მთავარი»Uncategorized»თანამედროვე ქართული ლიტერატურით დაინტერსებული სტუდენტებისთვის პროექტი – „წიგნის აკადემია“ – იწყება

თანამედროვე ქართული ლიტერატურით დაინტერსებული სტუდენტებისთვის პროექტი – „წიგნის აკადემია“ – იწყება

0
გაზიარებები
Pinterest Google+

სტუდენტებში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და წერის კულტურის ამაღლების მიზნით, კონრად ადენაუერის ფონდი და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი სტუდენტებისთვის ერთობლივ პროექტს „წიგნის აკადემია“ იწყებს. ახალი პროგრამის ფარგლებში, მწერალი და კრიტიკოსი დავით გაბუნია სტუდენტებს პროექტში ჩართულ ავტორებსა და მათ ნაწარმოებებს წარუდგენს და კრიტიკულ და შემოქმედებით წერაში სემინარს ჩაუტარებს; მწერლები – ლაშა ბუღაძე, ეკატერინე ტოგონიძე და გურამ ოდიშარია კი საკუთარ შემოქმედებას განიხილავენ და ცენზურის, ოკუპაციისა და ძალადობის შესახებ ისაუბრებენ.

სამი თვის განმავლობაში, პროექტში მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ იმუშაონ თანამედროვე მწერლებთან, დეტალურად და სიღრმისეულად გაეცნონ მათ შემოქმედებას და მათ ნაწარმოებებზე დაყრდნობით განიხილონ მნიშვნელოვანი თემები. ავტორები სპეციალური ლექციების ფარგლებში მონაწილეებს მისცემენ წერილობით დავალებას, რასაც მომდევნო შეხვედრაზე მათთან ერთად განიხილავენ.

პროექტის ბოლოს, თითოეული ავტორი გამოავლენს მისთვის საუკეთესო ნაშრომის ავტორს.

პროექტის მონაწილეები კონკურსის გზით შეირჩევიან. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის პირველ და მეორე კურსელ სტუდენტს, რომელიც 1 – 17 მარტის ჩათვლით, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@book.gov.ge გააგზავნის ესსეს თემაზე – „ცენზურა ლიტერატურაში“. ნაშრომების გადარჩევა ორ ეტაპად მოხდება, პირველ ეტაპზე შეირჩევა 30 ესსე, რომელთანაგან 20 საუკეთესოს მენტორი გამოავლენს.

„წიგნის აკადემია“ 30 მარტს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. პროექტი ფარგლებში დაგეგმილი შვიდივე შეხვედრა ვაკის მედიათეკაში გაიმართება. კურსის დასრულების შემდეგ, ჩატარდება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც ავტორები გამოავლენენ მათ რჩეულ ესსებს და მათ ავტორებს და პროექტში ჩართულ თითოეულ მონაწილეს გადაეცემა კურსის დასრულების შესაბამისი სერტიფიკატი.

პროექტი „კონრად ადენაუერის ფონდისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით“, „თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ მულტიმედიური ბიბლიოთეკების ქსელთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

წინა პოსტი

ყურადღება, ლაპარაკობს შავი ბერი-როგორ გაიყიდა დავით გარეჯა?!

შემდეგი პოსტი

ენერგო-პრო ჯორჯიას თანამშრომელი საქართველოს ჩემპიონი გახდა