის დაკმაყოფილებაზე ყველასგან უარს იღებს. მოგეხსენებათ, რომ საინგილოს ტერიტორია აზერბაიჯანს 1921 წელს გადაეცა. საინგილოში დაბადებული ქართველები პასპორტით აზერბაიჯანის მოქალაქეები, მაგრამ გულით ქართველები არიან. იმისთვის, რომ ევროპის ჩემპიონატზე არა აზერბაიჯანის, არამედ საქართველოს სახელით იასპარეზოს, ბაჩოს საქართველოს მოქალაქეობის ჭირდება, ამიტომ მოქალაქეობის მინიჭების  თხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა, მაგრამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანგი ხუციშვილმა უპასუხა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ისაშვილს ორმაგი მოქალაქეობა არ ეკუთვნის.
_ პრეზიდენტს შეუძლია მოქალაქეობა გამონაკლისის წესით მიანიჭოს, როგორც რუსი ტანმოვარჯის შემთხვევაში მოხდა.
– დიახ, მარია ხარენკოვას უპრობლემოდ მიანიჭეს ორმაგი მოქალაქეობა და 2020 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით გამოვა, ძირძველი ქართული მიწის შვილს კი უარი უთხრეს. საქართველოს მოქალაქეობის კანონში, მოქალაქეობის გამონაკლისი წესით მინიჭების შესახებ წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველო საკუთარ სამშობლოდ მიაჩნია, წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს. ბაჩო ისაშვილი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს და გაუგებარია, მის თხოვნას რატომ აიგნორებენ. განსაკუთრებით გაუგებარია უარი სალომე ზურაბიშვილისგან, რომელიც საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილია, მაგრამ  საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე პრობლემა არ ჰქონია.
_ პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებსაც მიმართეთ, მათგან რა პასუხი მიიღეთ?
_ პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტმა ჩვენი წერილი  იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა, იქიდან კი პასუხი დღემდე არ მოგვსვლია, თუმცა სალომე ზურაბიშვილის უარი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა და ამიტომ მას მინდა მივმართო. ქალბატონო სალომე, მოქალაქეობას ითხოვს საქართველოს ძირძველ მიწაზე დაბადებული ადამიანი, რომელმაც ნებისმიერ ჩვენგანზე უკეთ იცის ქართული ენა, ისტორია და კულტურა და ამ ქვეყნის მოქალაქეობას იმსახურებს. რუსეთის მოქალაქე, რომელსაც დაჩქარებული წესით  მიეცით მოქალაქეობა, თუ აკმაყოფილებდა მოქალაქეობის მიღებისთვის აუცილებელ მოთხოვნებს? თუ ჩააბარა ქართული ენისა და ისტორიის გამოცდა?! დარწმუნებული ვარ, რომ არა. მაშინ რის საფუძველზე მივეცით მოქალაქეობა, პოლიტიკის? საინგილოს შვილები ხომ სალომე ზურაბიშვილის წინაპრების მსგავსად, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლნი არიან? სალომე ზურაბიშვილი რომ ჩამოვიდა, არ უნდა მიეღო საქართველოს? რა თქმა უნდა, უნდა მიეღო, რადგან იგი საქართველოს მიწის შვილია, დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერის შთამომავალია და მის ოჯახს საქართველოს წინაშე დიდი ღვაწლი მიუძღვის. ასევე უზარმაზარი წვლილი მიუძღვის საინგილოში მცხოვრებ თითოეულ ქართველს, რადგან მშობლიური ფესვები და ქართული ენა არ დაივიწყეს. ასე არ შეიძლება, ისინი ჩვენი დები და ძმები არიან და პრეზიდენცის და მთავრობაც  ვალდებულია, რომ ამ ხალხს ხელი შეუწყოს.

„პროგრესნიუსი“

 

წინა პოსტი

ნატა ფერაძეს ნომერი შეეშალა და არჩილ თალაკვაძის ნაცვლად, სხვას აგინა

შემდეგი პოსტი

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ სააკაშვილის გაძევება კანონიერად სცნო!